Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე![]()
Biographyმიხეილ შარაშიძე დაიბადა 1864 წლის 15 მაისს სოფელ ინტაბუეთში (ოზურგეთის რაიონი). პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. მოგვიანებით ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, მაგრამ ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სწავლისათვის თავი დაენებებინა. 1879 წელს მიხეილი შევიდა ფოთის ექვსგანყოფილებიან სასწავლებელში, რომელიც წარმატებით დაამთავრა და 1885 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ჩრდილო კავკასიაში მიავლინეს, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლო წასვლა და ხელი მიჰყო კერძო მასწავლებლობას. 1889 წელს მიხეილ შარაშიძე მასწავლებლად დაინიშნა თბილისში ტერ–აკოპოვის კერძო პანსიონში, ხოლო ერთი წლის შემდეგ თბილისის მაზრის სოფ. თელოვანის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს. 1891 წელს "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით მიხეილ შარაშიძე ბათუმში გაიგზავნა ამავე საზოგადოების მიერ გახსნილი პირველი ქართული სკოლის გამგის თანამდებობაზე. მისი კანდიდატურა ილია ჭავჭავაძემ წამოაყენა. მიხეილი დაბეჯითებით იცავდა სკოლაში საგნების მშობლიურ ენაზე სწავლების პრინციპს, რუსული ენის სწავლებას მოითხოვდა მეორე კლასიდან. ბათუმში მისი პედაგოგიური მოღვაწეობა მხოლოდ სკოლით არ შემოიფარგლებოდა. იგი მოსახლეობაში ავრცელებდა ქართულ წიგნებს, ატარებდა საუბრებს საქართველოს ისტორიის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნავდა რომ ქართველებსა და აჭარლებს შორის მხოლოდ სარწმუნოებრივი განსხვავებაა და ისინიც იგივე ქართველები არიან, უბრალოდ ისტორიის ბედუკუღმართობით სამშობლოს მოწყვეტილნი. "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის დავალებით 1891 წელს ბათუმის ქართულ სკოლას შემოწმების მიზნით ალექსი ჭიჭინაძე ესტუმრა. შემოწმების შედეგად მოსწავლეთა ცოდნა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. 1893 წლიდან მიხეილი გადაიყვანეს ძველი სენაკის პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებლად, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ბათუმში დაბრუნდა ლებედევის კერძო პანსიონში. მიხეილ შარაშიძე სხადასხვა დროს მუშაობდა ქობულეთის უმაღლეს–დაწყებითი სასწავლებლის გამგედ და ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის და უმაღლეს–დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად. 1919 წლიდან მიხეილი ისევ ბათუმში დაბრუნდა ქალთა უმაღლესი სასწავლებლის გამგედ, რომელიც 1922 წლიდან მესამე საბჭოთა სკოლად გადაკეთდა და იგი კვლავ გამგედ დაინიშნა. ბათუმის მესამე სკოლაში მიხეილ შარაშიძემ 1928 წლამდე იმუშავა და დიდი ავტორიტეტიც დაიმსახურა საზოგადოების წინაშე. მიხეილ შარაშიძე 40 წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეუნელებელი ენერგიით ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. მიხეილ შარაშიძე გარდაიცვალა 1930 წლის ოქტომბერში, დაკრძალულია ბათუმში. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |