The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ელეონორა მიხეილის ასული მახვილაძე

ელეონორა მიხეილის ასული მახვილაძე
Legal name:ელეონორა (ლოლა) მიხეილის ასული ტერ-ფარსეგოვა
Other name:ლუბა  (Pseudonym)
Date of birth:18 August, 1875
Date of death:1933  (at 57 years)
Burial location:თბილისი
Category:Founding member, Lawyer, Educator, Politician

Biography

    ელეონორა (ლოლა) ტერ-ფარსეგოვა დაიბადა 1875 წლის 18 აგვისტოს (ძვ. სტ.) ქალაქ თბილისში,  „კოლეჟსკი ასესორის“  აზნაურ მიხეილ ოსეფის ძე ტერ-ფარსეგოვის და მატილდა ვასილის ასულ ბარტოლდის ოჯახში.

    ელეონორამ თბილისის ქალთა გიმნაზია დაამთავრა და 1902 წლიდან   გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, ხოლო 1905 წლიდან მეუღლესთან - ექიმ ვლადიმერ მახვილაძესთან ერთად,  ცხოვრობდა ქალაქ სოხუმში და ასწავლიდა კერძო სკოლაში.

   1905 წლის რევოლუციის დროს და 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ ელეონორა მახვილაძე აქტიურად იყო ჩართული საპროტესტო გამოსვლებში, მაგრამ ძიებისას მან უარი განაცხადა რაიმე სახის ახსნა-განმარტების მიცემაზე. მიუხედავად ყველაფრისა ელეონორა არ დააპატიმრეს სოხუმის ციხის გადატვირთულობისა და იქ ქალთა განყოფილების არარსებობის გამო.

   1919 წლის თებერვლიდან ელეონორა მახვილაძე  თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად იყო არჩეული და იყო მკერავთა პროფკავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არჩეული იყო თბილისის საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ.

   1919 წლის 12 მარტიდან ელეონორა მახვილაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს  სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა შრომის, საპენსიო და სახალხო ჯანმრთელობის კომისიებში.

   1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ  საქართველოში დარჩა  და წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო ჩართული. თბილისში მისი  ბინა გამუდმებული თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა.

   ელეონორა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში შედიოდა, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად. 1922 წლიდან კომიტეტი საოკუპაციო რეჟიმთან მებრძოლი პარტიების ერთიან ორგანიზაციად - „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“ გარდაიქმნა.

   1922 წლის 13 თებერვალს, საქართველოს ოკუპაციის წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად  ელეონორა  თავის ძმასთან - კონსტანტინესთან ერთად საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ჩეკა) ორდერით  საკუთარ სახლში დააპატიმრა  და 3 თვით, იზოლაციის წესით, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მალევე გაანთავისუფლეს.

   ელეონორა მახვილაძე აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ განადგურებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური ორგანიზაციების აღდგენის პროცესში.

   1925 წელს იგი აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში, ხოლო თავმჯდომარის - სოლომონ თელიას დაპატიმრების შემდეგ ცეკას თავად ხელმძღვანელობდა. მონაწილეობდა პარტიის ახალი ტაქტიკის შემუშავებასა და საორგანიზაციო საქმიანობის გამოცოცხლებაში.

   საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ელეონორა მახვილაძე 1926 წლის 22 თებერვალს დააპატიმრა და ამიერკავკასიის ფარგლებიდან გაასახლა, საიდანაც  1930-იან წლებში დაბრუნდა და  ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას.

   ელეონორა მახვილაძე  1930-იანი წლების პირველ ნახევარში  (ზუსტი თარიღი უცნობია) თბილისში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი (1911-)

Contacts Information

  • Home
    Address:უდელის (ამჟამინდელი პეტრიაშვილის) ქუჩა N14

Share: