The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ დიმიტრის ძე ლიონიძე (თავადი)

იოსებ დიმიტრის ძე ლიონიძე
Legal name:იოსებ დიმიტრის ძე ლეონიძე
Date of birth:1863
Date of death:October, 1938  (at 75 years)
Category:Agronomist

Biography

    იოსებ ლიონიძე დაიბადა 1868 წელს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში გაღარიბებული თავადის ოჯახში. მისი პაპის მამა გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, ერეკლე მეორის კარის დიპლომატი და ერთგული მრჩეველი  სოლომონ ლიონიძე იყო.

    პირველდაწყებითი განათლება იოსებმა  საცხენისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი თბილისის საბაღოსნო სკოლაში მიაბარეს, რომელიც 1889 წელს დაამთავრა და იქვე დატოვეს მთავარ მებაღედ და სპეციალური საგნების მასწავლებლად. ამ სკოლაში იოსებმა 1896 წლამდე დაჰყო და სამუშაოდ მსხვილი მემამულეების ალექსანდრე და მარიამ ორბელიანების მამულში ლამისყანაში გადავიდა. აქ მან გაიცნო გერმანელი ქალი მარია ოსპარის ასული გრეფი, რომელიც გუვერნანტკად მუშაობდა. მარია გრეფი  მეტად განათლებული ქალი ყოფილა, ფლობდა მრავალ ევროპულ ენას და პედაგოგიური განათლება ლონდონსა და პარიზში ჰქონდა მიღებული. პარიზიდან ლამისყანაში მოხვედრილი მარია გრეფი ცოლად გაჰყვა იოსებ ლიონიძეს და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა საქართველოში.

   იოსებმა არ იცოდა უცხო ენები, არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება, მაგრამ მეუღლის დახმარებით შეძლო გაცნობოდა მსოფლიო ლიტერატურას სოფლის მეურნეობის დარგში. საზღვარგარეთიდან იწერდა სპეციალურ ლიტერატურას და მეუღლის დახმარებით მუშაობდა მებაღეობის საკითხებზე.

   ცოლის შერთვის შემდეგ იოსებმა მალევე დატოვა ორბელიანების მამული და 1902 წელს საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო ქალაქის მთავარი მებაღე-აგრონომის თანამდებობაზე. ამ დროისათვის ბათუმის უმეტეს ნარგავებს აკაციები შეადგენდნენ. იოსებმა ქალაქის თავის ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის მხარდაჭერითა და დახმარებით ფართოდ გაშალა მუშაობა ბათუმში სუბტროპიკული მცენარეების გასაშენებლად, ძირითადად „ალექსანდრეს ბაღსა“ და „ბულვარში“. მისი ხელმძღვანელობით ქალაქის ქუჩებში აიღეს აკაციები და მის ნაცვლად გააშენეს კალიფორნიის დაფნის ფოთოლი, პალმები და სხვა სუბტროპიკული მცენარეები.
    იოსებ ლიონიძე პარალელურად მუშაობდა დეკორატიულ, ციტრუსოვან და ხილის კულტურების სანერგეებში. იგი ყოველწლიურად 150 ათას ცალ ციტრუსოვან ნამყენს ახარებდა. გააშენა 57 სახის საუკეთესო ჯიშის ვარდი კატალოგების მიხედვით და დიდი რაოდენობით გაავრცელა. ქალაქის სხვადასხვა ადგილას სანერგეების შექმნამ ბიძგი მისცა აჭარაში სუბტროპიკული და დეკორატიული კულტურების განვითარებას.
    ბათუმის ბოტანიკური ბაღის შემქმნელი და ორგანიზატორი პროფესორი კრასნოვი და პროფესორი კოჩუნოვი იოსების ოჯახის ხშირი სტუმრები იყვნენ. ისინი ხშირად მიმართავდნენ მას რჩევისთვის, როგორც მებაღე-პრაქტიკოსს.
    1913 წელს პეტერბურგში მოეწყო გამოფენა „რუსული რივიერა“, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო შავი ზღვის პირა მეურნეობებს. მათ შორის ქალაქ ბათუმსაც. ზემოაღნიშნულ გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო ხვდა ქალაქ ბათუმს და პერსონალურად იოსებ ლიონიძეს დეკორატიული და ციტრუსოვანი კულტურების გამოყვანისთვის. სხვათა შორის ამ გამოფენაში მონაწილეობდა პრინცი ოლდენბურგელი. ჟიურის გადაწყვეტილი ჰქონდა უმაღლესი ჯილდო მიეკუთვნებინა მისი მეურნეობისთვის, მაგრამ იოსებ ლიონიძემ დაამტკიცა, რომ პრინცის ექსპონატების უმეტესობა საფრანგეთიდან იყო ჩამოტანილი და არ იყო შავი ზღვის სანაპიროზე გამოყვანილი. ამიტომ პრინც ოლდენბურგელის მეურნეობას მხოლოდ მეორე პრემია მიაკუთვნეს.
    1917 წელს იოსებმა ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამსახურს ბათუმში და ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა კახეთში. ბათუმის ქალაქის მმართველობამ იოსებ ლიონიძეს დაუნიშნა მუდმივი პენსია 200 მანეთის ოდენობით ოქროთი. ამის შემდეგ იოსებ ლიონიძე მუშაობდა  საქართველოს სხვადასხვა რაიონებში.

     საბჭოთა პერიოდში ბათუმში ჩამოსული თურქეთის რესპუბლიკის მიწათმოქმედების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ იოსებ ლიონიძეს (საბჭოთა კავშირის მთავრობის ნებართვით) მათთან ემუშავა, რათა დახმარებოდა თურქეთს შავი ზღვის სანაპიროს კულტივირებაში - საზღვრიდან ტრაპიზონამდე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო იოსებმა უარი განაცხადა თურქეთში წასვლაზე.

   1925 წელს იოსებ ლიონიძე  ბაქოში მიიწვიეს, სადაც მან სამი წელი იმუშავა და ამ ხნის მანძილზე სრულიად შეცვალა ქალაქის სახე, ბაქო დამშვენდა მწვანე ნარგავებითა და  დეკორატიული ბაღებით. ბაქოში ყოფნის პერიოდში იოსები პარალელურად მუშაობდა მთელი აფშერონის ნახევარკუნძულის გამწვანების საკითხებზე, საფუძველი ჩაუყარა ქარსაცავ ზონებს.

   ავადმყოფობის გამო იოსებ ლიონიძე სამუშაოდ თბილისში გადავიდა. მისი გაშენებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი.

   სიცოცხლის ბოლო წლებში იოსები აგარის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე დიდი დეკორატიული პარკის კეთილმოწყობაზე მუშაობდა.

   იოსებ ლეონიძე გარდაიცვალა 1938 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1910-1917)

Bibliography

  • ქართველი აგრონომები : თენგიზ ჩხეიძე. - თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962

Share: