The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იულონ ნიკოლოზის ძე ლომოური

იულონ ნიკოლოზის ძე ლომოური
Date of birth:15 August, 1885
Date of death:26 December, 1966  (at 81 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Agronomist

Biography

      იულიონ ლომოური დაიბადა 1886 წელს გორის მაზრის სოფელ არბოში ცნობილი ქართველი ხალხოსანის, მწერლის და მასწავლებლის ნიკო ლომოურის ოჯახში. თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1906 წელს, ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1911 წელს. იმავე წელს გეოლოგის დიპლომით დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, მაგრამ იმის გამო რომ გეოლოგიას ამ დროს საქართველოში თითქმის არავითარი ყურადღება არ ექცეოდა, მამის რჩევით სწავლას აგრძელებს მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1913 წელს დაამთავრა და ახალგაზრდა აგრონომი სამუშაოდ სმოლენსკის გუბერნიაში გააგზავნეს, მაგრამ მალევე დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო გორის მაზრაში აგრონომად.

    1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, იულონი სამუშაოდ გააგზავნეს ბორჩალოს მაზრაში, სადაც იგი აწყობს საცდელ ნაკვეთებს, მოსახლეობას აძლევს მეცნიერულ რჩევა-დარიგებებს.

    1914 წლიდან "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გორის განყოფილების წევრია და აქტიურადაა ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. 1917 წლიდან არჩეული იქნა ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრად.

      მრავალმხრივი იყო იულონ ლომოურის მოღვაწეობა, როგორც საზოგადოებრივ, ისე პედაგოგიურ და სამეცნიერო ასპარეზზე.

      1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს, იულონ ლომოურს გერმანიაში აგზავნის, სადაც იგი ხელმძღვანელობს სასოფლო–სამეურნეო მანქანა-იარაღების შეძენასა და საქართველოში გამოგზავნის საქმეს. ამავე დროს ეცნობა ადგილობრივი სასწავლებლებისა და საკვლევი ცენტრების მუშაობას. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ იულონი მუშაობას აგრძელებს საქართველოს მიწათმოქმედების სამინისტროში.

     1920 წელს ახალგაზრდა აგრონომი ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით მიიწვიეს აგრონომიულ განყოფილებასთან დაარსებულ სასოფლო-სამეურნეო მექანიკის კათედრის პირველ ასისტენტად. 

     1923 წლიდან ინიშნება იმ დროისთვის უდიდესი ცენტრალური სამეცნიერო დაწესებულების თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორად, ხოლო 1929 წლიდან ახლად დაარსებული აგრონომიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, რედაქტორობს ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალ „მოამბეს“.

    იულონ ლომოურის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯერ თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მუშაობის პერიოდს. 1960 წლამდე იულონ ლომოური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მემცენარეობის კათედრის გამგედ მუშაობდა.  მან შექმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მემცენარეობის კათედრა, იყო  ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, საგამომცემლო სექტორის გამგე, ასპირანტურის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი.  დიდი შრომა გასწია მემცენარეობის ქართული მეცნიერული ტერმინოლოგიის შესაქმნელად და ამ დარგის მეცნიერ-მუშაკთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში.

     იულონ ლომოური სამართლიანად ითვლება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო განთლების ერთ-ერთ ფუძემდებლად. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად იულონი სამეცნიერო-კვლევით მუშაობასაც ეწეოდა. იგი ავტორია სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო შრომების. მას გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო შრომა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის პირველ ორიგინალურ სახელმძღვანელოს „მარცვლეული კულტურები“, რომელიც გამოქვეყნდა ორ ტომად 1946 და 1950 წლებში.

    იულონ ლომოურმა აგრონომიულ სარბიელზე თავისი მოღვაწეობის 52 წლის მანძილზე 46 წელიწადი მეცნიერულ-პედაგოგიურ საქმიანობას მოახმარა. დაჯილდოვებული იყო ორი ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. მის სახელს ატარებდა საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

     იულონ ლომოური გარდაიცვალა 1966 წლის 26 დეკემბერს და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1914-)

Awards and Honors

  • „საპატიო ნიშნის“ ორდენი
  • ლენინის ორდენი

Share: