Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი![]()
Biographyვახტანგ მუსხელიშვილი დაიბადა 1869 წელს სოფელ ბრეძაში, აზნაურ სოლომონ ეფრემის ძე მუსხელიშვილის (მუსხელოვის) ოჯახში. ვახტანგ მუსხელიშვილმა თბილისის მეორე გიმნაზია დაამთავრა და 1892 წელს სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1898 წელს, უნივერსიტეტის კურსის დასრულების შემდეგ, იქვე თვალის სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად დაიწყო მუშაობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ლეონარდ გირშმანი. ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1900 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის თვალის სნეულებათა საავადმყოფოში გიორგი ტარსაიძის ხელმძღვანელობით. 1903 წლიდან ვახტანგ მუსხელიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების საქმიანობაში. 1913-1917 წლებში ვახტანგ მუსხელიშვილი ჯერ სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1921 წელს, როგორც ამ დარგის ცნობილი სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ლექტორად მიიწვიეს, სადაც განაგებდა თვალის სნეულებათა კლინიკას. 1930 წელს კათედრის გამგედ აირჩიეს და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ვახტანგ მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით თვალის სნეულებათა კლინიკამ მოკლე დროში ერთ-ერთი საპატიო ადგილი დაიკავა საქართველოს ამავე პროფილის კლინიკებს შორის. იგი რამდენჯერმე იყო მივლინებული სახელგანთქმულ ოფთალმოლოგებთან საბჭოთა კავშირისა და ევროპის კლინიკებში, სადაც ბევრი ახალი მეთოდი აითვისა და პრაქტიკულად დანერგა თბილისის თვალის სნეულებათა კლინიკაში. იგი ბრწყინვალე ოპერატორი გახლდათ და მრავალი ცვლილება შეიტანა ოპერაციულ ტექნიკაში. ვახტანგ მუსხელიშვილის მრავალ მეცნიერულ შრომებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია რეფრაქციისა და აკომოდაციის შესახებ. კრიუკოვის თვალის სნეულებათა სახელმძღვანელოს მუსხელიშვილისეულმა თარგმანმა გარკვეული როლი შეასრულა ქართველ სპეციალისტთა აღზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებში. რუსულიდან თარგმნა თვალის სნეულებათა სახელმძღვანელო. მუსხელიშვილის ინიციატივით ყოველწლიურად იგზავნებოდა საექიმო ბრიგადები საქართველოს რაიონებში, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს თვალის დაავადებათა გამოვლენისა და სპეციალური სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში. მისივე ინიციატივით ჩამოყალიბდა საქართველოს ექიმთა საზოგადოების ოფთალმოლოგთა სექცია, რომელსაც თავადვე უცვლელად ხელმძღვანელობდა. ვახტანგ მუსხელიშვილი გარდაიცვალა 1933 წლის 14 აპრილს დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |