The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ეკატერინე გრიგოლის ასული მესხი

ეკატერინე გრიგოლის ასული მესხი
Legal name:ეკატერინე (კეკე) გრიგოლის ასული მელიქიშვილი
Date of birth:25 December, 1854
Date of death:20 December, 1928  (at 73 years)
Burial location:თბილისი, კათოლიკეთა სასაფლაო
Category:Publisher, Interpreter, Writer, Public Figure

Biography

    ეკატერინე მელიქიშვილი დაიბადა 1854 წელს თბილისში, ქართველი კათოლიკის გრიგოლ მელიქიშვილის ოჯახში. დედა დიდად განსწავლული და მწიგნობარი ქალი ყოფილა და კეკეს სწორედ მისი მეშვეობით ოჯახშივე შეუსწავლია წერა-კითხვა. ეკატერინეს მშობლები მე-18 საუკუნის 40-იან წლებში ახალციხიდან თბილისში გადმოსახლდნენ. პატარა ეკატერინე ფუფუნებაში იზრდებოდა და კარგი განათლებაც ჰქონდა მიღებული. იგი გამორჩეულ საზოგადოებაში ტრიალებდა და გახლდათ პეტრე და სტეფანე მელიქიშვილების და. იმ დროის ქართულ საზოგადოებას ქალის განათლების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდა და ამ პროცესის წახალისებასაც ცდილობდა.

     ეკატერინეს დაწყებითი განათლება თბილისში მადამ ფავრის (ევგენია იაკობის ასული მარიფავრი) პანსიონში მიუღია, სადაც ასწავლიდნენ საღვთო სჯულს, არითმეტიკას, გეოგრაფიას, რუსულს, ისტორიას, რუსულს, ფრანგულს, სომხურს,  ცეკვა-მუსიკას, ხელსაქმესა და სხვა საგნებს. მაშინ ეს იყო ერთადერთი სკოლა, სადაც ქალებს შეეძლოთ საშუალო განათლების მიღება.

    ეკატერინე მელიქიშვილი სამწერლო ასპარეზზე 1871 წლიდან გამოვიდა. წერდა ზღაპრებს, მოთხრობებს, ფრანგულიდან თარგმნიდა სხვადასხვა ლიტერატურას. სისტემატურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებში: „ნობათი“, „ჯეჯილი“, „მოამბე“ და სხვა. ეკატერინე თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან“. წერდა და თარგმნიდა ინგლისურიდან, გერმანულიდან და რუსულიდან. 1871 წელს „დროებაში“ გამოქვეყნა შკლარევსკის მოთხრობის - „ქალის შრომის“ საკუთარი თარგმანი და 1872 წელს მიმოხილვითი კვლევა „მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი ქალები“.

   1873 წელს, 19 წლის ეკატერინე, ძმებისა და ნიკო ნიკოლაძის დახმარებითა და ხელშეწყობით უმაღლესი განათლების მისაღებად შვეიცარიაში გაემგზავრა. მან ჯერ გიმნაზია დაამთავრა, ხოლო შემდეგ ჟენევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. ამის შემდეგ სამხრეთ საფრანგეთში გადავიდა, მონპელიეს უმაღლეს სასწავლებელში საექიმო ფაკულტეტზე ჩააბარა და უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო. ინსტიტუტში ლექციებს ფარდას ამოფარებული ისმენდა, რადგან მაშინ ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ უმაღლეს საექიმო ფაკულტეტზე სწავლის უფლება, რის გამო, არც პრაქტიკულ მეცადინეობებზე უშვებდნენ.

     შვეიცარიაში ყოფნის დროს ეკატერინე საზოგადოება „უღელის“ წევრი გახდა, რომელიც ციურიხში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა დააარსეს. ციურიხში გატარებული წლები ნაყოფიერი იყო ეკატერინესთვის. იგი დაეუფლა გერმანულ და ფრანგულ ენებს, გაეცნო იმ დროის მოწინავე იდეებს, აქტიურად ადევნებდა თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პარალელურად დიდი მონდომებით სწავლობდა მედიცინას. ეკატერინე მელიქიშვილის გარდა, "უღელში" სხვა ქართველი ქალებიც იყვნენ გაერთიანებულები: კატო და ოლიმპიადა ნიკოლაძეები, ოლღა გურამიშვილი (ნიკო ნიკოლაძის მეუღლე), პელო ნაცვლიშვილი და ბოგუმილა ზემიანსკაია. საქართველოში პირველი ფემინისტური ტალღა სწორედ ამ ქალებს უკავშირდება. 

     ეკატერინე მელიქიშვილი ოდესის უნივერსტეტში ქალთა უმაღლესი კურსების გახსნის ინიციატორი გახლდათ და მისი პირველი დეკანი. იგი ძმასთან, სტეფანე მელიქიშვილთან ერთად, რომელიც გახლდათ გაზეთ დროების" დამაარსებელი, ხელმძღვანელობდა საოჯახო სტამბას, იყო გამომცემლობა "სხივის" ერთ–ერთი დამაარსებელი და საზოგადოება "განათლების" დამფუძნებელი.

     1874 წელს ეკატერინე მელიქიშვილი ცოლად გაჰყვა ცნობილ პუბლიცისტს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს სერგეი მესხს.

      ეკატერინე მელიქიშვილი გარდაიცვალა 1928 წელს თბილისში და დაკრძალულია წმინდა ნინოს სასაფლაოს ზევით, კათოლიკეთა სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1915)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: