Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ვასილ ალექსანდრეს ძე მასხულია![]()
Biographyვასილ მასხულია დაიბადა 1865 წელს სენაკის მაზრის სოფელ აბაშაში ღარიბი გლეხის ოჯახში. ვასილ მასხულიამ პირველდაწყებითი განათლება ლანჩხუთის სასოფლო სკოლაში მიიღო, 4 კლასის ცოდნის გამოცდა ჩააბარა მარტვილის სასწავლებელში და 1883 წელს რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა. ეგნატე ნინოშვილის, მიხა ცხაკაიასა და სხვათა გავლენით თავიდანვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1890 წლიდან გაზეთ „ივერიაში“ ტყიბულის მაღაროს მუშების უნუგეშო მდგომარეობაზე წერილებს ათავსებდა და მათ ინტერესებს იცავდა. მისი გავლენით რკინიგზამ დიდ სადგურებსა და სახელოსნოებში სამკითხველოები დააარსა და მოითხოვა ბათუმის რკინიგზის უმთავრესი ხაზი სადგურ რიონიდან ქუთაისში შესულიყო. 1905 წელს აქტიურად იყო ჩაბმული რევოლუციურ მოძრაობაში. მის ბინაზე იმართებოდა არალეგალური კრებები და იგეგმებოდა რკინიგზის მუშა-მოსამსახურეთა გაფიცვები. ფოთიდან გამომგზავრებული საბარგო მატარებელი, რომელსაც მთავრობის იარაღი მოჰქონდა, მისი წინადადებით ჭალადიდის ტყეში გააჩერეს, იარაღი გადმოტვირთეს და ტყეში გადამალეს. 1917 წლის რევოლუციამ მას ევლახის რაიონში რკინიგზის ხაზზე მოუსწრო, საიდანაც თბილისში პირველ საოლქო მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ყრილობაზე დეპუტატად გააგზავნეს, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყვანეს და 1918 წელს რკინიგზის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამ კომიტეტმა, მასხულიას თაოსნობით, ქუთაისის ქალაქის საბჭოს, ოსმალთა შემოტევების დროს ბათუმიდან და ტრაპიზონიდან გამოტანილი აუარებელი ქონება გადააბარა. ვასილ მასხულია სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებთან თანამშრომლობდა და ძირითადად სწავლა-განათლების, კოოპერაციის, ქვანახშირისა და შავი ქვის მრეწველობის, მუშათა მდგომარეობის და სხვა საზოგადოებრივ-კულტურულ საკითხებზე წერდა. მასხულიამ გაილაშქრა იმ თანამემამულეთა წინააღმდეგ, რომელთაც რუსების – ვოსტორგოვლევიცკების შთაგონებით, მეგრელებისათვის ახალი ანბანის შექმნა განიზრახეს და ავტონომიაზეც დაიწყეს ლაპარაკი დედა-საქართველოდან განცალკევების მიზნით: „თითქმის ნახევარი ქართული სიტყვებია მეგრულ კილოში და როდესაც ასეთი ნათესაობაა ქართულსა და მეგრულს შორის, რათ უარჰყოფთ ქართველებთან ნათესაობასა და ქართულ წერა-კითხვასო: დღეს სამეგრელოს მშრომელ ხალხს ავტონომია კი არ უნდა, არამედ დანარჩენ ქართველ მშრომელ ხალხთან ერთად მუშაობა ქვეყნის ეკონომიურ-კულტურული წარმატებისათვის“. ვასილ მასხულიამ პირველმა აღძრა საკითხი ქართველ მსახიობთა დასახმარებლად "საპენსიო თანხის" შედგენისათვის და ქუთაისში ბაგრატის ტაძრის კედლების დაცვისათვის გალავნის შემოვლებაზე, რათა "შევუნარჩუნოთ იგი მომავალ თაობას". ვასილ მასხულია გარდაიცვალა 1951 წლის 20 აგვისტო და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |