The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნოე არჩილის ძე მხეიძე

ნოე არჩილის ძე მხეიძე
Date of birth:14 May, 1871
Date of death:9 March, 1953  (at 81 years)
Burial location:ქუთაისი
Category:Medical Doctor

Biography

    ნოე მხეიძე დაიბადა 1871 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ მანდიკორში. დაწყებითი განათლება სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, რის შემდეგაც მშობლებმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ოთხი კლასი დაამთავრა და გადავიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სტუდენტთა ერთ–ერთ მღელვარებაში მონაწილეობისათვის სემინარიის ადმინისტრაციამ ნოე ბადრიძე "მგლის ბილეთით" სემინარიის ბოლო კურსიდან გარიცხა.

   1894 წელს, მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემიაში კბილის საექიმო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1899 წელს დაამთავრა.

   1900 წელს ახალგაზრდა სტომატოლოგი სამშობლოში დაბრუნდა და სამხედრო უწყებაში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ქალაქ ქუთაისში სამსონ თოფურიას ამბულატორიაში კბილის სამკურნალო კაბინეტი გახსნა და უფასო სამედიცინო დახმარებას უწევდა მოსახლეობას. ნოე მხეიძე სტომატოლოგიისა და ორთონტოლოგიის საქმის პიონერია, მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში და კერძოდ ქუთაისში კბილისა და პირის ღრუს სტომატოლოგიური მკურნალობის საქმეს.

   1913 წლიდან ნოე მხეიძე იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი. ხალხისა და მთავრობის ხელშეწყობით მან ფართოდ გაშალა შემოქმედებითი საქმიანობა. 1921 წელს ნოე მხეიძე დაინიშნა ქუთაისის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების კბილის საექიმო სექციის გამგედ. მან ირგვლივ შემოიკრიბა ამ საქმით დაინტერესებული ადამიანები და შეასწავლა მათ კბილის მკურნალობის რთული მეთოდები. მისი თაოსნობით ქუთაისში გაიხსნა კბილის პირველი საექიმო ამბულატორია, ქუთაისის რკინიგზის კბილის საექიმო კაბინეტი. მანვე დააარსა კბილის საექიმო დაწესებულებათა ქსელი ქუთაისში, მაიაკოვსკში, ხონში, სამტრედიასა და ტყიბულში.

   1932 წელს ქუთაისის კბილის დაავადებათა ამბულატორია კბილის სამკურნალო პოლიკლინიკად გადაკეთდა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში.

   1935 წლიდან ნოე მხეიძე საკონსულტაციო მუშაობას ეწეოდა კბილის დაავადებათა ხაზით. იგი იყო ქუთაისის ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების აქტიური წევრი, წლების განმავლობაში ითვლებოდა ამ საზოგადოების გამგეობის წევრად და ბიბლიოთეკარად, შედიოდა სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში.

   1941 წელს ვალმოხდილ მკურნალს საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმის წოდება მიენიჭა. იგი დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სხვადასხვა მედლებით.

   ნოე მხეიძე 1953 წელს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალულია მშობლიურ ქუთაისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქუთაისის ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, საზოგადოების გამგეობის წევრი

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი
  • ლენინის ორდენი

Share: