The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი

რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი
ოფიციალური სახელი:რაჟდენ არჯევანის ძე ჯაჯანაშვილი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1853
გარდაცვ. თარიღი:25 თებერვალი, 1899  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

    რაჟდენ ჯაჯანაშვილი დაიბადა 1853 წელს სოფელ კავთისხევში. იგი მანგლისის სკოლაში სწავლობდა, როდესაც თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორმა ზახაროვმა თვითონ გამოსცადა მანგლისის სკოლის მოსწავლეები და რაჟდენი, როგორც საუკეთესო მოსწავლე ინსტიტუტში გადაიყვანა.

    თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი ჯაჯანაშვილმა 1874 წელს დაამთავრა და ახალციხის მაზრის სოფელ ხერთვისში მასწავლებლად დაინიშნა. 1881 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იგი თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში (ვაჟთა ქართული გიმნაზია) მასწავლებლად მუშაობდა.

    პრაქტიკულ პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ჯაჯანაშვილი საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1882 წელს იგი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" კრების მიერ არჩეულ  იქნა საზოგადოების ნამდვილ წევრად. ჯაჯანაშვილმა შეადგინა და გამოსცა სასკოლო სახელმძღვანელოები. ამავე დროს, იგი სისტემატურად ბეჭდავდა სხვადასხვა ხასიათის წერილებს თითქმის ყველა იმდროინდელ პერიოდულ გამოცემაში. რაჟდენ ჯაჯანაშვილი როგორც პრაქტიკული პედაგოგიური მოღვაწეობით, ისე თავისი წერილებითა და სტატიებით ხელს უწყობდა სახალხო განათლების საქმის გაუმჯობესებას საქართველოში. იგი მკაცრად აკრიტიკებდა იმ პერიოდის სწავლების მეთოდს და მოითხოვდა გაცილებით მეტი დრო დათმობოდა სპეციალური საგნების შესწავლას, კერძოდ პედაგოგიკის თეორიასა და პრაქტიკას, აღზრდის ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობას. თავად ჯაჯანაშვილი არ იყო შემოფარგლული რომელიმე ვიწრო სპეციალობის ჩარჩოებით. იგი თანაბრად ერკვეოდა როგორც მათემატიკისა და პედაგოგიკის, ისე ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოგრაფიისა და პოლიტიკის საკითხებში. მისთვის უცხო არ იყო ის, რომ განათლების საქმის მოწესრიგებისათვის მთავარ საფუძველს სწორად შედგენილი სასწავლო პროგრამები და წესდება შეადგენდა, სადაც არავითარი ანგარიში არ ეწეოდა ხალხთა ნაციონალურ თავისებურებებს და ადგილობრივ პედაგოგთა პრაქტიკულ გამოცდილებას. ამიტომ ჯაჯანაშვილი სამართლიანად მოითხოვდა სასწავლო პროგრამების შემუშავებაში პედაგოგთა ჩართვას – "ვინც უფრო ახლოს დგას ამ საქმესთან, ე.ი. მასწავლებლებმა".

   რაჯენ ჯაჯანაშვილს კარგად ესმოდა ისიც, რომ საქართველოში სწავლა–განათლების კარგად წარმართვისათვის ერთ–ერთ აუცილებელ პირობას ქართული სასკოლო სახელმძღვანელოების არსებობა წარმოადგენდა. მან გამოსცა ორი სასკოლო სახელმძღვანელო – "კრებული არითმეტიკული ამოცანებისა და რიცხვითი მაგალითებისა" და "მეგობარი" (მეორე წიგნი ანბანის შემდეგ). რაჟდენ ჯაჯანაშვილის თეორიული მოღვაწეობა და პრაქტიკული საქმიანობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სკოლით და სახალხო განათლების საკითხებზე მუშაობით. იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების მუშაობაში და ამავე დროს ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე ათავსებდა ლიტერატურულ, გეოგრაფიულ, ეთნოგრაფიულ, ისტორიულ და სხვა სახის წერილებს. ჯაჯანაშვილმა თავისი კალამი ლიტერატურულ ასპარეზზეც სცადა. მას უთარგმნია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები.

    რაჟდენ ჯაჯანაშვილს სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე არ შეუწყვეტია თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობა და საზოგადო საქმისათვის სასარგებლო ზრუნვა. იგი გარდაიცვალა 1899 წლის 25 აგვისტოს. მისმა გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია საზოგადოების მოწინავე ნაწილში. განსაკუთრებით მძიმე იყო ეს დანაკლისი თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლისათვის.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1881-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, სათავადაზნაურო სკოლა

გააზიარე: