The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ივანე გიორგის ძე მაჩაბელი

ივანე გიორგის ძე მაჩაბელი
Date of birth:8 February, 1854
Date of death:26 June, 1898  (at 44 years)
Burial location:უცნობია
Category:Interpreter, Writer, Publicist, Public Figure

Biography

  ივანე მაჩაბელი  დაიბადა 1854 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტ.27 იანვარი) სოფელ  თამარაშენში, გაღარიბებული მემამულის გიორგი მაჩაბლის ოჯახში. ივანე აღზარდა პაპიდამ, ელენე დიასამიძემ.

  ივანე მაჩაბელმა 14-15 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა. საშუალო ცოდნა თბილისის გიმნაზიაში  მიიღო. იგი გატაცებით ეწაფება ქართულ და რუსულ ლიტერატურას, სწავლობს უცხო ენებს. 1871 წელს, გიმნაზიის კურსის დასრულების შემდეგ, მიემგზავრება პეტერბურგში თავის ძმასთან – ვასილ მაჩაბელთან, რომელიც უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

  ივანე მაჩაბელი ამ პერიოდისთვის ბუნებისმეტყველებით იყო გატაცებული და სწორედ ამ დარგზე ჩააბარა  პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ მალე ძმის ზეგავლენით,  დაინტერესდა იურიდიული მეცნიერებით და ეს ფაკულტეტიც დაასრულა.

  ივანე მაჩაბლის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინეს 60-70-იანი წლების რუსეთის რევოლუციონერ-დემოკრატებმა. ამ დროს რუსეთის რევოლუციურ-ხალხოსნურ მოძრაობაში მონაწილეობას იღებდნენ მოწინავე ქართველი ახალგაზრდებიც. აღსანიშნავია, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ივანე მაჩაბელი ქართველ რევოლუციონერ ხალხოსნებს დაუკავშირდა.

  1873  წლის ზაფხულში, ბანკის საქმეების გამო, პეტერბურგში ჩასულმა ილია ჭავჭავაძემ ივანე მაჩაბელს  გაუზიარა თავისი განზრახვა და სთხოვა ერთად ეთარგმნათ შექსპირი. 1873 წლის „კრებულის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების თარგმანი.

  1874 წელს მაჩაბელი სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წლის ბოლოს, აგრონომიულ მეცნიერებათა შესწავლის მიზნით, გაემგზავრა ოპენჰაიმის აკადემიაში (შტუტგარტის მახლობლად), სადაც ორი წელი დაჰყო.

  1878 წელს ივ. მაჩაბელი საფრანგეთიდან პეტერბურგს გაემგზავრა, სადაც ქართველ სტუდენტთა წრეში ლიტერატურულ თემებზე მოხსენებებს კითხულობდა, ერთი წლის შემდეგ იგი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში და ლიტერატურულ-პუბლიცისტურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. 

  1879 წელს ივანე მაჩაბელი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებიდანვე ჩაება საზოგადოების საქმიანობაში, იყო საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, გამგეობის წევრი 1879–1892 წლებში, ხაზინადარი 1879 წლიდან, თავმჯდომარის ამხანაგი 1888–1891 წლებში, მზრუნველობდა საზოგადოების ბიბლიოთეკას. საზოგადოებაში საქმიანობის პარალელურად 1882–1883 წლებში იყო ჟურნალ "ივერიის" მეორე რედაქტორი. 1892 წელს, ილია ჭავჭავაძესთან კონფლიქტის გამო, უარი თქვა გამგეობის წევრობაზე და ჩამოშორდა საზოგადოების საქმიანობას.

  1883  წელს ივანე მაჩაბელი გაზეთ „დროების“ რედაქტორი ხდება. მაგრამ 1885 წლის სექტემბერში მთავრობამ მეფის ხელისუფლების საწინააღმდეგო წერილების სისტემატურად ბეჭდვის გამო გაზეთი დახურა, გაზეთის რედაქტორი კი პასუხისგებაში მისცეს და სამუდამოდ აუკრძალეს რაიმე გამოცემის რედაქტორობა.

  ივანე მაჩაბელი იყო 1888 წლის " ვეფხისტყაოსნის" გამოცემის ორგანიზატორი იონა მეუნარგიასთან ერთად.

  1897  წლის მაისში ივანე მაჩაბელი მძიმედ დაავადდა.

  1898  წლის 26 ივნისს ქალაქში ხმა დაირხა ივანე მაჩაბელი უგზო-უკვლოდ დაიკარგაო... წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მომდევნო 1899 წლის წევრთა სიაში მაჩაბელი დატოვა. ალბათ, იმედი ჰქონდათ რომ გამოჩნდებოდა...

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი (1879-1892)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1898)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხაზინადარი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე (1888-1891)

Share: