The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ილარიონის ძე ჯანელიძე

ალექსანდრე ილარიონის ძე ჯანელიძე
Date of birth:5 November, 1888
Date of death:16 January, 1975  (at 86 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Geologist, Scientist, Public Figure

Biography

    ალექსანდრე ჯანელიძე დაიბადა 1888 წლის 5 ნოემბერს რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში.

    ალექსანდრე ჯანელიძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა, ჯერ ჟენევაში, ხოლო შემდეგ პარიზში.

    1910 წელს სორბონის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი დაამთავრა და იქვე განაგრძო მოღვაწეობა. ზედმიწევნით დაეუფლა ბუნებისმეტყველებას, ფიზიკასა და  მათემატიკას. ღრმა ცოდნით აღჭურვილი დაბრუნდა სამშობლოში და ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

    1915 წელს ალექსანდრე ჯანელიძემ ექსტერნად ჩააბარა გამოცდები ყაზანის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. იქვე აირჩიეს გეოლოგიის კათედრის ასპირანტად და ასისტენტად. შემდეგში მუშაობდა გრენობლში ვ. კილიანთან, პარიზში აკადემიკოს ოგის ლაბორატორიაში და ჰალეში (გერმანია) პროფესორ ვალთერის გეოლოგიის ინსტიტუტში.

    1923 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით დაიცვა დისერტაცია, ხოლო 1924 წლიდან გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 45 წლის მანძილზე სათავეში ედგა გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრას.

    1942-1945 წლებში ალექსანდრე ჯანელიძე გახლდათ თბილისის უნივერსიტეტის რექტორი. მას დიდი წვლილი მიუძღვის თეორიული გეოლოგიის მრავალი საკვანძო საკითხის გადაჭრაში. მისი თეორიული გამოკვლევები მჭიდრო კავშირში იყო პრაქტიკასთან და დიდი გამოყენებითი მნიშვნელობა  ჰქონდა სახალხო მეურნეობაში.

    ალექსანდრე ჯანელიძემ  საფუძველი ჩაუყარა გეოლოგიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. დიდია მისი ღვაწლი გეოლოგიური კადრების მომზადებაში. იგი დაჯილდოებულია მრავალი მედლებითა და ორდენებით.

   ალექსანდრე ჯანელიძე გარდაიცვალა 1975 წლის 16 იანვარს და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

   1982 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია დააწესა.

Member of Organizations

  • გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923-)
  • კომენისტური პარტიის წევრი (1942-)
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, თავმჯდომარე (1937-1978)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1941-)
  • საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946-)
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1939-1963)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი (3 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

Share: