შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ზაქარია (ზაქრო) იოსების ძე ჩოდრიშვილი![]()
ბიოგრაფიაზაქარია ჩოდრიშვილი დაიბადა 1869 წლის 10 თებერვალს სიღნაღის მაზრის სოფელ ვაქირში. ექვსი წლისა თბილისის თუთუნის ქარხანაში მიაბარეს, რის შემდეგ უფროსმა ძმამ მიხამ თავისთან წაიყვანა და ზეიცერის ქარხანაში სადურგლო საქმიანობა და წერა-კითხვა შეასწავლა. 1878-1881 წლებში თბილისის საქალაქო სკოლა დაამთავრა და სახელოსნო სასწავლებელში განაგრძო სწავლა. 1888 წელს თბილისის რკინიგზების მთავარ სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. სამუშაო პირობების გამო 1889 წელს გაფიცვა მოაწყო, რისთვისაც სამსახურიდან დაითხოვეს. 1891 წელს ბათუმში ნობელის (ზოგი ცნობით, როტშილდის) ქარხანაში დაიწყო მუშაობა, სადაც ეგნატე ნინოშვილსა და მოწინავე მუშებს დაუახლოვდა. 1892 წელს მუშათა პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქაც გაფიცვა მოაწყო და აქედანაც დაითხოვეს. ცოტა ხანი მტვირთავად მუშაობდა, ხოლო 1895 წელს გაზეთის დამტარებლად მოეწყო. 1896 წლამდე ხალხოსანთა (ნაროდნიკების) მიმდევარი იყო. ამ წელს შეუერთდა რკინიგზის მთავარ სახელოსნოებს და დეპოში ახლად ჩამოყალიბებულ მუშათა არალეგალურ სოციალ-დემოკრატიულ წრეს, სადაც იოსებ ჯუღაშვილთან, მიხა ბოჭორიძესთან და ვანო სტურუასთან ერთად საქმიანობდა. 1898 წელს ზაქარია რსდმპ თბილისის პირველი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული. ამ კომიტეტის საიდუმლო კრებები ნაძალადევში მის ბინაზე იმართებოდა. ამავე წელს რკინიგზის მთავარი სახელოსნოსა და დეპოს მუშათა გაფიცვაში მიიღო მონაწილეობა. 1900 წლიდან ზაქარია ჩოდრიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. 1901 წელს პირველი სამაისო დღესასწაულის გეგმა ჩოდრიშვილის ბინაზე შემუშავდა და პირობა დადეს ეს დღე საჯარო დღესასწაულად ექციათ. მისი აქტიური მონაწილეობით იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა ლიტერატურა, გროვდებოდა პარტიული სახსრები და დამზადდა დროშა. 1901 წლის 22 აპრილს თბილისში, იარმურკაზე ყოფილი ალექსანდრეს ბაღის ახლოს გამართულ პირველ პოლიტიკურ დემონსტრაციაზე წითელი დროშა ზაქარია ჩოდრიშვილმა აღმართა. იმავე წელს თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების პირველმა კონფერენციამ ჩოდრიშვილი თბილისის კომიტეტის წევრად აირჩია და მას საიდუმლო სტამბის მოწყობა დაავალა. 1902 წელს ჩოდრიშვილი ჟანდარმერიამ დააპატიმრა და მეტეხის ციხეში ჩასვა, სადაც პოლიტპატიმართა გაფიცვა მოაწყო და ციმბირში გადაასახლეს. 1904 წელს გადასახლებიდან გამოქცეულმა, თბილისში კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების მუშაობა განაგრძო, იმოგზაურა კავკასიის რაიონებში და აქტიურად მონაწილეობდა პარტიის III ყრილობის მოსაწვევ საქმიანობაში. 1908 წელს ჟანდარმერიისგან თავის დაღწევის მიზნით ბაქოში გაემგზავრა, სადაც საიდუმლო სტამბების მოსაწყობად გააჩაღა მუშაობა. 1909 წელს შეიპყრეს და თბილისში, მეტეხის ციხეში გადმოიყვანეს. სამხედრო-საველე სასამართლომ ჩოდრიშვილს 8 წლის კატორღა მიუსაჯა და 1910 წელს იაროსლავის საკატორღო ციხეში გაიგზავნა. აქედან, 1914 წელს, ნიკოლაევის საკატორღო ციხეში, სადაც 1915 წლის 3 აპრილს გარდაიცვალა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |