The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლევან ლევანის ძე ჩერქეზიშვილი

ლევან ლევანის ძე ჩერქეზიშვილი
Other name:ჩერქეზო
Date of birth:17 October, 1853
Date of death:24 June, 1930  (at 76 years)
Category:Public Figure, Entertainer

Biography

    ლევან ჩერქეზიშვილი დაიბადა 1853 წლის 17 ოქტომბერს თელავის მაზრის სოფელ იყალთოში ლევან ჩერქეზიშვილისა და ბარბარე მაყაშვილის ოჯახში. მამით ადრე დაობლებულმა, ბავშვობა კახეთში გაატარა. სწავლობდა თბილისის პირველ გიმნაზიაში. სწავლის პერიოდში გიმნაზიის მოწაფეებმა შექმნეს ჯგუფი, სადაც რუსეთის გამოჩენილ მოაზროვნე-მწერალთა ნაწერებს გატაცებით კითხულობდნენ, რამაც მათ თვითმპყრობელობის წინააღმდეგ სიძულვილი ჩაუნერგა და დაარწმუნა, რომ მეფის მთავრობა არის ხალხის მჩაგვრელი და არა მცველი.

    1870 წელს ჩერქეზიშვილმა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც იმ დროის რუსეთის უნივერსიტეტებში მოსწავლე ახალგაზრდობას დაუახლოვდა, რომელთაც არალეგალური წრე ჰქონდათ დაარსებული, აკრძალულ წიგნებს კითხულობდნენ და ხალხში სამოღვაწეოდ გასასვლელად ემზადებოდნენ. წრე უმთავრეს ყურადღებას აქცევდა მთავრობის მიერ ხალხის მჩაგრავ მოქმედებას. ხალხის უზომო ტანჯვა-წამებისა და მთავრობის უსამართლობის მოსასპობად ჯგუფს საჭიროდ მიაჩნდა თვით ხალხში მუშაობა და მისი გათვითცნობიერება. ამ მიზნით ჯგუფის წევრთა ერთი ნაწილი თუ უმაღლესი სწავლის დამთავრებამდევე გავიდა ხალხში, მეორე ნაწილმა სწავლა განაგრძო, რომ უფრო მომზადებული დაბრუნებოდა ხალხს. ჯგუფის ამ ნაწილს ეკუთვნოდა ჩერქეზიშვილიც, რომელიც რუსეთის სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის მთავრობის მიერ დევნის გამო სამშობლოში დაბრუნდა, თან წამოიღო გზად გადასაცემი არალეგალური წიგნები და გზადაგზა ხალხოსანთა აზრებს ავრცელებდა. თბილისში დაბრუნებული ჩერქეზიშვილი ხალხოსნების ჯგუფში გაერთიანდა, რომელიც უმთავრესად მხატვარ გიგო გაბაშვილის სტუდიაში იკრიბებოდა.

    ლევან ჩერქეზიშვილმა საქართველოში რევოლუციური მუშაობა გააჩაღა და ხალხოსნური იდეების გასავრცელებლად გარეკახეთში, სოფელ საგარეჯოში წავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საგარეჯოს დეპოს მუშაობაში.

     1875 წლიდან ივანე ჩერქეზიშვილმა აქვსენტი ცაგარელთან ერთად თბილისის სცენაზე დაიწყო მუშაობა. 1876 წელს, სოფელ საგარეჯოში, პირველად მისი რეჟისორობით დაიდგა ალექსანდრე ცხვედაძის „ბედნიერი ქორწილი“. საგარეჯოშივე დადგა რამდენიმე პიესა და წარმოდგენებს მართავდა ხაშმში, თოხლიაურსა და მანავში. იგი ამ გზით ცდილობდა გლეხებთან დაახლოებას, მათ შორის სარევოლუციო იდეების გავრცელებას და მთავრობის საწინააღმდეგო აგიტაციის წარმოებას.

      1876–1877 წლებში თბილისში კერძო მასწავლებლობას მიჰყო ხელი და პარალელურად ქართლის სოფლებსა და ქუთაისში ხალხოსანთა საორგანიზაციო და იდეოლოგიურ მუშაობაში ჩაერთო და ეხმარებოდა დევნილ-გადასახლებულ რევოლუციონერებს.

     1877-1878 წლებში, პოლიტიკური საქმიანობის გამო მეფის მთავრობამ ჩერქეზიშვილი ორჯერ  მეტეხის ციხეში ჩასვა სასტიკი მეთვალყურეობის ქვეშ. იგი ციხიდან გათავისუფლების შემდეგაც არ ჩამოშორებია რევოლუციურ მუშაობას და  მისი ბინა ხშირად რევოლუციონერი ემიგრანტების თავშესაფარი იყო.

      1886 წლიდან ლევან ჩერქეზიშვილი თბილისის საადგილმამულო ბანკის დამფასებელი კომისიის წევრად იქნა არჩეული, სადაც 35 წელი იმსახურა.

     ლევან ჩერქეზიშვილი გაედაიცვალა 1930 წლის 24 ივნისს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Bibliography


Share: