The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე

გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე
Date of birth:8 January, 1879
Date of death:8 October, 1948  (at 69 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Medical Doctor, Public Figure

Biography

   გრიგოლ მუხაძე დაიბადა 1908 წელს თბილისში, მოსამსახურის ღარიბ ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და 12 წლიდან საკუთარი შრომით არჩენდა ცხრა სულიან დაობლებულ ოჯახს.

   1902 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და უმაღლესი განათლების მისაღებად ტომსკის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1908 წელს წარჩინებით დაამთავრა და იქვე დატოვეს შტატის ორდინატორად. ტომსკში ქირურგიას სწავლობდა პროფესორ ტიხოვის, მიშისა და როგოვიჩის ხელმძღვანელობით. ქირურგად მუშაობდა მინუსინსკში, კრასნოიარსკსა და ტომსკში რკინიგზის საავადმყოფოს გასამხედროებულ ჰოსპიტალში.

   1911 წლიდან ჭიათურის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობდა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აკითხავდნენ ავადმყოფები ქირურგიული დახმარების მისაღებად.

   1912 წელს პეტროგრადის სამხედრო-საექიმო აკადემიაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „К вопросу о влиянии уменьшенного круга кровообращения на общее кровяное давление“ და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

   1912 წელს ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა საბჭომ, სამეცნიერო მიზნით, მიავლინა ჯერ სანკტ-პეტერბურგში, ხოლო 1913 წელს საზღვარგარეთ. იყო გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში, სადაც ქირურგიის მიღწევებს ეცნობოდა.

   1914 წელს დაბრუნდა თბილისში და დაინიშნა ქალაქთა კავშირის ყველაზე დიდ ლაზარეთში მთავარ ექიმად და მთავარ ქირურგად. ამავე დროს, კონსულტანტობას უწევდა თბილისის სხვადასხვა ლაზარეთებს.

   1918 წელს მიხეილის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ დაინიშნა, ხოლო 1919 წელს აირჩიეს ჯერ ზოგადი, შემდეგ კი ჰოსპიტალური ქირურგიის პროფესორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

   1924-1925 წლებში გრიგოლ მუხაძე მუშაობდა ქიმიის ფაკულტეტის დეკანად, ხოლო 1925-1937 წლებში თბილისის ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის დირექტორად, 1932 წლიდან  ჯერ სადგურის, შემდეგ კი სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორად.

   გრიგოლ მუხაძემ საქართველოში შექმნა სისხლის გადასხმის ფართო ორგანიზაცია, ამ თემაზე ხშირად კითხულობდა ლექციებს, გამოდიოდა მოხსენებებით და ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებს. მან სისხლის გადასხმით მკურნალობა პოპულარულ მეთოდად აქცია საქართველოში.

   1935 წელს გრიგოლ მუხაძის თაოსნობით თბილისში მოწვეული იქნა რესპუბლიკური კონფერენცია სისხლის გადასხმის შესახებ. ამავე წელს იგი მიწვეული იქნა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პროფესორად სისხლის გადასხმის დარგში.

   გრიგოლ მუხაძეს რუსულ და ქართულ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი ნაშრომი ქირურგიის სხვადასხვა დარგიდან. მან პირველმა შეადგინა სისხლის გადასხმის სახელმძღვანელო და სისხლის გადასხმის ცნობარი, რომელიც 1941 წელს გამოიცა. იგი აქტიურად მონაწილეობდა საკავშირო, რესპუბლიკურ და სხვა საექიმო და დასტაქართა კონფერენციებსა და ყრილობებზე. ცნობილი იყო, როგორც მცოდნე დასტაქარი, იშვიათი ქირურგიული ოპერაციების გამკეთებელი და სისხლის გადასხმის საშუალებით პირველი მკურნალი. 

    სამეცნიერო-პედაგოგიური და საექიმო-პრაქტიკული მუშაობის გარდა, გრიგოლ მუხაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოებრივ და სამეცნიერო-საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. ჭიათურაში სამსახურის პერიოდში იგი გახლდათ სახალხო უნივერსიტეტის საზოგადოების თავმჯდომარე, დრამატული საზოგადოების და „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   გრიგოლ მუხაძე გახლდათ პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიისა და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ქართული ქირურგიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე და საქართველოს სსრ ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.

   გრიგოლ მუხაძე გარდაიცვალა 1948 წლის 8 ოქტომბერს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს სსრ ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი (1913-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)

Awards and Honors

  • 1943 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1942 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1941 - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1940 - ჯანმრთელობის წარჩინების ნიშნით

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი

Share: