The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი

ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი
Date of birth:10 December, 1844
Date of death:1929  (at 84 years)
Burial location:მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Linguist, Historian, Critic, Paleoanthropologist, Educator, Publicist, Journalist, Public Figure, Philosopher

Biography

    ალექსანდრე ცაგარელი დაიბადა 1844 წლის 27 ნოემბერს (ძვ.სტ.) კასპის რაიონში მღვდლის ოჯახში. ყრმობის წლები სოფელ დიღომში გაატარა. დედა სალომე დიმიტრის ასული უთნელიშვილი მეტად ჭკვიანი და ქართული ენის კარგად მცოდნე ქალბატონი ყოფილა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა შვილის ხასიათის ჩამოყალიბებაში. თავდაპირველად ალექსანდრე თბილისის სასულიერო სემინარიაში შეიყვანეს, სადაც მან საუკეთესო შედეგებს მიაღწია და ხელმძღვანელებისგან ჯილდოც მიიღო.  მისი ოცნება იყო სწავლა პეტერბურგის სემინარიაში გაეგრძელებინა და თავისუფალ დროს სამხატვრო აკადემიაში ლექციების კურსი მოესმინა, მაგრამ ეს ოცნება ვერ განახორციელა, რადგან ნოვგოროდისა და სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტმა ისიდორემ ბრძანა, რომ სივიწროვის გამო პროვინციელებს ვერ მიიღებდნენ. სემინარიის დამთავრების შემდეგ ალექსანდრემ სწავლა გიმნაზიაში გააგრძელა, რომლის დამთავრებისთანავე დავით სარაჯიშვილთან ერთად უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში ჩაირიცხა, შემდეგ კი უნივერსიტეტში გადავიდა  ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე  მსმენელად. თავისი შრომისმოყვარეობითა და მრავალმხრივი ცოდნით ალექსანდრე ცაგარელმა სულ მალე დაიმსახურა ყურადღება და სიყვარული, გარშემო შემოიკრიბა და დაიახლოვა ქართველი ახალგაზრდობა. იგი გატაცებით ეუფლებოდა ევროპულ ენებს, გერმანულ წიგნებს უკვე ლექსიკონის გამოუყენებლად კითხულობდა. სავალდებულო საგნების გარდა, მთელ თავისუფალ დროს ენათმეცნიერული და ლექსიკოლოგიური ნაშრომების კითხვას უთმობდა.

    1867 წელს ალექსანდრე ცაგარელი გერმანიაში გაემგზავრა. გერმანიიდან დაბრუნებისთანავე  გამოცდებისთვის მზადებას შეუდგა. მშობლებისა და ახლობლებისთვის გაგზავნილ წერილებში იგი კმაყოფილებით იგონებს უცხოეთში გატარებულ დღეებს. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად ალექსანდრე ავად გახდა და ექიმებმა საქართველოში დაბრუნება ურჩიეს, მაგრამ საუნივერსიტეტო განათლების მიღების  სურვილი მასში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ექიმების რჩევა არ მიიღო და გადაწყვიტა სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. 1868 წელს ალექსანდრე უკვე მიუნხენის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის ფილოლოგიური განყოფილების სტუდენტია.

   1869 წელს  წელს ალექსანდრე ცაგარელი ძველ საუნივერსიტეტო ქალაქ ტიუბინგენში გადავიდა, სადაც სანსკრიტულსა და შედარებით ენათმეცნიერებაში მეცადინეობდა პროფესორ როთის ხელმძღვანელობით. უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ იგი პეტერბურგში დაბრუნდა, სადაც უნივერსიტეტში ქართულ-სომხური განხრით კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით ჩააბარა გამოცდები. მალე მან სადისერტაციო შრომა დაწერა "კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა". დისერტაცია სამეცნიერო საბჭომ დადებითად შეაფასა და ალექსანდრე  ცაგარელი ქართული ენისა და სიტყვიერების პრივატდოცენტად დაამტკიცეს, რის შედეგადაც ლექციების წაკითხვის უფლება მოიპოვა.

   1870-იანი წლებიდან ქართული მწერლობის საკითხებზე წერილებს აქვეყნებდა ქართულ და რუსულ პრესაში. 1870 წელს გაზეთ "დროებაში" გამოაქვეყნა წერილი სათაურით - "ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში".  

   1874 წელს ალექსანდრე ცაგარელი პეტერბურგში ქართული სიტყვიერების კათედრის დოცენტად აირჩიეს და კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში. მან მთელი თავისი ენერგია  ამ  კათედრის კანონიერი უფლებებისათვის ბრძოლას შეალია. პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლის არსებობის მანძილზე მას ყველაზე მეტი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა ეროვნული ღირსების დასაცავად.

   1875 წელს ალექსანდრე ცაგარელი სამშობლოში დაბრუნდა. იგი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც სპეციალურად ქართველოლოგიური მიზნებით ეწვია ახლო აღმოსავლეთს. პირველი მეცნიერი, რომელმაც 1883 წელს ბევრი სავანე მოინახულა (ათონის ივერთა მონასტერი, ჯვრის მონასტერი, საბაწმინდის ლავრა) და სარდაფებსა და სენაკებში იპოვა და აღწერა ხელნაწერები, დაამზადებინა ფრესკების პირები, გადმოიღო წარწერები, დაძებნა ცნობები ახლო აღმოსავლეთში ქართველთა კულტურული საქმიანობის შესახებ.  მან თავისი მუშაობით ქართულ სიძველეთა შესწავლა საგრძნობლად წინ წასწია. მეცნიერის დამსახურების საუკეთესო ილუსტრაციაა მისი წიგნები "ცნობები ქართული მწერლობის ძეგლებზე" და "ქართულ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწაზე და სინაზე."

   ალექსანდრე ცაგარელმა 1877-1878 წლებში მეგრულ ენაზე სამუშაოდ მივლინებისას, სოფელ გორდში, დადიანების რეზიდენციაში გაეცნო და აღწერა სამეგრელოს მთავრის ხელნაწერთა კოლექცია. მან აგრეთვე აღწერა იოანე ბატონიშვილის კოლექცია, რომელიც 1880 წელს პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკამ შეიძინა. 1881 წელს ალექსანდრე ცაგარელმა მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ არქივში დაცული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი მასალები შეისწავლა, ხოლო  1882 წელს პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში არსებული 36 ქართული ხელნაწერი და ეს მასალები თბილისში რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობას გააცნო.

   1890 წელს რომში, ვენეციასა და კრაკოვში კვლევითი სამუშაოები ჩატარდა, სადაც იგი XII საუკუნის ქართულ სიძველეებს გაეცნო. 1894 წელს ბრუნდება საქართველოში და მალევე მესამედ მიემგზავრება იტალიაში, სადაც ვატიკანის ბიბლიოთეკაში XII საუკუნის ძეგლს „ქართული ოთხთავი“ მიაგნო.

   ალექსანდრე ცაგარელის კალამს ეკუთვნის მრავალი მეცნიერული ნაშრომი და გამოკვლევა: "კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა", "ქართული ენის გრამატიკული ლიტერატურის შესახებ", "მეგრული ეტიუდები" (ორ ტომად), „შანშოვანის ქართული გრამატიკა“... მან რუსულ ენაზე თარგმნა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“.

    ალექსანდრე ცაგარელი აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. საქართველოში ამ საკითხთან მიმართებაში გამწვავებული მდგომარეობის გამო, რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II იძულებული გახდა  1906 წელს პეტერბურგში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხების განსახილველად დაენიშნა „სინოდის წინარე სხდომა”. კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ალექსანდრე ცაგარელიც, რომლის მოხსენება ეხებოდა XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ მიმოწერას. იგი ასაბუთებდა, რომ რუსეთის ეკლესიის სინოდსა და საერო მთავრობას არავითარი უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ამისათვის საჭირო იყო საქართველოსა და მსოფლიოს საეკლესიო კრებების თანხმობა. ცაგარელმა თავის მოხსენებაში დაასაბუთა ის უარყოფითი შედეგები, რაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას მოჰყვა.

   1920 წელს ალექსანდრე ცაგარელი საქართველოში ბრუნდება და სიცოცხლის ბოლომდე თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. ქართული მეცნიერებისა და უნივერსიტეტის წინაშე უდიდესი დამსახურების გამო პროფესორთა საბჭომ დამსახურებული პროფესორის წოდება მიანიჭა.

    ალექსანდრე ცაგარელი გარდაიცვალა 1929 წელს და დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Contacts Information

  • Business
    Address:სანკტ–პეტერბურგი, უნივერსიტეტი

Share: