The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იონა მიხეილის ძე მეუნარგია

იონა მიხეილის ძე მეუნარგია
Date of birth:26 November, 1852
Date of death:15 May, 1919  (at 66 years)
Burial location:ცაიშის ეკლესიის ეზო
Category:Critic, Writer, Publicist

Biography

  

    იონა მეუნარგია დაიბადა 1852 წლის 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში.

    ცნობები, იონა მეუნარგიას წინაპრების შესახებ, ისტორიულ ქრონიკებში მე–18 საუკუნიდან ჩნდება. ისინი ცაიშის საკათედრო ტაძრის მსახურები ყოფილან. მწერლის ბაბუა, პეპუ მეუნარგია, მე–19 საუკუნის პირველი ნახევარში სახელგანთქმული ოქრომჭედელი იყო.

   დაწყებითი განათლება მარტვილის სამრევლო სკოლაში მიიღო, შემდეგ დაასრულა ქუთაისის სსულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874  წელს, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო, მეუნარგია გარიცხეს სემინარიიდან და იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად ევროპას მიაშურა. იგი ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

   1877 წელს  იონა მეუნარგია ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში გადავიდა, სადაც დიდი გულისყურით ეცნობოდა საფრანგეთის ლიტერატურას, ხელოვნებას, პარიზის კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებას, პარიზში შეხვდა ფრანგული მწერლობის ცოცხალ კლასიკოს – ვიქტორ ჰიუგოს.

   1878  წლის მიწურულს იონა მეუნარგია საშობლოში დაბრუნდა და მთელი არსებით ჩაება საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების საერთო ფერხულში, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში.

   იონა მეუნარგია დაარსების დღიდან ენერგიულად იღწვოდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში“. 1879–1880 წლებში იყო გამგეობის წევრი და საზოგადოების პირველი საქმისმწარმოებელი (გამგეობის მდივანი). 1880 წელს გამგეობის წინაშე წამოაყენა საზოგადოების კანცელარიასთან ბიბლიოთეკის გამართვის საკითხი. მისი აზრით, ეს იქნებოდა წიგნსაცავი, სადაც თავს მოიყრიდა როგორც ხელნაწერი, ასევე ბეჭდური წიგნები. შეადგინა ბიბლიოთეკის ინსტრუქცია, რომელიც გაზეთ "დროებაში" დაიბეჭდა. მანვე ითავა ამ ბიბლიოთეკის მოწყობა–ორგანიზება. 1885 წელს მონაწილეობა მიიღო ნიკო დადიანის უძვირფასესი ბიბლიოთეკის სამეგრელოდან თბილისში ჩამოტანაში. იონა მეუნარგია თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებთან, აშუქებდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საქმისწარმოებას, აგრეთვე ბიბლიოთეკის პრობლემურ საკითხებს.

   მეუნარგია იყო "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური გამოცემის ერთ–ერთი ინიციატორი და კომისიის მდივანი, რუსთველოლოგი. 1884 წელს უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის თხოვნით "ვეფხისტყაოსნის" შინაარსი თარგმნა ფრანგულად და გაუგზავნა მხატვარს (ეს თარგმანი დღემდე დაკარგულია). ივანე მაჩაბელთან ერთად იგი იყო 1888 წლის "ვეფხისტყაოსნის" გამოცემის ორგანიზატორი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა".

   იონა მეუნარგია – ერისა და პიროვნების თავისუფლებისათვის დაუცხრომელი მებრძოლი, თავადაც თავისუფალი ადამიანის ცოცხალ მაგალითად რჩებოდა, ის არასოდეს ჩამჯდარა ხელმწიფის ნავში, რათა ხელშეკრული არ ყოფილიყო საზოგადოებრივ საქმიანობაში. მეუნარგია ყოველთვის არჩევით თანამდებობებზე მუშაობდა. 1891-1894 და 1907-1913  წლებში არჩეული იყო ფოთის ქალაქის თავის მოადგილედ. 1898-1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში.

  1918 წლის 26 მაისს იონა მეუნარგია მოესწრო მისი და მისი თაობის სანუკვარი ოცნების - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამით აღფრთოვანებული და ფრთაშესხმული განახლებული ენერგიით ჩადგა ახალგათავისუფლებული სამშობლოს სამსახურში, მაგრამ საქართველოს თავისუფლებაზე უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა მისი მოღვაწეობის ეს პერიოდი...

    იონა მეუნარგია 1919 წელს 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ცაიშის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში, წინაპართა საგვარეულო საძვალეში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე (1910-1912)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის მდივანი (1879-1880)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: