The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



შალვა ანტონის ძე მიქელაძე

შალვა ანტონის ძე მიქელაძე
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1938  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    შალვა მიქელაძე დაიბადა 1884 წლის 17 სექტემბერს ქუთაისის მაზრის დაბა ხონში. პირველადი განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ ოდესის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1907 წელს წარმატებით დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.

     1904 წლიდან შალვა მიქელაძე საქართველოს სოციალ-ფედერალისტების პარტიის წევრი გახლდათ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იგი ორი წელი ჯერ დაბა ხონში ექიმად მუშაობდა, ხოლო 1910 წლიდან თბილისში გადმოვიდა „ქალაქის ექიმად“.

     1909 წლიდან „სახალხო გაზეთსა“ და ფედერალისტური პრესის სხვა ორგანოებში თანამშრომლობდა.

     შალვა მიქელაძე ფართოდ იყო ჩართული ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1908 წლიდან „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1914 წლიდან საზოგადოების გამგეობის წევრი გახლდათ. 1911 წლიდან იყო „ქართული დრამატული საზოგადოების“ წევრი.

    1917 წლისის 22 ნოემბერს შალვა მიქელაძე საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე არჩეული ეროვნული საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელეს, ხოლო 1918 წლის 29 მაისს ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) გაფართოებულ შემადგენლობაში შევიდა.

    საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შალვა მიქელაძე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა.

    1924 წელს   დახელოვნების კურსები გაიარა საფრანგეთში, სადაც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე:  „მასალები სისხლის წებოვნებისა და შედედების თვისებების შესასწავლად მალარიის დროს".

    1926-1930 წლებში შალვა მიქელაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის გამგე გახლდათ, ხოლო 1930-1935 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრას ხელმძღვანელობდა.

    1935—1938 წლებში შალვა მიქელაძე სამედიცინი ინსტიტუტის პროპედევტიკისა და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრებს ხელმძღვანელობდა. იგი, სოლიკო ვირსალაძესთან ერთად, იყო პირველი ქართული საექიმო ჟურნალის - „ექიმი“ რედაქტორი, ასევ მან დააარსა ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა.

    შალვა მიქელაძე გახლდათ პირველი სახელმძღვანელოს ავტორი შინაგან სნეულებათა პროპედევტიკაში და კლინიკურ ანალიზებში. მას დაწერილი აქვს სამეცნიერო შრომები მალარიის, ლამბლიოზების, კოლიტების, მუცლის ტიფის დიაგნოსტიკის, კლინიკისა და მკურნალობის საკითხებზე.

    შალვა მიქელაძე გარდაიცვალა 1938 წელს. იყო რეპრესირებული და მისი რეაბილიტაცია მოხდა სიკვდილის შემდეგ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სოციალ-ფედერალისტური პარტია, წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართული დრამატული საზოგადოება, წევრი (1911-)

გააზიარე: