შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიამიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა 1880 წლის 8 ნოემბერს (ძვ. სტ.) მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში. XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მიხეილ ჯავახიშვილი ჯერ წინამძღვრიანთკარის, ხოლო შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო არ დაუმთავრებია (ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა) და 1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. ჯავახიშვილის პირველი მოთხრობა "ჩანჩურა" 1903 წელს გაზეთ "ცნობის ფურცელში" გამოქვეყნდა. იგი ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ "ივერიას" (1904 წ.) და "გლეხს" (1906 წ.). რეპრესიების გამო მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას. ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903-1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები ("ჩანჩურა", "მეჩექმე გაბო", "კურკას ქორწილი") გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში. ქართული ლიტერატურული კრიტიკა დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთხრობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას და ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში, 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913 წლამდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა "ტყის კაცით" დაიწყო მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების მეორე პერიოდი. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე. მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული, სოციალური, სათავგადასავლო, ისტორიული და ფილოსოფიური რომანები. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანის, ჰ. სენკევიჩის, ა. ჩეხოვის, პ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933-1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი. მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებათა მომდევნო კრებული გამოქვეყნდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. მიხეილ ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად. საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან წინააღმდეგობა მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს "აღიარებაზე". სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა, ხოლო მეუღლე გადაასახლეს. მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |