Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იასონ ნიკიფორეს ძე მუჯირი![]()
Biographyიასონ მუჯირი დაიბადა 1877 წელს გურიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ ბოხვაურში ნიკიფორე და სალომე მუჯირების ოჯახში. მამა სოფლის ღარიბი მღვდელი იყო, რომელსაც ზედმიწევნით კარგად სცოდნია ქართული ენა და ლიტერატურა, ხოლო დედა ძველი აზნაურთა გვარის შთამომავალი ყოფილა. იასონმა წერა-კითხვა შინ შეისწავლა და შემდეგ ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ოთხი კლასი დაამთავრა. მამის სურვილი იყო მისი მღვდლად მომზადება, ამიტომ სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გაემგზავრა და სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც იმ დროისათვის უმაღლესი სასწავლებლის როლს ასრულებდა. აქ თავს იყრიდნენ საქართველოს მოწინავე ახალგაზრდები და ასევე რევოლუციურად განწყობილი ჭაბუკები. სემინარიის დასრულების შემდეგ იასონი იურიევში (ტარტუ) გაემგზავრა და უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1904 წელს წარჩინებით დაამთავრა. გარკვეული პრაქტიკის გავლის შემდეგ, ამავე უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა და მიიღო მაზრის ექიმის წოდება. იურიევის უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული იყო ქართველ სტუდენტთა გუნდი. ამ მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი მელიტონ ბალანჩივაძე. იასონიც ამ გუნდის აქტიური წევრი გახლდათ. 1907 წელს იასონ მუჯირი სრულუფლებიანი ექიმის წოდებით სამშობლოში დაბრუნდა. დაქორწინდა ზუგდიდელი მღვდლის ქალიშვილზე ნინუცა თოლორაიაზე და ზუგდიდში დასახლდა. მთავრობამაც ხელი შეუწყო და სამუშაოდ ზუგდიდში გაამწესა. როგორც მისი თანამედროვეები იგონებენ, საექიმო საკითხებს იასონი უდგებოდა არა მარტო როგორც ექიმი, არამედ როგორც საზოგადო მოღვაწე. ის ფიქრობდა, რომ ავადმყოფის სხვადასხვა სენთა კურნება და ტკივილების დაამება, თუმც დიდი სასახელო საქმეა, მაგრამ საკმარისი და დამაკმაყოფილებელი არ არის, თუ მას აგრეთვე საერთო საზოგადოებრივი მოქმედება არ მოჰყვება. იასონი აქტიურად მონაწილეობდა ზუგდიდისა და მთელი მაზრის ცხოვრებაში. სხვადასხვა დროს იყო ქალაქის ხმოსანი, ერობის პრეზიდიუმის წევრი, მაზრის დელეგატი, სამაზრო პლენუმისა და პრეზიდიუმის წევრი. უკვე საბჭოთა პერიოდში ზუგდიდის ქალაქის აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების გამგე. იასონი და მისი მეუღლე ნინუცა თოლორაია იყვნენ „ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ზუგდიდის განყოფილების წევრები. იასონი მუდამ დაბეჯითებით ითხოვდა ავადმყოფებისთვის სათანადო პირობების შექმნას, სამკურნალო ქსელის გაფართოება-გაძლიერებისათვის ხელის შეწყობას, ბუნებრივი მონაპოვრების, სამკურნალო წყლებისა და სააგარაკო მთების კეთილმოწყობას. მისი ექიმად დანიშვნის დროს ზუგდიდის მაზრაში თითო-ოროლა ექიმი და სამედიცინო პუნქტი იყო. ცოტა ხნის შემდეგ კი გახსნა სამაზრო საავადმყოფო რამდენიმე განყოფილებით, ორი სასოფლო საავადმყოფო, სამალარიო სადგური, კბილის საექიმო კაბინეტი, თვალის სამკურნალო კაბინეტი, 14 საექიმო პუნქტი, 11 საფერშლო და 22 აფთიაქი. მის მიერ აღმოჩენილია და მოქმედებს სამკურნალო წყლები ცაისში, სქურში, საჰაერო სამკურნალო ადგილები ჯაკონია, ოხაჩქუე და თეკანაში. იასონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ფართო მასებში ჰიგიენური და საექიმო ცოდნის შეტანას. ფიქრობდა ამ ცოდნის გავრცელების საშუალებებზე. გამოსცა პოპულარული შინაარსის წიგნაკები, გაზეთებში აქვეყნებდა საჭირო სამედიცინო ინფორმაციას, ატარებდა საჯარო ლექციებსა და საუბრებს. მას რამდენიმე სერიოზული შრომა აქვს დაწერილი. ზუგდიდელ ახალგაზრდებს უძღვნა თავისი ლექციების კრებული - „Елементарная медицина д-ра Муджири“, რომელიც დაიბეჭდა 1912 წელს. იგი იწვევდა და მეცნიერულ მუშაობაში აბამდა ექიმებს, რომლებიც ესწრებოდნენ ქართულ სამეცნიერო ყრილობებს. თავადაც გამოდიოდნენ მოხსენებებით. მის არქივში მრავლადაა შრომები, რომლებიც თავისი აქტუალობით დღესაც არ კარგავენ მნიშვნელობას. იასონ მუჯირის არქივში ყურადღებას იქცევს მისივე ხელით დასურათებული პატარა წიგნი „საშინაო სამკურნალო გიმნასტიკა“, რომელიც 1902 წლით არის დათარიღებული, ხოლო ერთ რვეულში თავმოყრილი აქვს ლექსები, რომლებიც ჯარში ყოფნის დროს (1-ლი მსოფლიო ომში სამი წლით იყო მივლინებული, როგორც ჰოსპიტლის ხელმძღვანელი სამხედრო ექიმი.) დაუწერია. ყოველ ლექსს მიწერილი აქვს შექმნის ადგილი (ბობრუისკი, გომელი, სმოლენსკი და ა.შ.). იასონმა, თავის მეუღლეს, ნინუცა თოლორაიას, რომელმაც დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, ისე კარგად შეასწავლა მედიცინა, რომ მისი მარჯვენა ხელი გახდა. დახელოვნდა ექთნის სპეციალობაში, ბებიაქალის როლსაც წარმატებით ასრულებდა. მაზრაში თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, ყველა ნინუცასთან გარბოდა და ისიც, როგორც შეეძლო ეხმარებოდა. ღრმად მოხუცებული ნინუცას მოსაკითხად, ზუგდიდიდან ხშირად ჩამოდიოდნენ მისი ახლობლები და პაციენტები, უგზავნიდნენ მოსაკითხს და ემადლიერებოდნენ. იასონ მუჯირი, გარდა საექიმო მოღვაწეობისა, 17 წლის განმავლობაში ჰიგიენასა და ზოგადი მედიცინის საფუძვლებს ასწავლიდა ზუგდიდის სასწავლებელში. იასონის სახლში თავს იყრიდნენ მოწინავე ადამიანები და ზუგდიდში ჩამოსული საპატიო სტუმრები: აკაკი წერეთელი, შალვა დადიანი, ლადო მესხიშვილი და სხვები. ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის ლადო მესხიშვილის საპატივცემულოდ იასონმა თავის უფროს ვაჟს ლადო დაარქვა, რომელიც შემდეგ გახლდათ მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორი და მხატვარი, ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებელი. იასონ მუჯირი გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის მშენებლობისათვის თანხის ერთ-ერთი შემომწირველი და აქტიურად უჭერდა მხარს ნიკო ცხვედაძეს ამ საშვილიშვილო საქმეში. ზუგდიდში იასონ მუჯირის სახლი გახლდათ რევოლუციური მოძრაობის ცენტრი. ერთი ოთახი საგანგებოდ გამოყოფილი ჰქონდა რევკომს, რომლის თავმჯდომარეც იყო ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, იასონის დიდი მეგობარი, ლეო ქიაჩელი. ზუგდიდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება რევკომის ბეჭედი წარწერით: „ზუგდიდის რევკომი, მუჯირის სახლი“. სწორედ ამ სახლის აივნიდან აცნობა ზუგდიდის მოსახლეობას რევკომის თავმჯდომარე ლეო ქიაჩელმა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება. იასონ მუჯირი გარდაიცვალა 1928 წელს და დაკრძალულია თბილისში ვაკის სასაფლაოზე. 1928 წელს გაზეთ კომუნისტის 2 მარტის ნომერში, გამოქვეყნებულია უაღრესად თბილი წერილი სათაურით: „ უანგარო მუშაკის ხსოვნას“, სადაც ლაპარაკია იასონ მუჯირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის დამსახურებებზე. Member of Organizations
Awards and Honors
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |