The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე

ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე
Date of birth:10 February, 1875
Date of death:1959  (at 83 years)
Category:Educator

Biography

    ანდრო შუბლაძე დაიბადა 1875 წლის 10 თებერვალს სოფელ დიდ ჯიხაიშში ღარიბი გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, ხოლო 1892 წელს ხონის საოსტატო სემინარიაში შევიდა, რომელიც 1896 წელს დაასრულა.

    პედაგოგიური მოღვაწეობა  დიდი ჯიხაიშის ორკლასიან სკოლაში დაიწყო. ამ წლებში მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა ბიბლიოთეკა–სამკითხველო, რომლისთვისაც ბინის მოსაპოვებლად, ჟურნალ–გაზეთების გამოსაწერად და წიგნების შესაძენად საკმაო თანხა იყო საჭირო. ამ თანხის შესაგროვებლად და შემოწირულობების მისაღებად ანდრო შუბლაძე სოფელში წარმოდგენებს მართავდა. ანდროს შუბლაძისა და ექიმების – ვალერიან და ანდრო ლორთქიფანიძეების ინიციატივით დიდ ჯიხაიშში დაარსდა პატარა სამკურნალო სახლი, სადაც შემდეგ ცნობილი ექიმი ივანე გომართელი იქნა მიწვეული. ამავე დროს ანდრო შუბლაძის თაოსნობით და მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაარსდა შემნახველ–გამსესხებელი ამხანაგობა.

   1902 წლიდან ანდრო მიიწვიეს ძველი სენაკის სკოლის ქართულის მასწავლებლად და ამის შედეგი იყო ის, რომ მისი პიროვნება როგორც პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწისა ცნობილი გახდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა" და მისი სკოლების გარშემო შემოკრებილი მოღვაწეთათვის.

    1911 წელს ანდრო შუბლაძე ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გადაიყვანეს მასწავლებლად, რომელიც თბილისის ქართულ გიმნაზიასთან ერთად მთელს ამიერკავკასიაში მოწინავე სასწავლებელი იყო.  გარდა მასწავლებლობისა, იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ისეთი საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, როგორიც იყო საკვირაო სკოლები, "დრამატული საზოგადოება", "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის ფილიალი, სახალხო უნივერსიტეტი, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება და სხვა.

   ანდრო შუბლაძეს გამოცემული აქვს: "სახმო წესით კითხვის სწავლება", რომელსაც იაკობ გოგებაშვილისა და ლუარსაბ ბოცვაძის დიდი მოწონება დაუმსახურებია და "არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვითი სავარჯიშოების კრებული პირველდაწყებითი სკოლებისთვის".

    1916 წელს დაარსდა დასავლეთ საქართველოს მასწავლებელთა კავშირი, რომლის გამგეობის წევრად ანდრო შუბლაძე აირჩიეს. 1922 წელს მის მშობლიურ სოფელ დიდ ჯიხაიშში სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი გაიხსნა და იგი სიამოვნებით დათანხმდა დირექტორად მუშაობას, სადაც 1930 წლამდე იმუშავა, ხოლო შემდეგ იგივე თანამდებობაზე წინამძღვრიანთკარში იმავე პროფილის ტექნიკუმში.

    1932 წლიდან ანდრო შუბლაძე თბილისში გადმოვიდა და დედაქალაქში გააგრძელა პედაგოგიური მოღვაწეობა სხვადასხვა სპეციალურსა და ზოგადი განათლების სასწავლებლებში.

    ანდრო შუბლაძე აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ–გაზეთებში  ფსევდონიმებით: "ჯიხაიშელი" და "ანშინი".

    ანდრო შუბლაძე გარდაიცვალა 1959 წელს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)

Awards and Honors

  • 1935 - საქართველოს სსრ შრომის გმირი

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: