The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თომა აბრამის ძე მთავრიშვილი

თომა აბრამის ძე მთავრიშვილი
Date of birth:6 October, 1859
Date of death:1928  (at 68 years)
Burial location:ქუთაისი, საფიჩხიას სასაფლაო
Category:Educator

Biography

    თომა მთავრიშვილი დაიბადა 1859 წელს სიღნაღის მაზრის სოფელ ჯიმითში. ექვსი წლის ასაკში მამამ სოფლის სამრევლო სკოლაში მაიბარა, სადაც მან ქართული წერა–კითხვა, ხუცური ანბანი და დავითნის კითხვა შეისწავლა. ამის შემდეგ თომამ სწავლა საცხენისის სამხედრო სასწავლებელში გააგრძელა, სადაც სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და ქართულად დალაპარაკებაც კი ისჯებოდა. 1877 წელს სასწავლებელი დაამთავრა და თბილისის ალექსანდრეს სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ თომა მთავრიშვილს არცერთ სასწავლებელში ქართული არ უსწავლია, იგი მშვენივრად ფლობდა ქართულ ენას, საკმაოდ კარგად იცნობდა ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას.

    1881 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თომა მთავრიშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო ქართულ სკოლაში დაიწყო მუშაობა, რომელიც 1880 წელს გაიხსნა და მას სააზნაურო ბანკი ინახავდა, ხოლო ხელმძღვანელობა მინდობილი ჰქონდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას". თომა მთავრიშვილს, როგორც კარგ მასწავლებელს სათანადო შეფასებას აძლევდა იაკობ გოგებაშვილი, რომელმაც "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების" 1898 წლის 3 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე წინადადება შეიტანა, რომ "ქუთაისის სააზნაურო სკოლის მასწავლებელი თომა მთავრიშვილი დაჯილდოებული იქნეს პროგიმნაზიულ კლასებში გადაყვანით ან გაკვეთილების შემცირებით ჯამაგირის შეუმცირებლად".

    თომა მთავრიშვილის მოღვაწეობა მხოლოდ პედაგოგიური საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა, 80–იანი წლებიდან იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა აღორძინების გზაზე დამდგარ ქართულ კულტურულ საქმიანობაში. თომა მთავრიშვილი ითვლებოდა გაზეთ "ივერიის" მუდმივ კორესპონდენტად და სისტემატურად ათავსებდა სხვადასხვა ხასიათის პუბლიკაციებს ქუთაისის ცხოვრებიდან. იგი აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, თავის უბის წიგნაკში იწერდა და გაზეთ "ივერიაში" აქვეყნებდა. მთავრიშვილი ასევე თანამშრომლობდა "დროებაში" და ქუთაისის "შრომაში".

    თომა მთავრიშვილი ეთნოგრაფიულ წერილებს ათავსებდა კავკასიის სასწავლო ოლქის რუსულ პერიოდულ კრებულებში. ჯერ კიდევ 80–იანი წლებიდან მან დიდი ღვაწლი დასდო პოპულარული წიგნების გამოცემისა და გავრცელების საქმეს. მცირედი შემოწირულობებითა და ნაცნობ–მეგობრებისგან შეგროვებული ფულით ყიდულობდა ქართულ წიგნებს და "წერა–კითხვის საზოგადოების" სახელით სოფლებში ბიბლიოთეკებს აარსებდა. მთავრიშვილი მეტად ენერგიულ მუშაობას ეწეოდა საზოგადოების სახსრების დაგროვებისა და წიგნების ხალხისათვის მიწოდების საქმეში, რაც იმ დროისათვის დიდ სიძნელეს წარმოადგენდა. "წერა–კითხვის საზოგადოებამ" 1896 წლის 25 სექტემბრის გამგეობის სხდომაზე დაადგინა: "ეთხოვა ქუთაისში მესამე დამხმარე წევრობა თომა მთავრიშვილს, რომელსაც თანხმობა განუცხადებია".

    1908 წელს იოსებ და სიმონ ოცხელებთან ერთად თომა მთავრიშვილმა წიგნის გამომცემელი ამხანაგობა დააარსა, რომელმაც 73 სახელწოდების სახელმძღვანელო და სამეცნიერო წიგნი გამოსცა, რომელთა შორის აღსანიშნავია: ალექსანდრე ხახანაშვილის "ბატონყმობა საქართველოში", ივანე ჯავახიშვილის "ქართული სამართლის ისტორია", "წამება წმინდა შუშანიკისა", ს. გიორგაძის "ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია", "საქართველოს ისტორია", "ქართული მართლწერა", მიხეილ ზაალიშვილის სახელმძღვანელოები გეოგრაფიასა და ბუნებისმეტყველებაში და სხვა მრავალი, რომელთაც დიდად შეუწყვეს ხელი საქართველოს სკოლებში სწავლების დედა–ენაზე დაფუძნებას. მთავრიშვილმა იოსებ ოცხელთან და ს. ყიფიანთან ერთად შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნი "გუთანი", რომელიც თავის დროზე ერთ–ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ ითვლებოდა და ექვსჯერ გამოიცა. ამავე ავტორებმა გამოსცეს "ქართული ანბანი".

    თომა მთავრიშვილი გარდაიცვალა 1928 წელს თბილისში და დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამხმარე წევრი ქუთაისში (1900-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1892-1900)

Bibliography


Share: