The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვარინკა სპირიდონის ასული წერეთელი

ვარინკა სპირიდონის ასული წერეთელი
Legal name:ბარბარე სპირიდონის ასული მაჭავარიანი
Date of birth:30 November, 1874
Date of death:21 March, 1948  (at 73 years)
Burial location:ზესტაფონი, სოფელი ცხრაწყარო
Category:Singer, Musician, Public Figure

Biography

    ბარბარე (ვარინკა) წერეთელი დაიბადა 1874 წელს გენერალ სპირიდონ მაჭავარიანისა და აგრაფინა (გვიტია) აგიაშვილის ოჯახში. მამა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  წევრი იყო, ხოლო დედას სოფელ ჭორვილაში საშინაო სკოლა ჰქონდა გამართული.

   ვარინკამ ქუთაისის ქალთა გიმნაზია დაამთავრა და განსაკუთრებული მუსიკალურობის გამო, ზინაიდა ვორობეცს (ფილიმონ ქორიძის მეუღლე) მიაბარეს. ნიჭიერ გოგონას მაჭავარიანების ოჯახის ყველა ახლობელი და სტუმარი შეჰხაროდა: ”მოსწონდათ ჩემი სიმღერა და მამხნევებდნენ. განსაკუთრებით მაგულიანებდა აკაკი, რომელსაც, როგორც თვითონ იტყოდა, ჩემი სიმღერა ყველაზე უფრო ტკბილად ესაუბრებოდა. მუსიკას უფრო დაეჯერება, ვინემ  სიტყვებსაო, - მეტყოდა პოეტი და მეც უფრო ხშირად მის ლექსებს ვმღეროდი” - იხსენებს ვარინკა. იგი მალე მგოსნის რძალი გახდა - ჩვიდმეტი წლისამ სერგო წერეთელზე იქორწინა. ორ წელიწადში წყვილს ვაჟი შეეძინა, პატარა სპირიდონი, რომელსაც შინაურობაში ”გუგულის” ეძახდნენ.

    1895 წელს ჟურნალში ”კვალი” დაიბეჭდა აკაკის ”სულიკო” , რომელიც პოეტმა მალევე გადასცა ვარინკას და სთხოვა - რამე ჰანგი შეერჩია მისთვის. ასე დაიბადა მრავალი ადამიანისთვის საყვარელი სიმღერა. მადლიერების გამოსახატავად პოეტმა კომპოზიტორს საკუთარი სურათი აჩუქა წარწერით: “ჩემს საყვარელ ბულბულს, სულიკო-ვარინკას, აკაკისაგან”.

    1898 წელს კი ინგლისურმა ფირმამ ”ფონოგრაფი” ვარინკას “პირმშო” ცვილის ლილვაკებზე ჩაწერა ვანო მაჩაბლის სახლში, ხოლო 1900 წელს კოტე ფოცხვერაშვილმა ნოტებზე გადაიტანა მეჩონგურეთა გუნდისათვის და ფორტეპიანოსათვის. ეს ვერსია  ორკესტრმა 1905 წლის აგვისტოში შეასრულა ქუთაისის საქალაქო თეატრში.

    1902 წლიდან ვარინკა წერეთელი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი გახლდათ, 1909 წლიდან ამ საზოგადოების ყვირილას განყოფილების წევრი, ხოლო 1914 წლიდან განყოფილების თავმჯდომარე. რამდენიმე წელიწადში მან აქ სამკითხველოს გახსნაც მოახერხა და საკუთარ სახლში, სოფელ ცხრაწყაროში, სკოლაც გამართა. განათლების ეს პატარა კერა ათამდე სოფელს ემსახურებოდა.

    1905 წლის რევოლუციის შემდეგ, რეაქციის წლებში, ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო ლაშქრობას შეეწირა ზესტაფონის თეატრი, სადაც ოხრანკა დიდი რაოდენობით იარაღს ეძებდა. ახალგაზრდა რევოლუციონერი სტალინი კი ჟანდარმებს სწორედ ვარინკას სახლის სარდაფში ემალებოდა. როგორც ჩანს, აქედან მოდის ტირანის ”სულიკოსადმი” განსაკუთრებული სიყვარული. ამასობაში ვარინკას ვაჟმა საშუალო სკოლა დაამთავრა და საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში გაემგზავრა მევენახეობა-მეღვინეობის შესასწავლად. 1919 წელს, სამშობლოში მომავალს, პეტერბურგში ჭლექი შეეყარა. დაუღალავი მკურნალობისა და რუდუნების მიუხედავად, იგი მალევე  გარდაიცვალა. სასოწარკვეთილი დედა, ერთადერთი შვილის გარდაცვალების გამო, კარგა ხნით მოსწყდა გარესამყაროს.

   1934 წელს გადაღებულმა ფილმმა “უკანასკნელი მასაკარადი”, სადაც რეჟისორი თავად ასრულებს “სულიკოს”, დიდად შეუწყო ხელი სიმღერის პოპულარულობას. ამას დაემატა 1937 წლის ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადა მოსკოვში, სადაც "სულიკო" ავქსენტი მეგრელიძის მეჩონგურე ქალთა ანსამბლმა შეასრულა, მაგრამ არა როგორც ვარინკა წერეთლის, არამედ – როგორც ხალხური სიმღერა. ამ დღიდან მთელი საბჭოეთის შემოქმედებითი ჯგუფები ერთმანეთს ასწრებდნენ მის შესრულებას, გადამღერებას თუ გადამუშავებას. ვარინკა წერეთელი, ცხადია, არავის უხსენებია. მისი ნათესავი, პაპუნა წერეთელი, რომელიც დეკადაზე რუსთაველის თეატრს ახლდა, სამშობლოში გულდამძიმებული დაბრუნდა: ”სულიკოს” არნახული წარმატება და ვარინკას უნუგეშო მდგომარეობა ერთმანეთთან ვერ თავსდებოდა. მიხვდა ვარინკა, რომ მას ყოველთვის დაივიწყებდნენ, თუ თავად არ გაიხსენებდა საკუთარ არსებობას, ამიტომაც დაიწყო ”ბრძოლა გახსენებისთვის”. ჩამოვიდა თბილისში და სახკომსაბჭოსთან არსებულ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს მიმართა საავტორო უფლების მოსაპოვებლად.

   საბჭოთა კომპოზიტორთა კავშირის, 1938 წლის 5 ოქტომბრის სხდომამ, რომელსაც ესწრებოდნენ თავმჯდომარე ვანო გოკიელი, კოტე ფოცხვერაშვილი, შალვა დადიანი, ავქსენტი მეგრელიძე და  ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ორდენოსანი სანდრო კავსაძე დაადგინა, რომ სიმღერა ”სულიკოს” ავტორი ვარინკა წერეთელია. მაგრამ ავქსენტი მეგრელიძემ არ ისურვა შემოსავალი “სულიკოს” ავტორისთვის დაეთმო და თანაავტორობა დაიჩემა. ამიტომ, ვარინკა იძულებული გახდა, საკითხის გასარკვევად იუსტიციის კომისრისთვის მიემართა, სადაც სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მისი ავტორობა დაამტკიცა და “სულიკოს” შემოსავლის 75% სწორედ მას მიაკუთვნა, ხოლო 25% - ავქსენტი მეგრელიძეს, როგორც სიმღერის პოპულარიზატორს.

    1940 წლიდან ვარინკას სიმღერებს უკვე დები იშხნელები ასრულებდნენ. მათი დედა, ვასასი ლოლაძე, ვარინკას მეგობარი და საუკეთესო მომღერალი იყო. იშხნელების რეპერტუარში ”სულიკოს” გარდა შედიოდა ვარინკას მეორე,  არანაკლებ პოპულარული სიმღერა ”მუხამბაზი”. სამწუხაროდ, დღეს უკვე ძალიან რთულია მის მიერ შექმნილი სხვა მელოდიების დადგენა, რადგან აღარავინაა ისეთი, ვისაც ამ საკითხზე ცნობები გააჩნია.

   ვარინკა წერეთელი 1948 წლის 21 მარტს გარდაიცვალა და დაკრძალულია სოფელ ცხრაწყაროში, თავისი ვაჟის გვერდით. ის "სულიკოს" ჰანგის თანხლებით დაკრძალეს.

    სიმღერა ”სულიკოს” უამრავ სანოტო გამოცემათაგან, მუსიკის ავტორს მხოლოდ 1939 წლის გამოცემა აღნიშნავს. ესეც იმიტომ, რომ ეს საკითხი ახალი გარკვეულია. სხვა ყველა გამოცემას აწერია: ”ტექსტი აკაკი წერეთლისა, მუსიკა -  ხალხური”. მათ შორის არის 1954 წელს, ვანო გოკიელის მიერ გუნდისა და ფორტეპიანოსთვის გამოცემული ნოტები. აქ უცნაური ის არის, რომ სწორედ ეს ადამიანი თავმჯდომარეობდა სხდომას, რომელმაც ვარინკას ავტორობა დაადგინა. დავიწყების ამ მისტიკას ეძღვნება  ლია ჯაყელის ფილმი ”სადა ხარ, ჩემო სულიკო”.  რეჟისორი დეტალურად მოგვითხრობს ”სულიკოს” ისტორიას და დემონსტრაციულად  აღადგენს სამართლიანობას - ტიტრებში ხაზგასმულად აჩვენებს წარწერას: ”კომპოზიტორი ვარინკა წერეთელი”, - სიმართლე, რომელიც  აქამდე ვერავის დასცდა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების წევრი (1909-)

Share: