The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კოწია ნიკოლოზის ძე მანჯგანაძე (დეკანოზი)

კოწია ნიკოლოზის ძე მანჯგანაძე
Legal name:კონსტანტინე ნიკოლოზის ძე მანჯგანაძე
Date of birth:1869  (155 years)
Date of death:192?
Category:Religious leader

Biography

    კონსტანტინე მანჯგანაძე დაიბადა 1869 წელს მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც 1893 წელს, მეექვსე კურსიდან მიატოვა სწავლა.

   1893-1898 წლებში საბერიოს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სამრევლო-საეკლესიო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. იყო ამ საზოგადოების აქტიური წევრი.

   1898 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა არსენმა (იზოტოვი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და სანავარდოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესა, ხოლო ერთი წლის შემდეგ პირველი საბერიოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში გადაიყვანეს და საბერიოს სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

   1902 წელს პირველი თაგილონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში განამწესეს და პარალელურად თაგილონის ორკლასიანი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს.

   1906 წელს ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა და ილორის ორკლასიანი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლადაც დაადგინეს.

   1908 წელს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა და ილორის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.

   1909 წელს მთავარხუცეს დეკანოზ დიმიტრი მარღანიას ცრუ ბრალდების საფუძველზე მთავარხუცესობიდან გადააყენეს.

   1911 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა და ამავე წელს სკუფიაც უბოძეს.

   1911 წელს ილორის ოლქის სასულიერო გამომძიებლად აირჩიეს.

   1914 წლიდა მამა კონსტანტინე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ოჩამჩირის განყოფილების წევრი, ხოლო 1916 წლიდან  საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1917 წელს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე იღებდა მონაწილეობას.

   1917 წელს აჩიგვარას ეკლესიაში გადაიყვანეს და ამავე წელს გალში გამართულ სამურზაყანოს ოლქის სამღვდელოების კრებაზე აჩიგვარას საოლქო საბჭოს წევრად აირჩიეს.

   1918 წელს, შობის დღესასწაულზე ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია), კამილავკით დააჯილდოვა.

   1920 წელს გუდაუთის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში დაინიშნა.

    მამა კონსტანტინეს ჰყავდა მეუღლე, სამურზაყანოში ცნობილი სასულიერო პირის სპირიდონ ლაზარეს ძე რურუას ქალიშვილი ანასტასია რურუა და შვილები: ლავრენტი, თამარი და ზოია.

   1921 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მე-3 ოლქის, გუდაუთის უბნის მთავარხუცეად იხსენიება და უკვე დეკანოზის წოდება აქვს. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრი (1916-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების წევრი (1914-)

Bibliography


Share: