The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძე

ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძე
Date of birth:23 November, 1862
Date of death:27 April, 1930  (at 67 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Musician, Educator, Public Figure

Biography

      ზაქარია ჩხიკვაძე დაიბადა 1862 წლის 23 ნოემბერს თელავში. დაწყებითი განათლება თელავის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, სადაც სასწავლებლის გუნდშიც გალობდა.

    1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. მელიტონ ბალანჩივაძესთან ერთად, სწორედ აქ, ვ. აუშევის ხელმძღვანელობით მიიღო პირველდაწყებითი სამუსიკო განათლება, ხოლო შემდეგ ხარლამპ სავანელთან განაგრძო სწავლა.

    ზაქარია ჩხიკვაძემ, ჯერ კიდევ თბილისის სასულიერო სემინარიის მოწაფემ, სემინჯარიელებისგან მცირე გუნდი შეადგინა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა და უძველეს კახურ სიმღერებს ასწავლიდა. სემინარიის დასრულების შემდეგ იგი თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში ქართულ ენასა და ლიტერატურას და  სიმღერა-გალობას ასწავლიდა.

    1899 წლიდან ზაქარია ჩხიკვაძემ პედაგოგიური მოღვაწეობა თბილისში გააგრძელა. 1907 წლამდე ზაქარია ქართულ სათავადაზნაურო სკოლაში, წმინდა ნინოს სასწავლებელსა და უსინათლოთა სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. სათავადზნაურო სკოლაში სტუმრად მისულ ილია ჭავჭავაძეს სკოლის გუნდი, სადაც ვანო სარაჯიშვილიც მღეროდა, მრავალჟამიერით მიეგება. ილია დიდხანს ყოფილა ჩუმად, ბოლოს კი მოუბოდიშებია და უთქვამს, აღფრთოვანებისგან ენა ჩამივარდაო. შემთხვევითი არ იყო ის, რომ ზაქარია ფალიაშვილმა ქაშუეთის გუნდის ხელმძღვანელობა, სწორედ  ზაქარიას მიანდო.

     ზაქარია ჩხიკვაძე, პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, ქართული ხალხური სიმღერების მეცნიერულ შესწავლასაც ცდილობდა და ხალხში ძველ სიმღერებს აგროვებდა. 1890 წელს ქართული ხალხური სიმღერების კრებული „სალამური“ გამოსცა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნიმუშებს შეიცავდა და იმ დროის სკოლებისთვის ერთადერთი სახელმძღვანელო იყო.

    ზაქარია ჩხიკვაძეს,  ქართული ხალხური სიმღერებისა და მათი ტექსტების გარდა, შეგროვებული ჰქონდა 200-მდე საგალობელი, რომელსაც შემდეგ სამ და ოთხ ხმაში ამუშავებდა. მანვე შეკრიბა „მამაო ჩვენოს“ და „მრავალჟამიერის“ რამდენიმე ვარიანტი.

    1905 წელს ზაქარია ჩხიკვაძემ, თანამოღვაწე მუსიკოსებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებას, რომლის წესდების პროექტი ჯერ კიდევ 1897 წელს შეადგინა და რომელიც 1903 წელს საჯაროდ იქნა განხილული, ხოლო 1904 წელს ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საზოგადოება მიზნად ისახავდა ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების შეკრება-გამოცემას.

    1908 წელს ზაქარია ჩხიკვაძემ ასევე საფუძველი ჩაუყარა ქართულ სამუსიკო სასწავლებელს, ხოლო 1919 წელს მისი თაოსნობით სოხუმში ფილარმონიული საზოგადოების ფილიალი გაიხსნა. ამავე წელს მან თელავსა და სიღნაღში დააარსა სამუსიკო სასწავლებლები. თელავის სკოლას ზაქარია თავად ჩაუდგა სათავეში, სადაც სიმღერასთან ერთად, თეორიულ საგნებსა და მუსიკის ისტორიასაც ასწავლიდა. 1913-1919 წლებში ზაქარია ფილარმონიული საზოგადოების გუნდს ხელმძღვანელობდა.

    ზაქარია ჩხიკვაძე პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან, სადაც თბილისის საოპერო და საკონცერტო ცხოვრებას აშუქებდა. ზაქარიასვე ეკუთვნის მოგონებები ხარლამპ სავანელსა და პეტრე ჩაიკოვსკიზე. ამ უკანასკნელს რუსეთში წაუღია ზაქარიას „სალამური“, რათა ქართულ მოტივებზე მუსიკალური ნაწარმოები შეექმნა.

    ზაქარია ჩხიკვაძე კახეთში საქართველოს სიძველეთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელიც იყო. მან მრავალი ძეგლი გამოამზეურა, აზომა, წარწერები ამოიკითხა და  ნივთიერ მასალებსაც აგროვებდა. 1925 წელს გიორგი ჩუბინაშვილის თაოსნობით თბილისის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტთან ქართულ სიძველეთა მუზეუმი გაიხსნა, სადაც ზაქარია ჩხიკვაძე მცველად და მეცნიერ მუშაკად დაამტკიცეს. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა ძეგლების შესახებ. საყურადღებოა მისი ცნობები ალავერდის, იყალთოს, სოფელ გავაზში თევდორეს ეკლესიებისა და ახალი თაობის მონასტრების შესახებ. აღნუსხული აქვს ეკლესიებში დაცული ინვენტარი და მათი ისტორია. აღწერილი აქვს ექსტერიერები და ინტერიერები. ცნობებს გვაწვდის ალავერდის რეკონსტრუქციის შესახებ. საყურადღეობოა მისი წერილები: „თბილისდან თელავამდე“ და „ სოხუმიდან ახალ ათონამდე“.

    ზაქარია ჩხიკვაძე გარდაიცვალა 1930 წლის 27 აპრილს თბილისში. თავდაპირველად იგი  ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც დღეს ვერის პარკია, ხოლო მოგვიანებით დღევანდელი ვერის სასაფლაოზე გადაასვენეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-)

Share: