Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
მიხეილ დოროთეოსის ძე წინამძღვრიშვილი![]()
Biographyმიხეილ წინამძღვრიშვილი დაიბადა 1882 წელს დაბა სურამში, დოროთეოს წინამძღვრიშვილისა და მარიამ ჭონიშვილის ოჯახში. მამამისი დოროთე ყინწვისელი სასულიერო პირთა შთამომავალი იყო და თავად ცხინვალის ფოსტა-ტელეგრაფში მუშაობდა, ხოლო დედა, მარიამ ჭონიშვილი, თავისი დროის კვალობაზე განათლებული ქალი ყოფილა და მოთხრობებსა და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებდა იმდროინდელ პრესაში. პირველდაწყებითი სწავლა-განათლება, 8 წლის მიხეილმა გორის სასულიერო სემინარიაში მიიღო, რომელიც 1895 წელს დაამთავრა და იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე იყო, მაგრამ მეამბოხე სულის ახალგაზრდამ სასულიერო ხაზით სწავლის გაგრძელება არ ისურვა. მიხეილი ძალიან კარგად უკრავდა ვიოლინოზე. თურმე, დიდხანს ყოყმანობდა, ვერ გადაეწყვიტა სამედიცინოზე ჩაებარებინა თუ კონსერვატორიაში. ბოლოს ისევ მედიცინის მიმართ ინტერესმა სძლია და ექიმობა გადაწყვიტა. მამამ ქონება დააგირავა და საყვარელი შვილი ხარკოვში ერთ-ერთ საუკეთესი უნივერსიტეტში გააგზავნა. საზღვარგარეთ სტუდენტის შენახვა ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ ოჯახთან ერთად მიხეილს კეთილი ადამიანებიც დაეხმარნენ. ილია წინამძღვრიშვილმა სტიპენდიაც დაუნიშნა და ცხინვალის საზაფხულო თეატრში მისთვის საქველმოქმედო კონცერტიც გამართა, სადაც მუსიკოსებთან ერთად მიხეილიც იღებდა მონაწილეობას. 1901 წელს მიხეილ წინამძღვრიშვილი, ხარკოვის უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტის მსმენელად ჩაირიცხა, ორ წელიწადში ატესტატიც აიღო ქალაქის მე-4 გიმნაზიაში და 1904 წელს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც 1910 წელს დაამთავრა. ხარკოვში სწავლის პერიოდში, სტუდენტობისას, ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს მდივანი იყო და თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო მოძრაობაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. გარკვეული პერიოდი ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის კათედრაზე მეცნიერულ-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა პროფესორ კონსტანტინე გეორგიევსკისთან. გეორგიევსკის რეკომენდაციით მალევე ქალთა ახლად დაარსებული სამედიცინო კურსების ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტად აირჩიეს და დისერტაციაც დაიცვა. 1914 წელს მიხეილ წინამძღვრიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და სამედიცინო სფეროში დაიწყო მუშაობა. ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის ქალაქთა კავშირის ლაზარეთის თერაპიული განყოფილების გამგედ დაინიშნა. მალე ქალაქის პირველი საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგეც გახდა. პარალელურად, სპირიდონ ვირსალაძესა და ივანე თიკანაძესთან ერთად ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება დააარსა, ხოლო უნივერსიტეტის გახსნისთანავე აქტიურად ჩაება სამკურნალო ფაკულტეტის მუშაობაში. 1919 წელს, პროფესორ ალექსანდრე ალადაშვილთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო დარგის დიაგნოსტიკის კათედრის უფროს ასისტენტად მიიწვიეს. ხელმძღვანელობდა ქართველ მეცნიერ-კლინიცისტთა აღზრდას. 1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს ღია სხდომაზე, წინამძღვრიშვილმა ქართულ ენაზე პირველმა დაიცვა დისერტაცია, რისთვისაც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა, აირჩიეს დოცენტად და დიაგნოსტიკის კათედრის გამგედ. 1924 წელს პროფესორის ხარისხში იქნა აყვანილი და 1930 წლამდე დიაგნოსტიკის კათედრას განაგებდა, 1930 წლიდან კი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. 1927-1928 წლებში ბერლინის, ვენისა და პარიზის კლინიკებში იყო მივლინებული. 1930 წელს, სპირიდონ ვირსალაძის გარდაცვალების შემდეგ, მიხეილი ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგედ დაინიშნა. 1937 წელს მიხეილ წინამძღვრიშვილმა პირველმა გამოსცა ქართულ ენაზე შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის ორტომიანი სახელმძღვანელო. 1945 წელს, მაცესტაში დასასვენებლად მყოფ სტალინს, მიხეილ წინამძღვრიშვილიც ეწვია, როგორც მისი მკურნალი ექიმი და სემინარიის მეგობარი. მიხეილმა იქ გაანდო მას თავისი გულისნადები საქართველოში კარდიოლოგიის დარგის განვითარებაზე და ინსტიტუტის გახსნაზე. სტალინმა დახმარება აღუთქვა და მართლაც, საქართველოს რესპუბლიკის 1946 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იყო სამეცნიერო აკადემიის სისტემაში კარდიოლოგიის სექტორის მოწყობისა და შენახვის ხარჯები. 1946 წელს მიხეილ წინამძღვრიშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს და იმავე წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტს ჩაუდგა სათავეში, რომელიც იმ დროისთვის მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი იყო და ფართო სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. მიხეილ წინამძღვრიშვილი ცნობილი იყო, როგორც მოწინავე საბჭოთა მეცნიერი, დაავადებული გულის უებარი მკურნალი. მან კარდიოლოგიაში ისეთივე სკოლა შექმნა, როგორიც ქირურგიაში – გრიგოლ მუხაძემ. 1951 წელს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად იქნა არჩეული. წინამძღვრიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით შესრულებულია მრავალი სამეცნიერო ნაშრომი. საკუთრივ მას კი 50-მდე სამეცნიერო შრომა ეკუთვნის. მიხეილ წინამძღვრიშვილი გარდაიცვალა 1956 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |