The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია

ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია
სხვა სახელი:მაჭახელიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1855
გარდაცვ. თარიღი:8 ოქტომბერი, 1907  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, კუკიის სასაფლაო
კატეგორია:იურისტი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

   ალექსანდრე ჭყონია დაიბადა  1855 წელს ახალციხეში. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1875 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა.  მოსკოვიდან, ალექსანდრე ჭყონია, ისტორიის მეცნიერებათა შესასწავლად პარიზში გაემგზავრა, სადაც ორი წელი დაჰყო.

    1877 წელს ალექსანდრე ჭყონია სამშობლოში დაბრუნდა და სხვადასხვა დროს იურისტად მუშაობდა ქუთაისის, ფოთის, შორაპნისა და ოზურგეთის სასამართლოს ორგანოებში, მაგრამ 1881 წელს სახელმწიფო სამსახურს თავი დაანება და ნაფიც ვექილად დაიწყო მუშაობა ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ თბილისში.

   ალექსანდრე ჭყონია ფრიად განათლებული ადამიანი გახლდათ. მან კარგად იცოდა  ევროპული ენები და ჯეროვნად ჰქონდა შესწავლილი ლიტერატურა და ისტორია.

   ალექსანდრემ ქართულ პრესასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო და ამის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ხალხის კულტურულ ცხოვრების ყველა დარგში. მისი შრომებიდან, გარდა საგაზეთო და საჟურნალო წერილებისა სხვადასხვა საკითხებზე, აღსანიშნავია ცალკე წიგნად გამოცემული „ისტორიული ნარკვევი ანუ საისტორიო ქრესტომატია", რომელიც 1890 წელს დაიბეჭდა.

   ალექსანდრე ჭყონია აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. აღსანიშნავია, რომ მან პირველმა თარგმნა და გააცნო ქართველ საზოგადოებას ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ცნობები საქართველოს შესახებ. იგი ამ მასალებს ფრანგული და იტალიური ენებიდან თარგმნიდა. მათ შორის აღსანიშნავია: არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა", შემდეგ პიეტრო დელლა ვალეს „მოხსენება საქართველოს შესახებ 1627 წ.“, „იტალიელი მოგზაურები საქართველოში-იოსაფა ბარბარა და ამბროზიო კონტარინი", „ტავერნიეს მოგზაურობიდან მე-17 ს.“ და სხვა.

    ალექსანდრე ჭყონია აქტიური მონაწილე და ხელმძღვანელი მუშაკთაგანი იყო ყველა ქართული კულტურული ორგანიზაციისა. იქნებოდა ეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, ბანკი, დრამატიული საზოგადოება, სტუდენტთა დამხმარე საზოგადოება თუ მრავალი სხვა დაწესებულება.

   1884 წელს ქუთაისში გაზეთ „შრომის“ თანამშრომლებმა და რამდენიმე განათლებულმა ადამიანმა „წიგნების გამომცემელი წრის“ დაფუძნება გადაწყვიტეს, რომლის წესდება ალექსანდრე ჭყონიამ შეადგინა და ამის შესახებ ილია ჭავჭავაძეს აცნობეს.

   1894 წლიდან ჭყონია რედაქტორობდა ერთადერთ ქართულ თვიურ ჟურნალს - „მოამბეს“. გარდა ორგანიზაციული და რედაქციული ხასიათის შრომისა, იგი ჟურნალში ლიტერატურულ მუშაობასაც ეწეოდა, სადაც ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს და შინაურ მიმოხილვებს. იგი ჟურნალს 1905 წლამდე რედაქტორობდა, ვიდრე იგი არ დაიხურა. ალექსანდრე ჭყონია რედაქტორობდა გაზეთ „სახალხო ფურცელსაც“.

   ალექსანდრე ჭყონია, მძიმედ დასნეულებული, 1907 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

 განუწყვეტელი შრომით ადრე დასნეულებული ალექსანდრე ჭყონია გარდაიცვალა 1907 წლის 8 ოქტომბერს. იგი დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1885-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, კუკია, ფერტის სახლი

გააზიარე: