The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ (კოლა) ალექსანდრეს ძე ჯანდიერი

ნიკოლოზ (კოლა) ალექსანდრეს ძე ჯანდიერი
Date of birth:24 November, 1873
Date of death:22 December, 1964  (at 91 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Medical Doctor, Public Figure

Biography

    ნიკოლოზ ჯანდიერი დაიბადა 1873 წელს ზაქათალაში, ოფიცერ ალექსანდრე ჯანდიერისა და სალომე აბელიშვილის ოჯახში. მამა საყარაულო ასეულის ოფიცერი ყოფილა და ზაქათალაში იყო მივლინებული. ნიკოლოზის დაბადების შემდეგ ოჯახი სიღნაღში გადავიდა საცხოვრებლად. დედა ადრე გარდაეცვალა და  ალექსანდრეს შვილების მოვლაში ხელს უმართავდნენ მისი და მართა ჯანდიერი და მეუღლის ძმა დავით აბელიშვილი. ზაფხულს ალექსანდრე ჯანდიერის ოთხივე შვილი ბიძასთან ატარებდნენ, სადაც აუცილებელი პირობა იყო შრომა და  უფროს-უმცროსების ურთიერთპატივისცემა.

   1880 წელს ნიკოლოზ ჯანდიერი, ძმასთან კოტესთან ერთად,  სიღნაღის ერთკლასიან სასწავლებელში მიაბარეს, ხოლო  შემდეგ სწავლა ქალაქის  ოთხწლიან სკოლაში გააგრძელეს, რომელიც წარჩინებით დაამთავრეს.

   1888 წელს ნიკოლოზი თბილისის პირველ კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასში სახაზინო სტიპენდიანტად ჩაირიცხა. მასთან ერთად გიმნაზიაში სწავლობდა მისი ბავშვობის მეგობარი ივანე ჯავახიშვილი.  გიმნაზიაში იგი საუკეთესო მოფარიკავედ ითვლებოდა.

   1894 წელს ნიკოლოზმა გიმნაზია დაამთავრა. მამას ძალიან უნდოდა შვილი ოფიცერი ყოფილიყო, მაგრამ ნიკოლოზმა უარი განაცხადა. დედის ადრე გარდაცვალებამ და  მამიდა მართას უკურნებელმა სენმა მას ექიმობა აფიქრებინა. მის სულიერ სამყაროს ეს პროფესია  უფრო ესატყვისებოდა. სასწავლებლად რუსეთში უნდა წასულიყო, რაც მისი ოჯახური ფინანსებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა და მან განაცხადი, დაფინანსების თხოვნით,  სათავადაზნაურო დეპუტატთა ყრილობაზე შეიტანა. კრება წინააღმდეგი წასულა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ილია ჭავჭავაძეს უთქვამს და ნიკოლოზმა დაფინანსება მიიღო.

   1894 წელს სათავადაზნაურო  ბანკის სტიპენდიით ნიკოლოზ ჯანდიერი ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც 1899 წელს დაამთავრა. იმ პერიოდში ხარკოვის უნივერსიტეტი სერიოზული განათლების ცენტრი იყო, მაგრამ სტუდენტობას ცარიზმის მკაცრ რეჟიმში უწევდა სწავლა.

   1916 წლიდან ნიკოლოზ ჯანდიერი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სიღნაღის  სამაზრო განყოფილების თავმჯდომარე.  განყოფილებასთან არსებობდა სასკოლო და ადმინისტრაციული კომისიები. მისი ინიციატივით სიღნაღში გაიხსნა წიგნის მაღაზია, დაარსდა სასოფლო-სამეურნეო ბანკი და ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება.

    ნიკოლოზ ჯანდიერი  სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ კასტორნაიაში (რსფსრ)  საექიმო პუნქტის გამგედ, სიღნაღში - მაზრის და თბილისში ქალაქის ექიმად. ნიკოლოზი  ილია ჭავჭავაძის პირადი მკურნალი გახლდათ.  იგი იყო ცნობილი თერაპევტი და მიღებული ჰქონდა საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმის წოდება.

    ნიკოლოზ ჯანდიერი გარდაიცვალა 1964 წლის 22 დეკემბერს დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების თავმჯდომარე (1912-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ნამდვილი წევრი (1910-)

Awards and Honors

  • საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი

Share: