The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გერასიმე მათეს ძე ცაგარეიშვილი

გერასიმე მათეს ძე ცაგარეიშვილი
Date of birth:1864
Date of death:14 December, 1927  (at 63 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Educator

Biography

    გერასიმე ცაგარეიშვილი დაიბადა 1864 წელს სოფელ გოჩა–ჯიხაიშში გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, რომელიც 1883 წელს დაამთავრა და მისაღები გამოცდები თბილისის სემინარიაში ჩააბარა, მაგრამ თბილისში არ დარჩა და სწავლა ქუთაისის გიმნაზიაში გააგრძელა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გერასიმემ სწავლა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა, რომელიც 1893 წელს დაასრულა.

    გერასიმე ცაგარეიშვილის პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებულია ქუთაისის ქართულ გიმნაზიასთან და მის სასახელო პედაგოგიურ კოლექტივთან. 1894 წელს გერასიმე ცაგარეიშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობა მიიღო. წერა–კითხვის საზოგადოების მიერ ქუთაისის სასწავლებლის მუშაობის შესაფასებლად მივლინებულ დავით კარიჭაშვილსა და ნიკო მთვარელიშვილს, თავიანთ ანგარიშში, დადებითად შეუფასებიათ ახალგაზრდა პედაგოგის მუშაობა. გერასიმე ცაგარეიშვილი მალევე გახდა წამყვანი მუშაკი ქუთაისის სააზნაურო სკოლისა, რომელიც 1904–1905 სასწავლო წლიდან ქართულ გიმნაზიად გადაკეთდა. გიმნაზიის პირველ ოთხ კლასში გერასიმე ისტორიას, გეოგრაფიას, რუსულსა და ლათინურ ენებს ასწავლიდა.

    ქუთაისის გიმნაზია დასავლეთ საქართველოში განათლებისა და კულტურის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კერად გადაიქცა. სასწავლებელში 1500–მდე ახალგაზრდა იღებდა საშუალო განათლებას, ხოლო მისი პედაგოგები ქუთაისის ინტელიგენციის მოწინავე ნაწილს წარმოადგენდნენ, რომლებიც ქუთაისის ყველა კულტურულ დაწესებულებას ასაზრდოებდნენ. ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ქშწკგ საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასა და მასთან არსებულ საგამომცემლო საქმესთან, ასევე თეატრალურ საზოგადოებასა და სახალხო უნივერსიტეტთან, ისტორიულ–ეთნოგრაფიულ საზოგადოებასა და ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებასთან.

     გერასიმე ცაგარეიშვილი ამ კულტურულ დაწესებულებათა ერთ–ერთი აქტიური წევრი იყო, რამდენჯერმე აირჩიეს ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად, სადაც იგი ქალაქის მდაბიო მოსახლეობის ინტერესებს იცავდა. სილოვან ხუნდაძესთან ერთად ცაგარეიშვილი გიმნაზიის ინსპექტორად იქნა არჩეული და ამ თანამდებობაზე გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთებამდე დარჩა.

    იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე და გერასიმე ცაგარეიშვილი თხუტმედიოდე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ამ ვეებერთელა სასწავლებელს, მის მრავალრიცხოვან მასწავლებელთა კოლექტივს.

    1927 წლის 14 დეკემბერს, ქართველი საზოგადოებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე ვალმოხდილი პედაგოგი, გერასიმე ცაგარეიშვილი, უეცრად გარდაიცვალა და დაკრძალულია ქუთაისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Bibliography


Share: