The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი

სტეფანე შიოს ძე ძიმისტარაშვილი
Other name:კორტოხა  (Pseudonym)
Date of birth:1847
Date of death:November, 1912  (at 65 years)
Burial location:სენაკი, სოფელი კვაუთი
Category:Writer, Educator, Poet, Journalist

Biography

   სტეფანე ძიმისტარაშვილი დაიბადა 1847 წელს სენაკის მაზრის სოფელ კვაუთში.

   სტეფანემ მარტვილის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა გააგრძელა ქუთაისის პირველ გიმნაზიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად ოჯახის ხელმოკლეობისა, თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში ჩააბარა.

   სტეფანე ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მასწავლებლად მუშაობდა ხან მარტვილში, ხან სენაკში და ბოლო პერიოდში ქუთაისში.

   სტეფანე ძიმისტარაშვილი, როგორც იმდროინდელი პრესა იუწყება, ერთ-ერთი მოწინავე პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ყოფილა. უპირველეს ყოვლისა, იგი თავგამოდებით იცავდა სკოლებში ქართული ენის სწავლებას, რომელსაც მეფის რუსეთი საქართველოს სკოლებიდან განდევნას უპირებდა, რისთვისაც იგი არაერთხელ დასჯილა სხვადასხვა ადგილზე გადაყვანით, თუმცა მას ეს არ აშინებდა და ცარიზმის რუსიფიკატორი აგენტებისა და მოხელეების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა.

    1890-იან წლებში, სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნისა და რუსული ასოებით მეგტრული ენის სწავლების დანერგვის წინააღმდეგ ატეხილ სახალხო მოძრაობაში, ძიმისტარაშვილს ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი ეკავა.

   სტეფანე ძიმისტარაშვილი თითქმის ყველა კულტურული საქმიანობისა და წამოწყების აქტიური მონაწილე იყო. იგი იყო ერთ-ერთი დამაარსებელი ქუთაისის სცენის მოყვარულთა იმ წრისა, რომელმაც საფუძველი დაუდო ქუთაისში თეატრის შექმნას. თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის მანძილზე, მან საკუთარი ინიციატივითა და ენერგიით შესძლო მთელ რიგ სოფლებში სამრევლო სკოლები დაეარსებინა, სადაც ქართული ენის სწავლება ხერხდებოდა და ამ საქმეში მას დიდად უწყობდა ხელს ცნობილი პედაგოგი და ისტორიკოსი თედო ჟორდანია.

    სტეფანე ძიმისტარაშვილს, როგორც მწერალს, პოეტსა და ჟურნალისტს, ქართულ ლიტერატურაში გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი. მან ლექსების წერა 1866 წელს დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე კალამი ხელიდან არ გაუშვია. წერდა ლექსებს, სცენარებს, ფელეტონებს, და კორესპონდენციებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე. იგი სისტემატურად იბეჭდებოდა „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“, ნაკადულში“, „ისარში“ და „ნიშადურში“.

   სტეფანე ძიმისტარაშვილის ლექსების უმრავლესობა სამშობლოს სიყვარულით იყო შთაგონებული. მისი პირველი კრებული 1904 წელს დაიბეჭდა, ხოლო მეორე კრებული, რომელიც 1912 წელს უნდა დაბეჭდილიყო, ექვთიმე ხელაძის სტამბაში ხანძრის დროს განადგურდა. მისი ცნობილი ზღაპარ-პოემა „ჩიტ-ბეღურას“ 1913 წელს ჟურნალ "ნაკადულში" დაიბეჭდა, ხოლო 1920 წელს ცალკე წიგნად გამოიცა.

      სტეფანე ძიმისტარაშვილი გარდაიცვალა 1912 წელს და დაკრძალულია მშობლიურ სოფელ კვაუთში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1893-1900)

Share: