The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე

ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე სარდიონის ძე ლომთათიძე
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1882
გარდაცვ. თარიღი:1924  (41 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    ალექსანდრე ლომთათიძე დაიბადა 1882 წლის 25 მაისს (ძვ.სტ.) ოზურგეთის მაზრის ბახვის თემის სოფელ შვიდაბაურში ღარიბი გლეხის (წარმოშობით სასულიერო წოდებიდან) ოჯახში. 14 წლამდე  ბახვის „სამინისტრო“ სკოლაში სწავლობდა . სკოლის დასრულების შემდეგ მშობლებმა  თბილისში გაგზავნეს, სადაც მსახურობდა ექიმის ოჯახში და პარალელურად თბილისის მეორე გიმნაზიაში სწავლობდა. გიმნაზიაში სწავლის პერიოდიდან ჩაება მარქსისტული წრეების მუშაობაში. მან სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და პარალელურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში.

    ალექსანდრე ლომთათიძე გახლდათ  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“  წევრი.

    1913 წელს  საზღვარგარეთ გაემგზავრა და ცხოვრობდა ლაიფციგში. იმავე წელს დაბრუნდა ტფილისში და მუშაობდა პედაგოგად. არჩეული იყო ტფილისის საბჭოს ხმოსნად.

    1914 წლიდან ალექსანდრე ლომჯთათიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და ჩაბმული იყო საზოგადოების მუშაობაში.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისიდან დელეგატად იქნა გაგზავნილი სრულიად რუსეთის საბჭოების ყრილობაზე. ალექსანდრე ლომთათიძე გახლდათ ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. იმავე წელს რსდმპ „მენშევიკური“ ფრაქციის სიით არჩეული იქნა რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

    1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად და იყო თბილისის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე.

   1919 წლის 12 მარტს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად  აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის - კარლო ჩხეიძის საქართველოში არყოფნის პერიოდში თავმჯდომარეობდა დამფუძნებელი კრების სხდომებს.

   1921 წლის ოკუპაციის  შემდეგ  საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება. იმავე წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად  დააპატიმრეს და მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად  1923 წელს ეტაპით გაგზავნეს სუზდალის პოლიტიზოლატორში, საიდანაც გადაასახლეს ჯერ მარიის ავტონომიურ ოლქში, ხოლო შემდგომ გადასახლებული იქნა ჩუვაშეთის ავტონომიურ ოლქში, საიდანაც მძიმე ავადმყოფობის გამო საშუალება მისცეს საცხოვრებლად  ტაშკენტში გადასულიყო.

    საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ ალექსანდრე ლომთათიძე ტაშკენტში კვლავ დააპატიმრეს, სადაც მალევე ციხეში გარდაიცვალა და დაკრძალეს სერგეი ბოტკინის სახელობის ქრისტიანულ სასაფლაოზე ტაშკენტში.

   2023 წლის 26 მაისს, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი, საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნებითა და ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, უზბეკეთიდან გადმოასვენეს და დაკრძალვამდე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, სადაც მისი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. 28 მაისს ღირსეული ქართველის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მშობლიურ მიწას მიაბარეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქალაქის საბჭო, ხმოსანი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

გააზიარე: