The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი

კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი
Date of birth:26 November, 1876
Date of death:29 August, 1927  (at 50 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Poet

Biography

       კონსტანტინე მაყაშვილი დაიბადა 1876 წლის 26 ნოემბერს თელავის რაიონის სოფელი იყალთოში, ზაქარია მაყაშვილისა და ნინო აბელიშვილის ოჯახში. ზაქარია ხელმოკლე მემამულე იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ ხუთი წლის კოტე ყარსის ოლქში, დაბა სარაყამისში, გაგზავნეს, სადაც მისი უფროსი ძმები მსახურობდნენ. რვა წლის კოტე ისევ სამშობლოში წამოიყვანეს. 

    1886 წელს ბიძამ კოტე თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარა, ხოლო ორი წლის შემდეგ თბილისის მეორე კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასში გადაიყვანეს, რომელიც 1895 წელს დაამთავრა და სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კოტემ აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

     1900 წელს კონსტანტინე მაყაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, თუმცა აქ დიდხანს არ დარჩენილა და 1903 წელს ქართულ სათავადაზნაურო ბანკში დამფასებლად, ხოლო 1915 წელს ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს.

    1902 წლიდან კონსტანტინე მაყაშვილი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში.  საზოგადოებაში მის გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ:გრიგოლ ყიფშიძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი.

    კონსტანტინე მაყაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში: გაზეთებში - "ივერია", "სახალხო გაზეთი", "ისარი", "საქართველო", "ლომისი", "თემი" და სხვა. ჟურნალებში - "საქართველო", "ფასკუნჯი", "პრომეთე", "ლომისი". 1914 წელს გამოვიდა პოეტის ლექსების პირველი და ერთადერთი კრებული "ლირიკა".

     1918 წელს კონსტანტინეს თავმჯდომარეობით დაარსდა ხელოვანთა ცენტრი, ხოლო 1921 წელს იგი აირჩიეს ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლის თავმჯდომარედ. იგი გახლდათ ინიციატორი სათავადაზნაურო დაწესებულებასთან იმ განსაკუთრებული ფონდის დაარსებისა, რომელიც ყველა ხელმოკლე, ნიჭიერ ახალგაზრდას უწევდა დახმარებას. იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი დამაარსებელი და გამგეობის წევრი ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოების და ქართული ფილარმონიული საზოგადოებისა, საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და ქართული დრამატული საზოგადოების 1920-იანი წლების დასაწყისში "აკადემიური მწერლობის" კავშირის აქტიური წევრი.

    კონსტანტინე მაყაშვილი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, კავშირის ჩამოყალიბებისთანავე აირჩიეს პირველ თავმჯდომარედ და თითქმის ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა ამ მძიმე და საპატიო საქმეს.

    კონსტანტინე მაყაშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა დაავადდა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1927 წლის 29 აგვისტოს, წაღვერში გარდაიცვალა.  დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე (1916-1926)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1902-1911)
  • ქართული დრამატული საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1921-)
  • ხელოვანთა კულტურული კომიტეტისა და ხელოვანთა სასახლე, თავმჯდომარე (1921-)

Share: