The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ მერაბის ძე ლორთქიფანიძე

ნიკოლოზ მერაბის ძე ლორთქიფანიძე
Date of birth:17 September, 1880
Date of death:25 May, 1944  (at 63 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Publisher, Writer, Educator, Publicist

Biography

    ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ჩუნეშში საზოგადო მოღვაწის მერაბ ლორთქიფანიძის ოჯახში, დედა წულუკიძეთა ოჯახის ასული იყო. ნიკოლოზი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო, მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან და მათ „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ამ „ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა მწერლის ბაბუა გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც ბავშვობიდანვე დაახლოებული ყოფილა იმერეთის მეფე სოლომონ II.

   ნიკოლოზმა წერა-კითხვა შინ შეისწავლა და მწერლობაც ადრეული ასაკიდან დაუწყია, თუმცა ბავშვობის ხანის ნაწერები მოგვიანებით თავადვე გაუნადგურებია. ნიკო ლორთქიფანიძემ ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და ხარკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, ხოლო მალევე იურიდიულზე გადავიდა, თუმცა უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა, რადგან სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის სასწავლებლიდან გარიცხეს.

   1902 წელს ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში გაემგზავრა. ბინას, სადაც იგი ცხოვრობდა, ამშვენებდა წარწერა: „პრინცი ლორთქიფანიძე“. აღნიშნული პერიოდი მწერლისთვის ფათერაკიანი აღმოჩნდა. მას ერთ-ერთ ლექტორთან, შეურაცხმყოფელი გამოხტომის გამო, უსიამოვნება მოსვლია და დუელშიც გამოუწვევია, რომელიც „ქართველი პრონცის“ გამარჯვებით დასრულებულა. დუელში ჩაბმა ნიკო ლორთქიფანიძეს კიდევ ერთხელ მოუწია, ოღონდ ამჯერად რუს ოფიცერთან, რომელმაც ქართველები მასხრად აიგდო.

   1907 წელს ნიკო ლორთქიფანიძე, ისე რომ სასწავლებელი არ დაუმთავრებია, სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში გერმანულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამავე დროს ეწეოდა პუბლიცისტურ და საგამომცემლო საქმიანობას, რედაქტორობდა გაზეთ „ერს“, რომელიც ხელისუფლებამ ეროვნული პოზიციის გამო დახურა. 1910-1911 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალი „ცხოვრება და ლიტერატურა“.

   1912-1915 წლებში ნიკო ლორთქიფანიძე ქუთაისში ცხოვრობდა, სადაც საადგილმამულო ბანკში დამფინანსებლად მუშაობდა. ამ პერიოდში იგი არაერთ გამოჩენილ ქართველ მოღვაწეს დაუახლოვდა: ტიციან ტაბიძეს, პაოლო იაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, კონსტანტინე გამსახურდიასა და სხვებს. ნიკო ლორთქიფანიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა ადრეულ ასაკში დაიწყო და მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება, „სახალხო გაზეთი“ და სხვა. მან იმთავითვე ყურადღება მიიქცია, როგორც უაღრესად ჰუმანური იდეების გამომხატველმა შემოქმედმა და პიროვნებამ. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით გამოირჩევა. მისი პოეტური მინიატურები ღრმა ლირიზმით არის გამსჭვალული, რომელშიც სამშობლოს ბედით შეწუხებული ადამიანის წუხილი ისმის.  მწერლის ნაწარმოებებიდან გამორჩეულია: „საქართველო იყიდება“, „პატარა კაცი“, „ტრაგედია უგმიროდ“, „თავსაფრიანი დედაკაცი“, „მრისხანე ბატონი“, „ ჟამთა სიავე“, „რაინდები“, „ღვთის სამსჯავროზე“ და მრავალი სხვა, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

   1917 წლიდან მწერალი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „სამშობლოს“ პასუხიცმგებელი მდივანი იყო, ხოლო მოგვიანებით ამავე გაზეთის რედაქტორი გახდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით ქუთაისში გამოდიოდა ლიტერატურული ალმანახი „კრებული“.

   1925 წლიდან ნიკო თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა. თანამედროვენი მას ახასიათებენ როგორც დიდსულოვან, არისტოკრატული ბუნების მოკრძალებულ ადამიანად. მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ბოლო წლები ჩვენი ქვეყნის შავბნელ პერიოდს დაემთხვა. იგი თავისთვის ჩუმად და უპრეტენზიოდ ცხოვრობდა და ხელისუფალთ ყველანაირად თავს არიდებდა. ნიკო ლორთქიფანიძე იყო მხატვრული სიტყვის ბრწყინვალე ოსტატი, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მე-20 საუკუნის ქართული პროზის განვითარება.

   ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წლის 25 მაისს 64 წლის ასაკში და დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, საიდანაც 1954 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. პანთეონში მის გვერდით განისვენებს მისი მეუღლე - თამარ გიორგის ასული ჩხეიძე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Share: