The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სტეფანე გრიგოლის ძე მელიქიშვილი

სტეფანე გრიგოლის ძე მელიქიშვილი
სხვა სახელი:მელიქ-აღა  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1840
გარდაცვ. თარიღი:1887  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აშხაბადი
კატეგორია:გამომცემელი, მესტამბე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   სტეფანე მელიქიშვილი დაიბადა 1840 წელს ახალციხეში გრიგოლ და ანა მელიქიშვილების ოჯახში. მისი წინაპრები აჭარიდან იყვნენ, რომლებმაც მე-19 საუკუნეში ოსმალთა მიერ ქრისტიან ქართველთა დევნისა და ძალით გამუსლიმანების დროს კათოლიკობა მიიღეს და ახალციხეში გადასახლდნენ. თავად სტეფანეს მამა გრიგოლი მე-19 საუკუნის 40-იან წლებში თბილისში გადმოსახლდა და ბებუთაანთ (ლადო ასათიანის) ქუჩაზე სახლი აიშენა, სადაც შემდეგში მისმა შვილმა, ქიმიკოსმა პეტრე მელიქიშვილმა ქიმიური ლაბორატორია მოაწყო.

     სტეფანე გახლდათ მე-19 საუკუნის გამოჩენილი პიროვნება, ქართული წიგნისა და გაზეთის სასტამბო-საგამომცემლო საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1863 წელს გრიგოლ მელიქიშვილმა, დიმიტრი ბაქრაძემ და ვახტანგ თულაშვილმა ამხანაგობა შექმნეს და თბილისში სტამბის გახსნა გადაწყვიტეს. ამ საქმის მოგვარება ახალგაზრდა სტეფანეს მიანდეს. სტეფანეს და მთელი მისი ოჯახის დამსახურებაა სასტამბო-საგამომცემლო საქმის წარმატება. სტეფანე ამ საქმისთვის სპეციალურად მიავლინეს ევროპაში. იგი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ვენაში დიდებული შრიფტი დაამზადებინა, რომელსაც „ვენის შრიფტი“ დაერქვა, საუკეთესო სტამბა გააწყობინა და თბილისში ჩამოატანინა. იმ დროინდელ საქართველოში ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

   1865 წელს სტეფანე მელიქიშვილის სტამბამ პირველი პროდუქცია გამოუშვა. ეს იყო იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ იყო სერგეი მდივანის „ქართულ-სომხური კალენდარი“, პეტრე უმიკაშვილის „ქართული ანბანი“ და ა.შ.

    1866 წელს სტეფანემ დაიწყო ქართული გაზეთის „დროების“ გამოცემა. გამომცემელი იყო სტეფანე მელიქიშვილი, რედაქტორი - გიორგი წერეთელი, ხოლო შემდეგ სერგეი მესხი. სტეფანე ამ გაზეთის არა მარტო გამომცემელი და ფინანსური ხელისშემწყობი, არამედ მისი თანამშრომელიც გახლდათ და აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს. როცა 1877 წლის აგვისტოში, აჭარის შემოერთებისათვის ომი დაიწყო, სტეფანე თავის სიძესთან სერგეი მესხთან და თბილისის ნოტარიუს დავით ყიფიანთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე ჩავიდა და ამ დიდი ეროვნული საქმიანობის მქონე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებდა.

    სტეფანე მელიქიშვილის სტამბაში, გარდა „დროებისა“, სხვა ჟურნალ-გაზეთებიც იბეჭდებოდა. ბოლო დროს სტეფანეს კომერციულმა საქმიანობამ არ გაუმართლა, მტრები და მოშურნეებიც გამოუჩნდნენ და იგი იძულებული გახდა თბილისს გასცლოდა. სტეფანე მოხუც მამასთან ერთად აშხაბადში გადავიდა, სადაც 1887 წელს გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

    სტეფანე მელიქიშვილის გარდაცვალებას ქართული პრესა არ გამოხმაურებია და ნეკროლოგი არ დაბეჭდილა. ამ ამაგდარი ადამიანის გარდაცვალებას მცირე განცხადება მიუძღვნა გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ანონიმმა კორესპონდენტმა: „ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, რომ სამი კვირის წინ ასხაბადში გარდაიცვალა ს.გ. მელიქოვი, პირველი ქართული გაზეთის (რომელმაც უკვე შეწყვიტა გამოსვლა) „დროების“ დამაარსებელი და პირველი გამომცემელი ... სტამბის დაარსებით და გაზეთ „დროების“ პირველ ნაბიჯებზე მხარდაჭერით განსხვენებულმა მელიქოვმა ქართულ ლიტერატურას დიდი სამსახური გაუწია, რომლის დავიწყება დიდი ცოდვა იქნება. ... მას არ ჰქონდა მტკიცე ხასიათი, ასევე არც კლასიკური განათლება, მიუხედავად ამისა, მან სამშობლოსათვის ათჯერ მეტი გააკეთა იმათთან შედარებით, ვისაც გაცილები თ მეტი მომზადება ჰქონდა და ვინც დაჯილდოებული იყო ბუნებრივი თვისებებით. მან ცხოვრებაში საკუთარი კვალი, საზოგადოებაში კი ხსოვნა დატოვა. ღმერთმა მშვიდი სასუფეველი მისცეს მას საკუთარი ქვეყნიდან დაშორებით, რომელიც მას გულმხურვალედ უყვარდა და რომელსაც შეძლებისდაგვარად დაუღალავად ემსახურებოდა“.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1887)

ბიბლიოგრაფია

  • "მელიქიშვილები" : სურმანიძე, რამაზ. - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003. - გვ. 23

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, საკუთარი სტამბა
  • სახლი
    მისამართი:ლადო ასათიანის (ბებუთოვის) N44

გააზიარე: