The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე (სანდრო) ზებედეს ძე ცხვედაძე

ალექსანდრე (სანდრო) ზებედეს ძე ცხვედაძე
Other name:ა. კავთელი  (Pseudonym)
ალ. კვალითელი  (Pseudonym)
ანანია  (Pseudonym)
Date of birth:1848
Date of death:1889  (at 41 years)
Burial location:საგარეჯო, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზო
Category:Writer, Educator, Public Figure, Entertainer

Biography

   ალექსანდრე ცხვედაძე დაიბადა 1848 წელს გორის მაზრის სოფელ კავთისხევში მღვდლის ოჯახში.

   თბილისის სასულიერო სემინარიის კურსის დამთავრების შემდეგ ალექსანდრე აქტიურად ჩაება საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში და რასაც ხელი მოჰკიდა ყველგან შესანიშნავი უნარი გამოაჩინა. სემინარიაში სწავლის პერიოდში, ძმასთან იოსებთან ერთად, თვითგანვითარების წრეები ჰქონდა მოწყობილი და კოოპერაციულ ლიტერატურას ეცნობოდა.

    1874 წელს საგარეჯოში ახალ გახსნილ პირველ დაწყებით საერო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. ხოლო 1875 წელს საზეიმოდ გაიხსნა სახალხო განათლების სამინისტროს ორგანყოფილებიანი სასწავლებელი. მის ბინაზე თავს იყრიდნენ იმ დროის ხალხოსანი მოღვაწენი, თათბირობდნენ სკოლაზე, ხალხის გაჭირვებაზე, სასოფლო ბანკებზე, დეპოებზე და სხვა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე. აქვე ინახებოდა არალეგალური ლიტერატურა.

   1874 წელს, საგარეჯოში, სხვებთან ერთად, საძირკველი ჩაუყარა სასოფლო თეატრს. 1876 წელს სცენისმოყვარულთა დასი შექმნა და დააარსა სახალხო თეატრი. აქვე დაიდგა მისი პიესა „ბედნიერი ქორწილი“.

   1876 წელს ცხვედაძის თაოსნობითა და მეცადინეობით საგარეჯოში „შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა“ გაიხსნა, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა. ამავე წელს იგი საქართველოში პირველი „დამზოგველ-მომხმარებელი ამხანაგობის“ დაარსების საქმეს შეუდგა, რომლის საჭიროება საზოგადოებას 1877 წელს გააცნო, რამდენიმე თვეში ამხანაგობა დააარსა და მუშაობასაც შეუდგა.

   1878 წელს ალექსანდრემ წიგნთსაცავ–სამკითხველო გახსნა, რომელიც პირველი მცდელობა იყო მთელს საქართველოში მსგავსი კულტურულ-საგანმანათლებლო  დაწესებულების დაარსებისა.

    ალექსანდრე ცხვედაძეს დიდი წვლილი მიუძღვის საგარეჯოს განვითარებაში. იგი იმ მოწინავე ქართულ ოჯახს ეკუთვნოდა, რომელმაც საქართველოს მისცა დიდი ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი ნიკო ცხვედაძე (ალექსანდრეს ძმა). როცა საქართველოში ძალუმად იმძლავრა ეროვნულ–განმათავისუფლებელმა ბრძოლამ, ალექსანდრე ცხვედაძე  ამ დროშის ქვეშ დადგა და თავის სამოღვაწეო ასპარეზად ილია ჭავჭავაძის დავალებით გარე კახეთი გადაარჩინა. მაშინდელი საგარეჯო და გარე კახეთი ერთ–ერთ ჩამორჩენილ პროვინციას წარმოადგენდა,  სადაც ცარისტული კოლონიზატორული პოლიტიკის შედეგად მტკიცედ მოეკიდებინა ფეხი უსამართლობას, მატერიალურ ხელმოკლეობას, უმეცრებასა და სიბეჩავეს. გლეხები ჩარჩ-ვაჭრებისა და მევალეების კაბალაში იყვნენ მოქცეულნი. ხსნა და შველა არსაიდან ჩანდა და როცა მათი ხსნის იმედი მთლად მიწურული იყო, სწორედ მაშინ, როგორც ღმერთი ალექსანდრე ცხვედაძე მოევლინა საგარეჯოელებს.

   1879-1880 წლებში ალექსანდრე ცხვედაძე საგარეჯოს მაზრის აგენტი გახლდათ.

   1881 წელს საგარეჯოს სკოლის მმართველი იყო.

   1884 წელს ალექსანდრე საგარეჯოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტად დაინიშნა.

    ალექსანდრე პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწეოდა. იგი უმთავრესად სოფლის საჭირბოროტო და საყოფაცხოვრებო საკითხების შესახებ წერდა კორესპონდენციებსა და მოთხრობისებრ ამბებს. თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან“.

   ალექსანდრე ცხვედაძე გარდაიცვალა 1889 წელს სოფელ იყალთოში და დაიკრძალა იქვე, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარებელი წევრი საგარეჯოში (1886-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:საგარეჯო

Share: