The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ესტატე მატათიას ძე მირიანაშვილი

ესტატე მატათიას ძე მირიანაშვილი
Other name:ესტატე შილდელი  (Pseudonym)
Date of birth:1866
Date of death:2 April, 1954  (at 88 years)
Category:Lawyer, Explorer, Educator, Publicist, Religious leader

Biography

    ესტატე მირიანაშვილი დაიბადა 1866 წელს თელავის მაზრის სოფელ კურდღელაურში მღვდლის ოჯახში. ბავშვობა ენისელში გაატარა, მოგვიანებით კი - სოფელ შილდაში, სადაც მამამისი მღვდლად მსახურობდა.

    1881 წელს ესტატემ თელავის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და იმავე წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. საინტერესოა მირიანაშვილის მოგონებები სემინარიაში სწავლის პერიოდზე. მას სწავლა მოუწია სამი რექტორის დროს: არქიმანდრიტი მისაილი, დეკანოზი ჩუდეცკი და არქიმანდრიტი პაისი. ესტატეს აღწერილი აქვს სემინარიაში გამეფებული გაუსაძლისი მდგომარეობა და სასტიკი რეჟიმი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სემინარიელებს ეკლესიისა და რელიგიის მიმართ უნდობლობას უჩენდა.

    1887 წელს, სემინარიის დასრულების შემდეგ, ესტატე მირიანაშვილმა სასულიერო სასწავლებელში ზედამხედველად დაიწყო მუშაობა. პარალელურად ტომსკის უნივერსიტეტში შესასვლელად ემზადებოდა, მაგრამ მამის კატეგორიულ მოთხოვნას წინ ვერ აღუდგა და 23 წლის ესტატე სამხედრო მღვდლის, სოლომონ იმერლიშვილის უფროს ქალიშვილზე ნინოზე დაქორწინდა და მღვდლად ეკურთხა. სოლომონსა და ნინოს ექვსი შვილი შეეძინათ.

    1891-1895 წლებში  ახალგაზრდა მღვდელი ახალციხეში მოღვაწეობდა. იგი  უსასყიდლოდ ასწავლიდა ქართულ ენას ქალთა ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, ბევრს მუშაობდა ქართული ძეგლების, მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნება-აღორძინების საკითხებზე, იბრძოდა ახალციხელ ქართველ კათოლიკეთათვის წირვა-ლოცვის მშობლიურ ენაზე დაწესებისთვის, აქვეყნებდა სტატიებს ქართველ კათოლიკეებზე, ასევე სამცხე-ჯავახეთში ქართულ ძეგლებსა და ეპიგრაფიკულ წარწერებზე, რომელთაც, როგორც თვითონ შეშფოთებული აღნიშნავდა, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ.

    1895-1898 წლებში ესტატე მირიანაშვილმა სამღვდელო მსახურება ჯერ სალიანში, ხოლო 1898-1905 წლებში განჯის რკინიგზის რაიონში გააგრძელა. 1905 წელს რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის მამა ესტატე დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ მან საბოლოოდ თქვა უარი მღვდლის ანაფორაზე და  მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1910 წელს დაასრულა, სამშობლოში დაბრუნდა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას მსახურობდა მოსამართლედ თუ გამომძიებლად.

     საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მუშაობდა არბიტრაჟსა და ჟურნალ-გაზეთებში: „საბჭოთა სამართალი“, „მებრძოლი ათეისტი“, „რელიგიის წინააღმდეგ“ და სხვა. ბევრს წერდა სამართლის, ეკონომიკის, კულტურისა და რელიგიის საკითხებზე, განიხილავდა ეპოქის მძიმე სოციალურ ფონს.

    ესტატე მირიანაშვილი 1954 წლის 2 აპრილს თბილისში გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1906-)

Share: