შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
არჩილ სოლომონის ძე ციხისთავიშვილი![]()
ბიოგრაფიაარჩილ ციხისთავი დაიბადა 1872 წელს თელავის მაზრის სოფელ ფშაველში. არჩილი თბილისის სემინარიაში სწავლობდა, სადაც არალეგალურ ჟურნალ „პირველი ნაბიჯის“ გამოცემას ხელმძღვანელობდა. მორიგი ნომრის გამოშვებისა და არალეგალური ლიტერატურის კითხვის დროს დაიჭირეს და მე-3 კლასიდან დაითხოვეს. 1892 წლიდან კავშირგაბმულობის უწყებაში მსახურობდა, სადაც 46 წელზე მეტი დაჰყო და 1941 წლამდე საპასუხისმგებლო ადგილები ეკავა. 1894–1918 წლები სომხეთში გაატარა, სადაც თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობითა და ქველმოქმედებით დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, განსაკუთრებით სურმალოს, ეჩმიაძინის და ლენინაკანის რაიონებში. სარგებლობდა რა საზოგადოების ნდობითა და გავლენით, დიდი მექომაგე იყო იმ დროის რეჟიმით შევიწროებული გლეხობისა, იფარავდა და ინახავდა პოლიტიკურ მოღვაწეებს და ავრცელებდა ჟენევის არალეგალურ ლიტერატურას. 1912 წელს, საოცარი მოხერხებით, სიკვდილის სასჯელისგან იხსნა ოსმალეთის ორი სომეხი პოლიტიკური დამნაშავე. არჩილ ციხისთავის საქართველოში გადმოყვანის შესახებ შუამდგომლობა, ნიკოლოზის მთავრობის მიერ, რამდენჯერმე იქნა უარყოფილ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ არჩილ ციხისთავს ლენინაკანში მოუსწრო, სადაც იგი მჭიდროდ ჩაება პოლიტიკურ მოღვაწეობაში. ამავე წელს სომხეთიდან ამიერკავკასიის ფოსტა-ტელეგრაფის მუშაკების ყრილობაზე დელეგატად იქნა არჩეული, საიდანაც სრულიად რუსეთის ყრილობაზე დელეგატად გაიგზავნა და მოსკოვიდან დაბრუნებული საოლქო კომიტეტის წევრად აირჩიეს. არჩილ ციხისთავი პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად დიდ კულტურულ მუშაობასაც ეწეოდა. ლენინაკანში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ და მოგვიანებით თავმჯდომარე. დააარსა ქართული წიგნთსაცავ-სამკითხველო, რომლითაც განსაკუთრებით სარგებლობდნენ რკინიგზის მუშები და ჯარისკაცები. ადგილობრივ სახალხო სახლთან, ექიმ გიორგი ქორქაშვილთან და რ. აბელიშვილთან ერთად, დააარსა ქართული დრამატული წრე. თავად თამაშობდა კიდეც, რეჟისორობდა და ნინოშვილის, ბარათაშვილის, აკაკის და სხვათა ხსოვნის აღსანიშნავად, საქველმოქმედო მიზნით, ლექცია-საღამოებს აწყობდა. 1918 წელს, როდესაც ქალაქი ოსმალების მიერ იქნა დაკავებული, დიდი ამაგი დასდო ქალაქს თავისი ენერგიული მუშაობით (თვითმმართველობაში ამორჩეული იყო გამგეობის წევრად). იმავე წლის ზაფხულში, ეკონომიურად დიდად დაზარალებული, საქართველოში დაბრუნდა და თან გადმოასახლა ტყვეობაში მოყოლილი და უმუშევრად დარჩენილი 500 ქართველი, რუსი და სხვა ეროვნების ადამიანი წალკა-მანგლისის მიმართულებით. 1918 წელს სამუშაოდ თელავში გააგზავნეს, სადაც კვლავ ჩაება კულტურულ მუშაობაში. მისი ინიციატივით შედგა სამუსიკო საზოგადოების განყოფილება და საქართველოში თითქმის პირველი სამუსიკო სასწავლებელი დაარსდა, რომლის გამგეობის თავმჯდომარედ 1923 წლამდე, თბილისში გადმოსახლებამდე, თავად ითვლებოდა. არჩილი ადგილობრივ დრამატულ წრეში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა დასს, როგორც ადმინისტრატორი. არ იყო ისეთი საზოგადოებრივ-კულტურული ორგანიზაცია, სადაც იგი მონაწილეობას არ ღებულობდა. როგორც ქველმოქმედი. საქართველოს სხვადასხვა სოფლის სასწავლებლებსა და სამკითხველოებს წიგნებით ამარაგებდა და თავისი ხარჯით სკოლებს ჟურნალ-გაზეთებსა და სახელმძღვანელოებს უწერდა. 1894 წლიდან თანამშრომლობდა „ივერიაში“, „მოგზაურში“, „თეატრი და ცხოვრებაში“, „საბჭოთა ხელოვნებაში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. დაუღალავად მუშაობდა და დაგროვილი ჰქონდა გამოუცემელი მასალები „რევოლუციის მატიანესათვის“, კარგად ჰქონდა შესწავლილი მესხეთ-ჯავახეთის მხარე და დამუშავებული ისტორიული მასალები, რომლებიც გამოსაცემად მზად ჰქონდა. არჩილ ციხისთავი გარდაიცვალა 1959 წლის 3 დეკემბერს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |