The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვასილ ზაქარიას ძე ცაბაძე

ვასილ ზაქარიას ძე ცაბაძე
Legal name:ვასილ (ვასო) ზაქარიას ძე ცაბაძე
Date of birth:1872
Date of death:30 July, 1924  (at 52 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Politician, Repressed

Biography

    ვასილ ცაბაძე დაიბადა 1872 წელს გორის მაზრის სოფელ საციხურში, გლეხის ოჯახში. 1884 წელს შევიდა ტფილისის სამოქალაქო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ, 1887 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელოსნო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1891 წელს. სწავლის პეროდში გაეცნო და თანაუგრძნობდა „ნაროდნიკული“ პოლიტიკური ჯგუფების იდეოლოგიას.

    1891 წელს ვასო ცაბაძე დაუახლოვდა „მესამე დასის“ ლიდერებს , ხოლო 1894 წელს იგი თბილისში არალეგალურად არსებულ სოციალ-დემოკრატიულ მუშათა ჯგუფს შეუერთდა, რომელთაც თბილისში  მყოფი ყოფილი „ნაროდნიკების“ დახმარებით მუშათა წრეებისთვის დაარსებული ჰქონდათ არალეგალური ბიბლიოთეკა და მარქსიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ. იმავე წელს ვასოს ინიციატივით ამიერკავკასიის რკინიგზის  მუშათა პირველი სოციალ-დემოკრატიული წრე დაარსდა, ხოლო 1896 წელს ვასომ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების კანტორაში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა.

    1898 წელს ვასო ცაბაძე რუსეთის სოციალ-დემოკრატული მუშათა პარტიის ტფილისის პირველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1901 წელს კომიტეტის ნაწილი დააპატიმრეს. დააპატიმრეს ვასოც და მეტეხის ციხეში ერთწლიანი ჯდომის შემდეგ ტფილისიდან გორში გაასახლეს.

    1902 წელს კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ჟანდარმერიამ თბილისში კვლავ დააპატიმრა , მაგრამ მალევე გაათავისუფლეს და 1903 წელს მონაწილეობდა ტფილისში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კავკასიის საკავშირო კომიტეტის ჩამოყალიბებაში. ამავე წელს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს და აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლეს. ვასო ცაბაძე თბილისში 1905 წელს დაბრუნდა და კვლავ აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. ამავე წლიდან იგი „მენშევიკების“ ფრაქციაში მუშაობდა. 1907 წელს ვასო კვლავ დააპატიმრეს და ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად მუშაობდა გლეხთა საბჭოების ჩამოყალიბებაში.

    1917 წელს ვასო ცაბაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს, 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. იმავე წელს არჩეული იქნა გორის სამაზრო ერობის ხმოსნად.

    1919 წლის 12 მარტს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა აგრარული, მომარაგებისა და თვითმმართველობის კომისიებში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და მუშაობდა კოოპერატიულ დაწესებულებებში.

    1907 წლიდან მოყოლებული, ვასო ცაბაძე ჩაბმული იყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის პარტიულ გამოძიებაში და 1920-იან წლებშიც შინ ინახავდა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

    1924 წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებისთანავე ვასილ ცაბაძე საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) თბილისში დააპატიმრა და სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად სასამრთლომ დახვრეტის განაჩენი გამოუტანა.  სავარაუდოდ, დახვრეტილი იქნა 30 აგვისტოს ღამეს.

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატული მუშათა პარტია, თბილისის პირველი კომიტეტის წევრი (1898-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება , წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)

Share: