The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი

მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი
Date of birth:24 April, 1833
Date of death:2 March, 1891  (at 57 years)
Category:Interpreter, Educator, Publicist

Biography

   მიხეილ ყიფიანი დაიბადა 1833 წელს სოფელ ქვიშხეთში.  განათლება გორის სამაზრო სასწავლებელში მიიღო, რომელიც 1849 წელს დაასრულა, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო კავკასიის სამიჯნო სკოლაში და კარგად დაეუფლა ტოპოგრაფიას, რის გამოც როგორც ნიჭიერი და მომზადებული ახალგაზრდა სამიჯნო დარგში სამუშაოდ მიიწვიეს. მიხეილი სამიჯნო სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, ხოლო ამ სკოლასთან დაარსებულ საკვირაო სასწავლებლის ქართველი მოსწავლეებისთვის, ვახტანგ თულაშვილთან ერთად 1862 წელს არითმეტიკის სახელმძღვანელო შეადგინა.

   მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც საქართველოში ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ახალი, მოწინავე იდეების და საზოგადოებრივი მისწრაფებების ფართო გავრცელება დაიწყო, როდესაც ბრძოლამ ძველ კონსერვატულ და პროგრესულ შეხედულებებს შორის მწვავე ხასიათი მიიღო, მიხეილ ყიფიანი გვერდში ამოუდგა ილია ჭავჭავაძეს და „საქართველოს მოამბის“ აქტიური თანამშრომელი გახდა. იგი წერდა სპირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით, ხოლო 1886 წლიდან ამავე ფსევდონიმით წერილებს ათავსებდა „ივერიაშიც“.

    1871 წელს მიხეილმა მუშაობა დაიწყო თერგის ოლქის სამიჯნო სამმართველოში. თავისი უანგარო შრომის მეოხებით მან ხალხის დიდი პატივისცემა დაიმსახურა ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა შორისაც. ილია ჭავჭავაძე მიხეილის სხვა დამსახურებათა შორის აღნიშნავდა მის ზრუნვას ქართულ სკოლებზე. მიხეილს სწავლების განსაკუთრებული მეთოდი ჰქონია, რის მეოხებითაც შეძლო მოსწავლეებისთვის მთელი რიგი საგნები შეეყვარებინა და ამ საგნების სწავლის დიდი ინტერესი აღეძრა. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სწავლის პროცესში თვალსაჩინოების გამოყენებას.

    ქართველი მოზარდი თაობის სიყვარულით მიხეილ  ყიფიანმა ხელი მოჰკიდა სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენა-გადმოკეთებას.

   1864 წელს მიხეილს სხვებთან ერთად შეუდგენია ის ქართული შრიფტი, რომლითაც გაზეთი „დროება“ იბეჭდებოდა და რომელსაც „ვენურ შრიფტს“ უწოდებდნენ.

   1871 წლიდან სამსახურის გამო მიხეილ ყიფიანი საცხოვრებლად ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა, მაგრამ ქართულ საზოგადოებასთან კავშირი არ გაუწყვეტია და „ივერიაშიც“ თუმცა იშვიათად, მაგრამ წერილების გამოქვეყნებას მაინც განაგრძობდა. იგი ყოველთვის დაინტერესებული იყო საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებით და შეძლებისდაგვარად მათ მოგვარებაშიც იღებდა მონაწილეობას.

   მიხეილ ყიფიანი სრულიად ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა 1891 წელს, რამაც გულწრფელი მწუხარება გამოიწვია არა მარტო ქართულ საზოგადოებაში, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა შორისაც.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარე წევრი კავკავში (1886-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:კავკავი

Share: