The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი იოსების ძე ცინცაძე

გიორგი იოსების ძე ცინცაძე
Legal name:გიორგი (გოგილო) იესეს ძე ცინცაძე
Date of birth:1880
Date of death:14 September, 1937  (at 57 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Educator, Politician, Repressed

Biography

    გიორგი (გოგილო) ცინცაძე დაიბადა 1880 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბუკისციხეში, მღვდლის ოჯახში. საშუალო განათლება ქუთაისის სასულიერო სემინარიაში მიიღო.

   1900 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი და 1902-1903 წლებში მუშაობდა რსდმპ ბათუმის კომიტეტის წევრად, ხოლო გურიის ცალკე გამოყოფის შემდეგ კი  გურიის კომიტეტის წევრიც 1906 წლამდე. 1905 წლის რევოლუციური მოვლენების შემდეგ იძულებული გახდა გურია დაეტოვებინა და სოხუმში გადასულიყო, სადაც რამდენიმე თვე იცხოვრა და შემდეგ პეტერბურგში სასწავლებლად გაემგზავრა.  მესამე კურსამდე სწავლობდა პეტერბურგის და მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტებში და კვლავ საქართველოში დაბრუნდა, სადაც აძლევდა კერძო გაკვეთილებს და პარალელურად თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა.

    გიორგი ცინცაძე 1916 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

    1917 წლის რევოლუციის შემდეგ გაერთიანებული იყო მუშათა რევოლუციური ორგანიზაციებში და თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

    1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მუშაობდა მთავრობის თავმჯდომარის აპარატში და გახლდათ ნოე ჟორდანიას პირადი მდივანი.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ გიორგი ცინცაძე  საქართველოში დარჩა და ცხოვრობდა თბილისში. გულის სერიოზული ავადმყოფობის გამო, ფაქტობრივად, პარტიულ მუშაობას ჩამოშორებული იყო, მაგრამ 1921-1922 წლებში ხანგრძლივი თვალთვალისა და აგენტურული დამუშავების შემდეგ საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) შპიონაჟისა და კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით  დააპატიმრა, როგორც „ახლო აღმოსავლეთის დახმარების ამერიკული კომიტეტის“ თანამშრომელი, ამ ორგანიზაციაში იგი სასადილოების მთავარ ინსპექტორად მუშაობდა. იგი მოთავსებული იქნა მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

    გიორგი ცინცაძე ოჯახთან ერთად თბილისის ყოფილი მე-2 გიმნაზიის ეზოში ცხოვრობდა და  თავს ირჩენდა მებაღეობითა და მეფრინველეობით, მაგრამ 1924 წელს ხელმეორედ დააპატიმრეს. მან თხოვნით მიმართა ჩეკას თავმჯდომარეს, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო საავადმყოფოში გადაეყვანათ,თუმცა საკითხის განხილვის შემდეგ,  მისი „მენშევიკური“ პარტიისადმი კუთვნილებისა და აქტიური კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო, აღმკვეთ ზომად ჩეკას კომენდატურაში პატიმრობა მიუსაჯეს.

    1924 წლის 28 აგვისტოს თხოვნით კვლავ მიმართა ლავრენტი ბერიას, სადაც ითხოვდა გაეთვალისწინებინათ, რომ იგი არანაირ მონაწილეობას არ იღებდა არალეგალურ საქმიანობაში, ეწინააღმდეგებოდა შეიარაღებული აჯანყების იდეას და საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურობის პირობას დებდა.

    1924 წლის 31 დეკემბერს სასამართლომ კვლავ განიხილა ცინცაძის საქმე და მიუხედავად ბრალდებებისა, მიიღო რა მხედველობაში საქართველოს სსრ ცენტრალურ აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 1924 წლის 6 ნოემბრის ამნისტიის დადგენილება, ცინცაძის გათავისუფლების რეკომენდაცია გასცა. შემდგომ წლებში გიორგი ცინცაძე ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში.

     1937 წელს გიორგი ცინცაძე კვლავ დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოში არსებული კონტრრევოლუციური „მენშევიკური ცენტრის“  წევრობა, რომლის მიზანიც შეიარაღებული გადატრიალებისა და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა იყო.

    1937 წლის 13 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ გიორგი ცინცაძეს დახვრეტა მიუსაჯა და დახვრიტეს 14 სექტემბერის ღამეს.

     რეპრესირებული იყო გიორგი ცინცაძის მეუღლეც - ლიდია ლომინაძე-ცინცაძე.

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1900-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1916-1918)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისის ყოფილი მე-2 გიმნაზიის ეზო

Share: