The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნესტორი (ეპისკოპოსი)

ნესტორი
Legal name:ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი
Date of birth:5 September, 1853
Date of death:29 July, 1938  (at 84 years)
Burial location:ქუთაისი, საფიჩხიას ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის გალავანი, საკურთხეველის აღმოსავლეთით
Category:Publisher, Historian, Scientist, Writer, Educator, Publicist, Religious leader

Biography

    ნესტორი ყუბანეიშვილი დაიბადა 1853 წელს ქუთაისიის მაზრის სოფელ მუხაყრუაში მღვდლის ოჯახში.

    1867 წელს წელს ჩააბარა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, დაამთავრა 1871 წელს და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში და დაამთავრა 1877 წელს. იმავე წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მოსამზადებელ კლასებში არითმეტიკისა და საღვთო სჯულის სწავლება დაევალა, ხოლო 1878 წელს ძველი და ახალი აღთქმის, კატეხიზმოსა და საეკლესიო ტიპიკონის მასწავლებლად დაინიშნა, მოგვიანებით კი მართლწერის სწავლებაც შეითავსა. დროებით აღნიშნული სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწის მოვალეობას ასრულებდა.

    1882 წელს ნესტორ ყუბანეიშვილს კოლეგიის მდივნის წოდება მიენიჭა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადაიყვანეს უმაღლეს კლასებში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1883 წელს "ტიტულარული მრჩევლის" წოდება მიენიჭა და იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა. ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ბარ-საჯავახოს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დანიშნა.

    1883 წელს მღვდელი ნესტორი  გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. ერთი წლის შემდეგ, მამა ნესტორის ინიციატივით, ტაძართან გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც საღვთო სჯულს თავადვე ასწავლიდა. 1884 წელს მამა ნესტორი სამი წლის ვადით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. მისი მეცადინეობით, ბარ-საჯავახოს ეკლესიაში დაიგო ქვის იატაკი, მანვე პირადი ხარჯებით შეიძინა და ტაძარს შესწირა ახალი ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი.

    1886 წელს მამა ნესტორი საგვერდულით დაჯილდოვდა, ხოლო 1887 წელს ხონის სამრევლო-საეკლესიო სკოლების საგამოცდო კომისიის წევრად დაინიშნა და იმავე წელს ქუთაისის წმ. ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში მეოთხე მღვდლის ადგილზე დაინიშნა. 1887 წელს ხელმეორედ აირჩიეს  ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მმართველი კომიტეტის წევრად. მამა ნესტორი გათავისუფლდა მთავარხუცესობიდან, საკათედრო ტაძრიდან და ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო 1888 წელს ქუთაისის ეკლესიების სასულიერო გამომძიებლად დაადგინეს.

   1888 წელს ნესტორ ყუბანეიშვილი წმ. გიორგის ახალი ტაძრის ამშენებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს და ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე წელს ქუთაისის სანთლის ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. 1889 წელს ჩუნეშის ოლქის, ხოლო 1890 წელს ქუთაისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა.  1890 წელს სოფელ  ახალბედისეულის მთავარანგელოზთა ეკლესიის განახლებისათვის ეპისკოპოსმა გაბრიელმა მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა, სანთლის ქარხანაში კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ქების სიგელი მიიღო და სკუფია ებოძა.

   1892 წელს მამა ნესტორი იმერეთის ეპარქიის საეკლესიო ხაზინის მოწმედ დაინიშნა და სამი წლის ვადით აირჩიეს იმერეთის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრად. 1893 წელს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1894 წელს ახლად გახსნილი ქუთაისის სასულიერო სემინარიის სამეთვალყურეო საბჭოში შეიყვანეს.  სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა დიმიტრიმ დროებით დააკისრა მდივნის მოვალეობის შესრულება და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის შემოსავალ-გასავლის წიგნების სარევიზიო კომიტეტის წევრად დანიშნა.

   1896 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო, ამავე წელს ქუთაისის გოჭოურას სასაფლაოს ეკლესიის განახლების კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს და 1897 წელს ქუთაისის სასწავლო საბჭოს სამაზრო განყოფილების ხაზინადრად დანიშნეს.

   1899 წელს მამა ნესტორი ხელმეორედ აირჩიეს ქუთაისის სემინარიის სამეთვალყურეო საბჭოში და იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) წლების განმავლობაში პატიოსანი და თავდადებული სამსახურისათვის სასწავლებლის სახელით მადლობა გამოუცხადა და დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1903 წელს წმინდა სინოდმა  თორმეტწლიანი დამსახურებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მთავარხუცესად დაამტკიცა და წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 1905 წელს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. ამ პერიოდში დროებით ასრულებდა იმერეთის ქალთა საეპარქიო სასწავლებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის მოვალეობას, ხოლო  1906 წელს ქუთაისის მთავარნგელოზთა სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად დაინიშნა. მალევე  იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ქუთაისის საკათედრო ტაძარში მეოთხე მღვდლის ადგილზე დაადგინა. 1907 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. ამავე წელს წითელი ჯვრის საზოგადოების მედლით დააჯილდოვეს.

    1908 წელს მამა ნესტორს გარდაეცვალა მეუღლე, თეკლა გრიგოლაშვილი. ამ ტრაგიკულმა ამბავმა მოძღვარს მიაღებინა გადაწყვეტილება, მონასტერში გაეგრძელებინა საეკლესიო მოღვაწეობა და 1909 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა ნესტორი იმერეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაადგინა. იმავე წელს რუსეთის წმინდა სინოდმა დეკანოზი მოწამეთას წმინდა დავით და კონსტანტინეს სახელობის მონასტრის წინამძღვრად გამოარჩია, ხოლო 1910 წელს გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში იმერეთის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) მამა ნესტორი ბერად აღკვეცა და არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა.  მამა ნესტორის წინამძღვრობის დროს მოწამეთას მონასტერში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. გარემონტდა ტაძრის შიდა სივრცე, სამრეკლო, განახლდა კანკელი და მოოქროვდა ხატები, შეკეთდა წყალსადენი, მონასტრის ეზოში გაკეთდა რკინის ახალი მოაჯირი, აშენდა ქვის კიბე და ახალი ხიდი.

    1912 წლიდან არქიმანდრიტი ნესტორი კახეთში გადაიყვანეს და შუამთის, ალავერდისა და აწყურის თეთრი გიორგის მამათა მონასტრების წინამძღვრად დაინიშნა. 1912 წელს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ მამა ნესტორი გაწეული ღვაწლისათვის წმინდა ნინოს ვერცხლის ჯვრით დააჯილდოვა, 1913 წელს  რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ჯვარი და მედალი მიიღო, ხოლო 1914 წელს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს.

   1915-1918 წლებში არქიმანდრიტი ისევ მოწამეთას მონასტრის წინამძღვარია. 1917 წლის 12 მარტს (ძვ. სტ.) სვეტიცხოვლის საპატრიარქი ტაძარში ქართველმა სამღვდელოებამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგენილად გამოაცხადა. ამავე წლის აპრილის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის დროებითმა აღმასრულებელმა კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი (ალადაშვილი). ეპარქიის მართვა დაევალა საქართველოს საკათოლიკოსო ეკლესიის მმართველობის იმერეთის განყოფილებას, რომლის თავჯდომარედ მოწამეთას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნესტორი დაინიშნა. იგი ამ თანამდებობაზე 1917 წლის პირველ საეკლესიო კრებამდე იმყოფებოდა. ამ კრებაზე შეიქმნა ქუთაისის ეპარქია, რომლის მმართველად გორის ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) აირჩიეს. 1917 წლის 2 ოქტომბერს მეუფე ანტონი ქუთაისში ჩამოვიდა, მამა ნესტორმა მას  ეპარქიის საქმეები გადააბარა და თავად კვლავ მოწამეთას მონასტერს დაუბრუნდა. 

   1919 წელს არქიმანდრიტი ნესტორი გელათის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. როდესაც იგი ამ თანამდებობაზე დაინიშნა, მონასტრის ეკონომიური მდგომარეობა ძლიერ სავალალო იყო. ხელისუფლებამ მას კუთვნილი მამულები, ტყე, საყანე ადგილები და წისქვილი ჩამოართვა. მონასტრის შემოსავალი ძალზე მცირე იყო და ბერები ნივთიერ გაჭირვებას განიცდიდნენ. აი, რას წერდა 1919 წელს არქიმანდრიტი ნესტორი გელათის მონასტრის გაჭირვების შესახებ გაზეთ „ჩვენი ქვეყნის“ ფურცლებზე: „გელათის მონასტერი საქართველოს დიდებაა. ქართველისათვის გელათი არის სარწმუნოებრივი სიწმინდე და ეროვნული საუნჯე. გელათი არის ნაშთი მსოფლიო სასახელო ხელოვნებისაც და ქართული ხუროთმოძღვრებისაც, რვაასი წელიწადი ეს ისტორიული ძეგლი მჭევრმეტყველად ღაღადებს საქართველოს ერის ღირსებას და დიდებას. თუ ქართველი ერი ეცდება, ეს ძეგლი სამუდამოდ იქნება და მომავალ საუკუნეთა მიმდინარეობა მას ვერ შეარყევს. ქართველი ერის მოვალეობაა, ეს დიდებული ისტორიული განძი დაიცვას, შეინახოს და მომავალ თაობას უვნებლად გადასცეს. თუ ქართველი ერი ისევ ქართველია, გელათი ვერც გარეშე მტერმა უნდა წაიღოს და ვერც სტიქიონმა დაანგრიოს. თუ ქართველი ისევ ქართველია, გელათს ჭირისუფალი არ უნდა მოაკლდეს. საქართველოს მთავრობაც და ყოველი მოქალაქეც მოვალეა ისტორიის და ერის წინაშე გელათს მოუაროს და ისე მოაწყოს, რომ იქ მისვლა და ყველაფერის დათვალიერება გაადვილდეს, რომ ამით სულიერი საზრდო მიიღოს და უზენაესი სიამოვნებაც განიცადოს მლოცველმაც და სიძველეთა მნახველ-მკვლევარმაც. ამჟამად განზრახულია გელათის მონასტერს და რკინიგზის სადგურს შორის ავტომობილით მიმოსვლა გამართონ, მონასტერში ელექტრონით განათება მოაწყონ და სხვადასხვა ტექნიკური გაუმჯობესობა მოახდინონ, ამისთვის გელათის მონასტრის ძმობა წინამძღვრის მეთაურობით და სასულიერო მთავრობის სათანადო ნებართვით საქართველოში შეწირულობას აგროვებს და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყოველი ქართველი შეძლებისდაგვარად წვლილს გამოიღებს და ძმათა კეთილი განზრახვა მალე განხორციელდება. ყველამ უნდა ეცადოს, რომ გელათის გაუმჯობესებაში მასაც წილი ედვას. გელათისათვის შეწირულების გაღება ქველმოქმედებაც არის და სამშობლოს სამსახურიც. ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეეწიოს და კეთილ ეყოს ყოველ შემომწირველს.“  1923 წლის 5 ივნისს მთავრობის განკარგულებით დაიკეტა გელათის მონასტერი და იქ მოღვაწე ბერებს გამოუცხადეს, ერთი კვირის განმავლობაში დაეტოვებინათ მონასტერი. ამავე წლის 21-25 აგვისტოს მოხდა გელათის მონასტრის ქონების დეტალური აღწერა. შემდგომში ეს ნივთები ქუთაისის საისტორიო-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაიტანეს, რომლის დირექტორიც მამა ნესტორის სიძე, ერთადერთი ქალიშვილის ოლღას მეუღლე, ტრიფონ ჯაფარიძე გახლდათ. არქიმანდრიტი ნესტორი იძულებული გახდა საძმოსთან ერთად, მონასტრიდან წასულიყო. იგი ქუთაისში, საკუთარ სახლში დაბინავდა.

    1924 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, ურბნელმა ეპისკოპოსმა ქრისტეფორემ (ციცქიშვილი) და ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმონმა (ჭელიძე) არქიმანდრიტ ნესტორს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და ბათუმ-შემოქმედის ეპარქია ჩააბარეს. 1926 წლიდან მეუფე ნესტორი ჭყონდიდის ეპარქიაში გადაიყვანეს, 1928 წელს ცაგერის ეპარქიაში დაინიშნა, ხოლო 1929 წლიდან  წილკნელი მღვდელმთავარია.

   1930 წლის 29 ივლისიდან, თავისი თხოვნის საფუძველზე, მეუფე ნესტორი პენსიაზე გავიდა და ქუთაისში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. 1935 წლის 10 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით, ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე შეხვდა და ესაუბრა პენსიაზე მყოფ ეპისკოპოს ნესტორს. მამა ვასილმა მას გადასცა უწმინდესი კალისტრატეს დანაბარები, რომ იგი სათავეში ჩასდგომოდა დაქვრივებულ ქუთაის-გაენათის ეპარქიას, მაგრამ მეუფე ნესტორმა, სიბერისა და უძლურების გამო, უარი განაცხადა.

   მეუფე  ნესტორი ავტორია რამდენიმე სასულიერო შინაარსის წიგნისა: „სახელმძღვანელო საღმრთო სჯულის სასწავლებლად“, „შემოკლებული ძველი და ახალი აღქთმის ისტორია“, „ახსნითი ლოცვები“, „ათი მცნება და სიმბოლო სარწმუნოებისა“, „საიდუმლოების ახსნა“, „ქრისტეს ეკლესია და პირველი ქრისტიანების ცხოვრება“, „ქრისტეს სწავლის გავრცელება“, „ღირსი მამა დავით გარესჯელი“, „ცოლ-ქმრობა“, „გზა ცხოვრებისა“ და სხვა.

   მეუფე ნესტორი, 1938 წლის 29 ივლისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის გალავანში, საკურთხეველის აღმოსავლეთით.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების საპატიო წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მუდმივი წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1914 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
  • 1912 - წმინდა ნინოს ვერცხლის ჯვარი
  • 1907 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1903 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1896 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Share: