The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ ივანეს ძე ხეჩინაშვილი

სიმონ ივანეს ძე ხეჩინაშვილი
Date of birth:1859
Date of death:1926  (at 67 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Medical Doctor

Biography

     სიმონ ხეჩინაშვილი დაიბადა ქ. ახალციხეში 1859 წელს. პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, რომელიც 1879 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და იმავე წელს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

    1884 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და როგორც ნიჭიერი ექიმი იქვე დატოვეს ორდინატორად პროფესორ ზახარინის კლინიკაში, სადაც ორი წელი იმუშავა. არასახარბიელო ოჯახური მდგომარეობის გამო ორი წლის შემდეგ იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა სამედიცინო მოღვაწეობა. სიმონ ხეჩინაშვილი მუშაობდა ქუთაისის საგუბერნიო ამბულატორიაში. წლების განმავლობაში ჩადიოდა და უფასოდ ემსახურებოდა გურიისა და სამეგრელოს მოსახლეობას, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიასა და თეატრის დასს.

    ცოდნის გასაღრმავებლად სიმონ ხეჩინაშვილი ხშირად მიემგზავრებოდა რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც ეცნობოდა გამოჩენილი რუსი და ევროპელი კლინიცისტების მუშაობას.

     სამეცნიერო–პრაქტიკული საქმიანობის გარდა სიმონი საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1912 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი. სხვადასხვა დროს არჩეული იყო ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარედ და გუბერნიის ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარედ. მისი ინიციატივით დ. ნაზარიშვილთად და გაბრიელ გოკიელთან ერთად ქუთაისში აშენდა 250 საწოლიანი საავადმყოფო.

    სიმონ ხეჩინაშვილი განუწყვეტლივ კითხულობდა კულტურულ–საგანმანათლებლო ლექციებს სამედიცინო თემებზე და აწარმოებდა საინტერესო სამედიცინო შემთხვევების დემონსტრირებას. ყოველი კულტურული წამოწყება ქუთაისსა და მის გუბერნიაში მიმდინარეობდა სიმონ ხეჩინაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.

    სიმონი აქტიურად იყო ჩაბმული კულტურულ–საგანმანათლებლო კომისიების მუშაობაში, კითხულობდა ლექციებს სანიტარული განათლებისა და ჰიგიენის საკითხებზე. მისი სტატიები სათაურით "ექიმის საუბარი" ქართულ და რუსულ ენებზე ხშირად იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში.

    სიმონ ხეჩინაშვილი გარდაიცვალა 1926 წელ ქალაქ ბერლინში, დაკრძალულია ქუთაისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი (1912-)
  • ქუთაისის გუბერნიის ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე
  • ქუთაისის სამედიცინო საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე (1901-)

Bibliography


Share: