The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი

პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი
Other name:კლდია  (Pseudonym)
მოგზაური  (Pseudonym)
Date of birth:21 February, 1860
Date of death:15 August, 1940  (at 80 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Ethnologist, Critic, Educator, Journalist, Folklorist

Biography

    პეტრე მირიანაშვილი დაიბადა 1860 წელს ქუთაისში. საშუალო განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში მისი მეგობრები იყვნენ ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი, სილოვან ხუნდაძე და მიხეილ მღვდლიშვილი.

    1882 წელს პეტრემ პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ იქ გამეფებულ მძვინვარე რეაქციას ვერ გაუძლო და 1884 წელს, მიუხედავად ხელმოკლეობისა, პარიზში გამგზავრება მოახერხა და სორბონის უნივერსიტეტის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ორი წლის შემდეგ იგი სამშობლოში ბრუნდება და თავისი მიზნების განსახორციელებლად ირჩევს მასწავლებლის პროფესიას. პეტრე მირიანაშვილი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ასწავლიდა ქართულსა და ფრანგულ ენებს ქუთაისის და თბილისის გიმნაზიებში, შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ჩაება საზოგადოებრივ და სამწერლო მოღვაწეობაში. პეტრე მირიანაშვილი იყო იყო ქართული ენის ცენზორი და ეს თანამდებობა 1905 წელს მან საკუთარი ინიციატივით დატოვა. ჯერ კიდევ 1880 წელს "დროებაში" გამოაქვეყნა მეტად გაბედული და საგულისხმო წერილი სათაურით – "ჩვენი ქართველი კათოლიკობა". მუდამ აქტიური პეტრე პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილებში მრავალ საგულისხმო ცნობას აწვდიდა ქართულ საზოგადოებას.

    1900 წელს უკვე საკმაოდ დამსახურებული პედაგოგი და ცნობილი ჟურნალისტი პეტრე მირიანაშვილი არჩეულ  იქნა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრად და აქტიურად ჩაება საზოგადოების საგანმანათლებლო საქმიანობაში. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მშობლიური ენის აღსადგენად ბრძოლას: "ქართული მწერლობა, დაბალი ღობე ყოფილა, რომ მშობლიური ენის სწავლას არაფრად ვაგდებთ და საზოგადოებას ვიბრიყვებთ, გამოვდივართ რა სამწერლო ასპარეზზე მოუმზადებელნი და ქართული წიგნის უცოდინარნი. ამას, მეტი რომ არა ვსთქვა, თავხედობა ჰქვიანო!".

     პეტრე მირიანაშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ჟურნალ–გაზეთების საქმიანობას და თვლიდა რომ ქართული პრესა სუსტია, არ ეხმაურება "ერის გულის პასუხს" და ეს იმიტომ, რომ იგი უცხოურ ნიადაგზეა დამყნილი და არა მშობლიურზეო. "ქართული პერიოდიკა ქართული კულტურის სინამდვილიდან უნდა გამოდიოდეს, ანგარიშს უწევდეს ძველ კლასიკურ მწერლობას და ქართული ენის ბუნებას". საგულისხმოა მისი შეხედულება ევროპაში განათლებამიღებულების უნაყოფობაზე.

    პეტრე მირიანაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ისტორიოგრაფიისა და ლინგვისტიკის განვითარებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევა – "რას ნიშნავს ქართველი, ივერი და სომეხი". როგორც პედაგოგი და სიტყვიერების მასწავლებელი, იგი თავდაუზოგავად იბრძოდა ქართული სწორმეტყველების დადგენისა და სიწმინდის დაცვისათვის. პეტრე მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ღრმად უნერგავდა ქართველ ახალგაზრდობას მშობლიური ენის სიყვარულს: "ქართველ მწერალს ქართული ერუდიცია უნდა ჰქონდეს. ცოდნა, რომელიც შეუძენია უცხო ენითა, ქართველ ხალხს ვერ გამოადგება, თუ მისი გამავრცელებელი ქართულადაც განსწავლული არ იქნა". პეტრე მირიანაშვილი არ იყო ვიწრო პატრიოტი, შოვინისტი და სხვა ერთა მოძულე. პირიქით, ის ამიერკავკასიის ერების ძმური კავშირისა და მეგობრული ურთიერთობის მქადაგებელი იყო. ამ საკითხე მას დაწერილი აქვს მთელი რიგი სტატიებისა, როგორიცაა: "ოსმალეთის სომეხთა საქმე", "ქართველი გრიგორიანები", "სომეხთა ინტელიგენცია და თათრობა" და სხვ.

     პეტრე მირიანაშვილს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშთის განჯიდან გადმოსვენებაში. 90–იან წლებში, განჯაში სამსახურის დროს, მას დაწვრილებით შეუსწავლია ეს საკითხი და ყველაფერი უცნობებია ილია ჭავჭავაძისა და იაკობ გოგებაშვილისათვის, რომელთა თაოსნობით ეს დიდი საქმე 1893 წელს დასრულდა კიდეც.

     1905 წელს პეტრეს ნება დართეს გამოეცა ქართულენოვანი გაზეთი "პატარა გაზეთი".  პეტრე მირიანაშვილი თარგმნიდა რუსული, გერმანული, ფრანგული, ბერძნული, არაბული და სომხური ენებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველა აქ ჩამოთვლილ ენაზე იგი მეტნაკლებად ლაპარაკობდა, წერდა და კითხულობდა. მის კალამს ეკუთვნის კლასიკური ლიტერატურის მრავალი შედევრის ქართული თარგმანი: გოეთეს "ფაუსტი", ჰომეროსის "აქილიანი", "ილიადა" და "ოდისეა", ევრიპიდეს "მედეა", ესქილეს "მიჯაჭვული პრომეთე", მრავალი უცხოური ზღაპრები, ინდური და ებრაული პოემები და მრავალი დაუბეჭდავი მასალა. აგრეთვე იგი ავტორია 15–მდე ცალკე გამოცემული წიგნისა, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს "ამირანის ლექსი", "აბესალომ და ეთერის ლექსი", "როსტომიანი", "ძველი და ახალი ქართული შაირობა" და სხვ. პეტრე ავტორია ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერის" ლიბრეტოსი.

    პეტრე მირიანაშვილი იყო ძველი და ახალი ქართული მწერლობის საუკეთესო მცოდნე, ერუდიტი მკვლევარი, რომელიც თანაბრად გადმოგვცემს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიტერატურის ძეგლების შინაარსს და იძლევა შედარებით სწორ და კრიტიკულ ანალიზს. იგი აგრეთვე იყო თბილისში არსებული საეკლესიო მუზეუმის გამგეობის წევრი.

    პეტრე მირიანაშვილი გარდაიცვალა 1940 წლის 15 აგვისტოს და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1887-1916)

Bibliography


Share: