The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ბართლომე გრიგოლის ძე მეგრელიძე

ბართლომე გრიგოლის ძე მეგრელიძე
Other name:ბ. ანუსიძე  (Pseudonym)
ბ. მაღრაძე  (Pseudonym)
Date of birth:15 February, 1883
Date of death:9 September, 1943  (at 60 years)
Category:Educator, Publicist, Public Figure

Biography

   ბართლომე მეგრელიძე დაიბადა 1883 წლის 15 თებერვალს გურიის სოფელ ხიდისთავში.

   პირველ-დაწყებითი განათლება სოფელ ქვენობანის სამრევლო სკოლაში მიიღო და შემდეგ სწავლა ბასილეთის ორკლასიან სასწავლებელში გააგრძელა, რის შემდეგაც ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა.

   1901 წელს გამოცდები ჩააბარა ორკლასიანი სკოლის მასწავლებლის წოდებაზე და 1902 წლიდან ხვაბრეთის ორკლასიან სასწავლებელში დაიწყო მუშაობა.

   1903 წლიდან მეგრელიძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა არასრულსა და სრულ საშუალო სკოლებში და ინსპექტორობდა ქართულ, რუსულ, სომხურ და ბერძნულ სკოლებში მუსლიმან ქართველთა შორის.

   1906 წელს მისი და ნოე ქურიძის (ზომლეთელი) ინიციატივით დაარსდა გურიის სახალხო მასწავლებელთა კორპორაცია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავად იყო.

   მეგრელიძე აქტიურად მონაწილეობდა ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რის გამოც ჟანდარმერია სდევნიდა და 1907 წელს დააპატიმრეს, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო პიროვნება.

   1908 წლიდან, მეფის ხელისუფლებამ მას გურიაში ცხოვრება და მასწავლებლად მუშაობა აუკრძალა და იგი იძულებული გახდა მასწავლებლობა აჭარაში, კერძოდ ხულოში გაეგრძელებინა.

   1908-1910 წლებში საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა ქართველ მუსლიმებში აჭარაში, ართვინსა და საინგილოში, სადაც რთულ პირობებში უხდებოდა მუშაობა, რადგან ადგილობრივი ხოჯა-მოლები წინააღმდეგობას უწევდნენ, რომ ბავშვებს სკოლაში ქართული ენა ესწავლათ. მოსახლეობაში მისი ავტორიტეტის ზრდის გამო, იგი ხულოს მოაშორეს და ბათუმის ოლქშიც აუკრძალეს მუშაობა.

   1911 წელს, თბილისში, ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული პედაგოგიური კურსები დაამთავრა. 1911-1914 წლებში ჩოხატაურის, ხოლო 1915-1917წლებში ხიდისთავის სკოლებში მუშაობდა.

   1914 წლიდან ბართლომე მეგრელიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხიდისთავის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   1917-1918 წლებში ართვინის ოლქის მმართველად დაინიშნა, სადაც მისი ძალისხმევით რუსული ექვსკლასიანი სკოლა ქართულ სკოლად გადაკეთდა. დააარსა ახალი სკოლებიც და ავრცელებდა ქართულ წიგნებსა და გაზეთებს.

   ბართლომე მეგრელიძე პედაგოგიური ხასიათის წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ „განათლებაში“ და „განათლების მუშაკში“. აღსანიშნავია მისი ნარკვევები: „დედა-ენის საკითხი ქართველ მუსულმან ინგილოებში“ და „სწავლა-განათლების საქმე საინგილოში“.

    1925-1926 წლებში ბართლომე მეგრელიძე საინგილოში მოღვაწეობდა, სადაც 26 ქართული სკოლა გახსნა. ოჯახში შემონახულია მისი მეტად საგულისხმო ჩანაწერი: "იუბილე გადავუხადეთ დამსახურებულ მასწავლებელს სოფიო ყულოშვილისას, რომელსაც უსწავლებია საინგილოს საქალებო სკოლაში 30 წელი. ეს იუბილე პირველი იყო აზერბაიჯანში. ამ დილით მას დაუნიშნეს ასი მანეთი პენსია, რითაც მადლიერი დარჩა. ამით შევძელი, რომ დამეინტერესებინა სხვა ინგილოები!.."

   ბართლომე მეგრელიძე 40 წელზე მეტი ემსახურა განათლების საქმეს. იგი ქართველ ინტელიგენტთა იმ პლეადას ეკუთვნის, რომელმაც თავისი ცოდნა და ენერგია აჭარელი და ინგილო ახალგაზრდობის აღზრდისა და კულტურული განვითარების დიდ საქმეს მოახმარა. იგი გახლდათ  ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნის იოსებ მეგრელიძის ძმა.

    ბართლომე მეგრელიძე გარდაიცვალა 1943 წლის 9 სექტემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების წევრი (1914-)

Bibliography


Share: