The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი კონსტანტინეს ძე ჩიჩუა

გიორგი კონსტანტინეს ძე ჩიჩუა
Date of birth:1838
Date of death:1924  (at 86 years)
Category:Agronomist, Businessmen

Biography

    გიორგი ჩიჩუა დაიბადა 1838 წელს სენაკის მაზრის სოფელ უფალკარში. წერა-კითხვა სახლში დედამ,  ეკატერინე მიქელაძემ შეასწავლა, რომელმაც კარგად იცოდა ქართული და რუსული წერა-კითხვა და იმ დროისათვის განათლებულ ქალად ითვლებოდა.

     გიორგიმ მარტვილის ორკლასიანი სასწავლებელი დაამთავრა და სამსახური დაიწყო ქალაქ ქუთაისში. დიდ ყურადღებას აქცევდა სოფლის მეურნეობას, კერძოდ სუბტროპიკული კულტურებისა და შემოსავლიანი დარგების განვითარებას. სამეგრელოს რაიონში მან პირველმა გააშენა დაბლარი ვაზის ჯიშები: ცოლიკაური და საფერავი. კარგად ჰქონდა მოწყობილი საკუთარი მამული, რომელიც საცდელ და საჩვენებელ ნაკვეთს წარმოადგენდა სოფლის გლეხობისთვის.

    გიორგი ჩიჩუა განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიყვარულს იჩენდა ღარიბ გლეხთა ბავშვების მიმართ. მან სოფელ უფალკარში პირველი დაწყებითი სკოლა დააარსა, სადაც გლეხის შვილებს სწავლის საშუალება ჰქონდათ. გიორგი მატერიალურად ეხმარებოდა მოსწავლეებს და საკუთარი სახსრებით იძენდა მათთვის სახელმძღვანელოებს, სასკოლო ინვენტარსა და სხვა საჭირო ნივთებს.

     ნაყოფიერ მუშაობას ეწეოდა გიორგი ჩიჩუა, როგორც დასავლეთ საქართველოს საუფლისწულო მამულების ბანკის ხელმძღვანელი. ამ პოსტიდან იგი ეხმარებოდა და ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფულად დახმარებას უწევდა სასოფლო-სამეურნეო სკოლებს.

   გიორგი გააფთრებული ებრძოდა ჩვენს სკოლებში გამეფებულ ანტიპედაგოგიურ პირობებს. იგი დარწმუნებული იყო, რომ მოზარდი თაობის ნორმალური სწავლა-განათლება მხოლოდ მშობლიური ენის საშუალებით იყო შესაძლებელი.

   გიორგი ჩიჩუას მეფის მოხელე შემოაკვდა და  შორეულ ციმბირში, კერძოდ ასტრახანში გადაასახლეს, სადაც იგი დაუახლოვდა ასევე გადასახლებაში მყოფ ნ.გ. ჩერნიშევსკის. ასტრახანში გიორგიმ გააშენა აბრეშუმის პატარა პლანტაცია, რომლითაც დაინტერესებულა ჩერნიშევსკი.

    როგორც ჩერნიშევსკის წერილებიდან და სხვა საბუთებიდანაც ჩანს 1889 წელს გიორგი ჩიჩუას აბრეშუმის პარკი და მეაბრეშუმეობის სხვა ექსპონატები გაუგზავნია სარატოვში სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე, სადაც მის წარდგენილ ექსპონატებს განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია, გამოუფენიათ მთავარ პავილიონში  და შეფასებულა როგორც საუკეთესო. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გიორგი ჩიჩუას მიერ წარდგენილ ექსპონატებს მიეცა შეფასება: „ პარკი ძალიან კარგი ხარისხისაა და ეკუთვნის აზიურ ჯიშებს, რომლებიც ამიერკავკასიაში მოჰყავთ“.

    გამოფენის კომიტეტის დადგენილებით გიორგი ჩიჩუას ასტრახანში წვრილ მეურნეობათა არსებობის პირობებში მეაბრეშუმეობის წარმატებით გავრცელებისთვის ბრინჯაოს მედალი მიაკუთვნეს.

    დიდ ყურადღებას იმსახურებს გიორგი ჩიჩუას მიერ 1889 წელს გამოცემული ნაშრომი: „Очерк деятельности станции шелководства Г.К. Чичуа в Астрахани“, რომელშიც ვრცლად არის გაშუქებული სადგურის დაარსების ისტორია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ასტრახანში მეაბრეშუმეობის განვითარების საქმეში და სადგურისთვის თესლი გ. ჩიჩუას სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების თბილისის ორგანიზაციიდან ჰქონდა გამოწერილი.

    1889 წელს გიორგი ჩიჩუა გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდა და მაშინვე ჩაება სოფლის მეურნეობის ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგების განვითარების საქმეში, როგორიც იყო მეაბრეშუმეობა და მეჩაიეობა.

     ი.ნ. კლინგენის წიგნიდან ირკვევა, რომ გიორგი ჩიჩუას იმ დროს აქტიური მონაწილეობა მიუღია ჩვენში ჩაისა და სუბტროპიკული მეურნეობის საფუძვლის ჩაყრაში. კლინგენი წერს: „ჩემთან მოვიწვიე განათლებული მემამულე-მეურნე, მეგრელი თავადი გიორგი ჩიჩუა, რომელიც ჩინებულად იცნობს თავის ქვეყანას და ადგილობრივ ყოფა-ცხოვრებას სამეგრელოში. მან ძვირფასი სამსახური გაგვიწია იმით, რომ ამიერკავკასიის მეურნეთა შორის ბევრი ნაცნობი ჰყავს... ჩვენი პატარა ქარავნის ხელმძღვანელის თავად ჩიჩუას შემწეობით ისიც კი მოვახერხე, რომ იტალიური კოლონიების შუასაუკუნეოებრივი კულტურის ნაკვალევისთვისაც მიმეგნო: პარკები, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილა ძველთაძველი ზეთისხილის ძირკვები და აგრეთვე ძალიან ძველი, მაგრამ უფრო მოგვიანო ხანის კეთილშობილი დაფნის ხეივნები“.

    გიორგი ჩიჩუას მეგობრის, მწერალი ქალის ფუცუ დგებუაძე-ფულარიას სიტყვით იგი იყო სიტყვამოსწრებული და თავისი ქვეყნის კეთილდღეობისათვის დაუღალავად მშრომელი,   უაღრესად გულკეთილი ადამიანი, რომლის თაოსნობითაც სოფლად ხსნიდნენ სკოლებს, გაჰყავდათ გზატკეცილები და რომელიც დაუზარებლად ზრუნავდა პროგრესისათვის. 24 წლის ასაკში თამადა იყო ილია ჭავჭავაძის სტუმრობისას სამეგრელოში მექი ფაღავასთან ერთ–ერთ სუფრაზე.

    გიორგი ჩიჩუა დახვრიტეს 1924 წელს 86 წლის ასაკშიდასახვრეტად რომ მიჰყავდათ, ჩოხაში შემოსილა და უთქვამს: ლამაზად უნდა შეხვდეს მამაკაცი სიკვდილსაცო...

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი (1910-)

Bibliography

  • ქართველი აგრონომები : თენგიზ ჩხეიძე. - თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962

Share: