The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თამარ ნიკოლოზის ასული ლომოური

თამარ ნიკოლოზის ასული ლომოური
Date of birth:28 September, 1883
Date of death:1965  (at 81 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

  თამარ ლომოური დაიბადა 1883 წელს ქალაქ გორში ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ლომოურისა და სოფიო ხუდადოვის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება გორის პროგიმნაზიაში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ქალთა გიმნაზიაში, რომელიც 1904 წელს დაამთავრა და ორი წლის განმავლობაში მასწავლებლობდა ჯერ თბილისში და შემდეგ გორში.

  1906 წელს სანკტ-პეტერბურგში ბესტუჟევის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიურ განყოფილებაზე ჩააბარა, რომელიც 1910 წელს წარმატებით დაამთავრა. ამის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის გიმნაზიაში რუსულ ენასა და ისტორიას ასწავლიდა.

  1918 წელს თამარ ლომოურმა თბილისის ახლად დაარსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1922 წელს დაამთავრა და უნივერსიტეტში დატოვეს. 1924 წელს ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ დაინიშნა. 1925-1926 წლებში, თამარმა ფაკულტეტის სხდომაზე წარმატებით ჩააბარა სადოქტორო გამოცდები საქართველოს, სომხეთისა და სპარსეთის ისტორიებში და უნივერსიტეტის ლექტორად დაინიშნა. მას საქართველოს ისტორიის დამხმარე დისციპლინებში კურსის კითხვა ჩააბარეს, ხოლო  1932 წელს დოცენტად დაამტკიცეს.

  1931 წლიდან 1952 წლამდე თამარ ლომოური საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მუშაობდა – ჯერ, როგორც უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, შემდეგ კი ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგე. იგი გახლდათ ივანე ჯავახიშვილის ღირსეული მოწაფე, გამოჩენილი ნუმიზმატი, თვალსაჩინო პედაგოგი და საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი შრომების ავტორი.

  განუსაზღვრელია თამარ ლომოურის ღვაწლი ქართული ნუმიზმატიკური ფონდების მოწესრიგებასა და მეცნიერულ შესწავლაში. იგი გახლავთ ნუმიზმატიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. წამყვანი როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის შექმნის, ინვენტარიზაციისა და სისტემატიზაციის, ახალი ქართული ნუმიზმატიკური ტერმინოლოგიის დახვეწის, შუა საუკუნეების ქართული და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხოური (სასანური, არაბული, სელჩუკური, მონღოლური) მონეტების და ახლო აღმოსავლეთთან საქართველოს სავაჭრო და მონეტარული კავშირების შესწავლის საქმეში. მან აღმოაჩინა რამდენიმე ათეული მანამდე უცნობი არაბული დირჰემის ნიმუშები და საქართველოში გავრცელებული ჯუჩიდური მონეტები, ასევე აღწერა საქართველოში აღმოჩენილი სელჩუკური და მონღოლური მონეტების განძები. გამოიკვლია რუსთაველის ეპოქის ქართული მონეტები, შეისწავლა რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხი: ვახტანგ III-ის ტახტზე ასვლის თარიღი, XIII-XIV საუკუნეების ახალციხეში ზარაფხანის არსებობა, XV საუკუნეში დასავლეთ საქართველოში ქართული მონეტების მოჭრის ფაქტი და სხვ. მასვე ეკუთვნის მოსაზრება შუა საუკუნეებში საქართველოს მთიანეთში — ჟინვალსა და სტეფანწმინდაში ზარაფხანების არსებობის შესახებ. მან საფუძველი ჩაუყარა თბილისის უნივერსიტეტის ნუმიზმატიკის კაბინეტის მეცნიერულ მუშაობას, რომლის მასალები მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის ფონდებს შეუერთდა და მის ბაზაზე აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ინიციატივით დაარსდა ნუმიზმატიკის განყოფილება, ლომოური კი ჯერ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ კი — ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ დაინიშნა. ამ პერიოდში ლომოურის თაოსნობით მუზეუმის ნუმიზმატიკურ განყოფილებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონეტების გარდა თავი მოიყარა საქართველოს საისტორიო და ეთნოგრაფიული საზოგადოების და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კოლექციებმა.

   საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მუშაობის პერიოდში თამარმა მრავალი მეცნიერული ნაშრომი გამოაქვეყნა, ახალი შუქი მოჰფინა საქართველოს ისტორიის არაერთ საკითხს, გამოამჟღავნა ახალი ზარაფხანები, დაათარიღა მანამდე დაუთარიღებელი მასალები და დააზუსტა ზოგიერთი ისტორიული ფაქტი. აღსანიშნავია თამარ ლომოურის ღვაწლი საქართველოს ისტორიის წყაროების შესწავლასა და გამოცემაში. მას ეკუთვნის დავით და ბაგრატ ბატონიშვილების საისტორიო თხზულებების კრიტიკული გამოცემა. პროფესორ ნიკო ბერძენიშვილთან ერთად გამოსცა ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია“.

   თამარ ლომოურს დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეში. იგი 16 წლის განმავლობაში ლექციებს კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტში. სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში დიდი მუშაობა გასწია „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ ტომების მომზადებასა და გამოცემაში, როგორც მთავარი რედაქციის წევრმა და რეცენზენტმა. მისი მრავალმხრივი მეცნიერული მოღვაწეობა ყოველთვის ხასიათდებოდა განსაკუთრებული კეთილსინდისიერებით, კვლევის სიღრმითა და უაღრესი მეცნიერული სიფრთხილით.

  თამარ ლომოური გარდაიცვალა 1965 წელს. იგი სამართლიანად ითვლება საქართველოში ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებლად.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-1915)

Bibliography


Share: