The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვლადიმერ გიორგის ძე ჯიბლაძე

ვლადიმერ გიორგის ძე ჯიბლაძე
Other name:ლადო  (Acronym)
პეტროვი  (Pseudonym)
Date of birth:18 January, 1879
Date of death:9 February, 1938  (at 59 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Politician, Repressed

Biography

     ვლადიმერ ჯიბლაძე დაიბადა 1879 წლის 18 იანვარს ქუთაისის მაზრის, სოფელ გუზათში გლეხის ოჯახში. დაწყებითი განთლება კულაშის ოთხკლასიან სოფლის სკოლაში მიიღო და სწავლა განაგრძო ტფილისის სახელოსნო სასწავლებელში, თუმცა კურსის დასრულება ვერ შეძლო.

    1896 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში ზეინკლად მუშაობდა და მუშათა პირველ სოციალ-დემოკრატიულ არალეგალურ წრეებშიც აქვე ჩაება. 1897 წლიდან ლადო ჯიბლაძე  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო.

   1900 წლიდან ლადო ჯიბლაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევ.

    1901 წელს, რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში მოწყობილი გაფიცვის დაშლის შემდეგ ჟანდარმერიამ დააპატიმრა და თბილისიდან გაასახლა. ამის შემდეგ  ბათუმში გადავიდა, სადაც მუშათა შორის სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელების ერთ-ერთი პიონერი გახდა და მალევე ბათუმის მუშათა სოციალ-დემოკრატიული არალეგალური კომიტეტის წევრადაც აირჩიეს.

    1901 წელს ჟანდარმერიამ „თბილისის სოციალ-დემოკრატიული წრის“  წევრობის ბრალდებით დააპატიმრა და ადმინისტრაციული წესით 3 წლით არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლა, მაგრამ გადასახლებიდან გაიქცა და დაბრუნდა საქართველოში.

    ვლადიმერ ჯიბლაძე აქტიურად იყო ჩართული 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში და მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1906 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სტოკჰოლმის ყრილობაზე ქუთაისის ორგანიზაციიდან დელეგატად იქნა მიწვეული.

   1912 წელს ლადო ჯიბლაძე ბათუმში დააპატიმრეს , სადაც იგი  ნობელის ქარხანაში ხარატად მუშაობდა. და სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს ციმბირში, ენისეის გუბერნიაში. გადასახლებიდან 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.

    1917 წლის ნოემბერში ლადო ჯიბლაძე საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. 1917 წლის დეკემბერში იიგი გახლდათ საქართველოს წითელი გვარდიის (სახალხო გვარდია) ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად.

    1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი და 1918 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო.

    1919 წლის 12 მარტს ვლადიმერ ჯიბლაძე საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და სამხედრო კომისიაში მუშაობდა.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებშჭი მონაწილეობდა, ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში.

    1921 წლის 30 აპრილს ლადო ჯიბლაძე სხვა პარტიულ ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს და საქართველოს სსრ „ჩეკას“ პრეზიდიუმმა 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა იზოლაციის წესით. მოთავსებული იყო მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“. 1922 წელს იზოლაცია განუსაზღვრელი ვადით გაუხანგრძლივეს და ეტაპით მოსკოვში გადააგზავნეს, რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად.  სსრკ შინსახკომის კომისიის გადაწყვეტილებით ლადო  სუზდალის პოლიტიზოლატორში მოხვდა. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ შუა აზიაში გადაასახლეს, სადაც „ბორჯომის წყლების“ საწყობის გამგედ მუშაობდა. 1931 წელს სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიასთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ სამი წლით  ჩრდილოეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში და მოსკოვის მხარეში ცხოვრება და გადასახლების ადგილის დატოვება აუკრძალა. 1933 წლის თებერვალში კვლავ გაუგრძელეს გადასახლების ვადა.

     1935 წელს ლადო ჯიბლაძე დააპატიმრეს სსრკ შინსახკომის კოლეგიასთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ სამი წლით მიუსაჯა გადასახლება იოშქარ-ოლაში, მარიის ავტონომიურ ოლქში. 1937 წელს სოფელ კარიაკოვოში დააკავეს და მოსკოვში შინსახკომის განკარგულებაში გადააგზავნეს. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ იოსებ სტალინის სანქციით და „კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით 1938 წლის 8 თებერვალს დახვრეტა მიუსაჯეს და დახვრიტეს 9 თებერვლის ღამეს.

    ვლადიმერ ჯიბლაძე რეაბილიტირებულია 1993 წლის 30 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ.

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1897-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სტოკჰოლმის ყრილობა, დელეგატი ქუთაისის ორგანიზაციიდან (1906-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს წითელი გვარდია (სახალხო გვარდია) , ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი, მთავარი შტაბის წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-1920)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, ალექსეევის ქუჩა № 1

Share: