The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკო სიმონის ძე ჯანაშია

ნიკო სიმონის ძე ჯანაშია
Date of birth:1872
Date of death:6 April, 1918  (at 46 years)
Category:Ethnologist, Educator, Folklorist

Biography

    ნიკო ჯანაშია დაიბადა 1872 წელს წელს აფხაზეთის სოფელ აძვიბჟაში. პირველდაწყებითი განათლება სოხუმის მთიელთა სკოლაში მიიღო და სწავლა გორის საოსტატო სემინარიაში გააგრძელა. აღნიშნულ სასწავლებელში ქართულ ენას ასწავლიდა ცნობილი ბელეტრისტი ნიკო ლომოური, რომლის გავლენის ქვეშ სხვებთან ერთად ნიკო ჯანაშიაც მოექცა.

    1891 წელს ნიკომ გორის საოსტატო სემინარიის კურსი დაასრულა და სოხუმის მთიელთა სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა მასწავლებელს პირველივე წლებში ბრალად წაუყენეს გაქართველების პოლიტიკის მიმდევრობა და მოინდომეს მისი დასჯა, მაგრამ იგი დროულად გაეცალა სოხუმს და ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში დაიწყო მუშაობა.

    1894 წელს ნიკო ჯანაშია მაკვანეთიდან გუდაუთის სამინისტრო სკოლაში გამგედ გადაიყვანეს. თედო სახოკია წერდა: "ნიკო ჯანაშიას მოსვლის შემდეგ გუდაუთის სკოლაში სურათი რადიკალურად შეიცვალა. ჩამორჩენილი სკოლა მან მალე მოწინავეთა რიგებში ჩააყენა. ამასთან გუდაუთში იგი კულტურულ–საგანმანათლებლო მუშაობასაც ენერგიულად ეწეოდა, გაზეთებში წერდა მამხილებელ წერილებს და ადგილობრივ მკვიდრთ იცავდა აღვირახსნილ მოხელეთაგან, უვლიდა და ხელს უწყობდა სამკითხველოს და თანაც ხშირად მართავდა ხალხში სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე ბაასს."

    1899 წელს ნიკო ჯანაშია გუდაუთიდან სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს, სადაც იგი ჩვეული ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას. იაკობ გოგებაშვილი დიდად კმაყოფილი დარჩენილა სენაკის სკოლის მუშაობით და ამ სიტყვებით მიუმართავს ნიკოსთვის: "ერთი წლის წინათ ამ სასწავლებლის ბედი ბეწვზე ეკიდა, ამ მოკლე ხნის განმავლობაში თქვენი ნაყოფიერი მუშაობით წელში გამართულა და მომავალში, უნდა ვიფიქროთ, მას საშიშროება არ მოელის".

    1902 წლიდან ნიკო ჯანაშია იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი, ხოლო 1911 წლიდან საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი და გამგეობის მდივანი. 1902 წელს მისი ქშწკგ საზოგადოებაში გაწევრიანებაზე თავმდებნი ყოფილან : იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე და დავით კარიჭაშვილი.

    1910 წლიდან ნიკო ჯანაშია სოხუმის სკოლაში გამგედ დაინიშნა. მის მიერ გაწეული მუშაობა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძემ შემდეგი სიტყვებით გააცნო ფართო საზოგადოებას: " სკოლის გამგე ნიკო ჯანაშია ფრიად გამოცდილი და დახელოვნებული მასწავლებელია. ყველაფერში ეტყობა, რომ ის პირნათლად და თავგამოდებით ასრულებს თავის მძიმე მოვალეობას, რისთვისაც ქების და მადლობის ღირსია... მასწავლებლები თანხმობით მუშაობენ და ამიტომაც სუხუმის სკოლაში სწავლა–აღზრდის საქმე კარგად არის დაყენებული."

    სახალხო განათლების დარგში ფრიად ნაყოფიერ მოღვაწეობასთან ერთად ნიკო ჯანაშიას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ფოლკლორული მასალების შეკრებასა და ისტორია–ეთნოგრაფიის საკითხების კვლევა–გაშუქებაში.

    ნიკო ჯანაშია გარდაიცვალა 1918 წლის 6 აპრილს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის მდივანი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

Bibliography


Share: