The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე (ჯაჯუ) ივანეს ძე ჯორჯიკია

კონსტანტინე (ჯაჯუ) ივანეს ძე ჯორჯიკია
Date of birth:7 January, 1885
Date of death:8 October, 1953  (at 68 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Interpreter, Writer, Educator, Publicist, Public Figure

Biography

   კონსტანტინე ჯორჯიკია დაიბადა 1885 წელს სამეგრელოში, სოფელ ნოჯიხევში, შეძლებული მემამულის ივანე ჯორჯიკიას ოჯახში, რომელიც ხობის მმართველი და დადიანების კარის მოურავი იყო. დედა ბოლქვაძის ქალი გახლდათ. ქართული წიგნისა და კითხვის სიყვარული სიძემ, იონა მეუნარგიამ ჩაუნერგა.

   1898 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და 1904 წელს სწავლის გასაგრძელებლად საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ვალაბრის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-ბიოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1907 წელს დაბრუნდა სამშობლოში

    1908 წელს ჯორჯიკია ქუთაისის კერძო გიმნაზიაში მასწავლებლად დაინიშნა, ხოლო 1910 წლიდან ქართულ გიმნაზიაში და ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ პერიოდში, ქართული კულტურის მოყვარულთა გავლენით, მწერლობას მიჰყო ხელი და რამდენიმე მოთხრობა ფსევდინიმით გამოაქვეყნა კიდეც. მე-20 საუკუნის 10-იანი წლებიდან მისი მინიატურები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „კოლხიდა“, „იმერეთი“, „სახალხო გაზეთი“, „სამშობლო“, „გრდემლი“, „ოქროს ვერძი“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. მისი მოთხრობების უმრავლესობა თარგმნილი იყო რუსულ ენაზე. მისი ნაწარმოებები ეხებოდა საზოგადოებრივ-სულიერი ცხოვრების ყველა მხარეს. ჰკიცხავდა ცხოვრების სიყალბესა და უსამართლობას - „თუ სიცოცხლე დაგიკარგავს, ბარემ სახეც დაკარგე“-ო. მწერალი გვეუბნება, რომ ყველაფრის საფუძველდამდები და მაცოცხლებელი სიყვარულია. იქ სადაც სიყვარულია, ბოროტება მარცხდება და უკან იხევს.

   კონსტანტინე ჯორჯიკიას შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა გრიგოლ რობაქიძე: - „ცოტა ხნის წინ გამოიცა ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ჯორჯიკიას ნაწარმოებების პირველი პატარა ტომი. სამეგრელოს მკვიდრმა თავის თავში შეკრიბა თითქმის ყველა სიმდიდრე საქართველოს ამ შესანიშნავი კუთხისა. სამეგრელო ძველი კოლხიდაა, საიდანაც სათავეს იღებს ქართული კულტურა, ის დღემდე რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ეთნოგრაფიულ ერთეულად. მუქ-ლურჯი ზღვის ნაპირები ქარივით მოაქანებენ აქეთ ტკბილსურნელოვან მითებს, რომელთა დამაბრმავებელ მდინარებაში დროდადრო ჩაგესმის ძველი ელადის გასხივოსნებული ფანტაზიის ნამსხვრევების ხმაური; უზარმაზარი ტყეების ქალწულებრივი სიიღრმეები უყვებიან მას ზღაპრულ ამბებს, რომელთა ჯადოსნურ ნახჭებში იგრძნობა გადამფრენი ფრინველების ლაღი ქროლა. ამ ორმა მომენტმა საბოლოოდ განსაზღვრა ჯორჯიკიას შემოქმედებითი ფანტაზია: ერთი მხრივ, ელინური მითოლოგიური ფანტაზიის გადამტვრეული სხივები; მეორე მხრივ, კი - კოლხიდური ხალხური თქმულებები“. ცნობილ კრიტიკოსს, კიტა აბაშიძეს ჯორჯიკია ოსკარ უაილდის ტიპის მწერლობის განმახორციელებლად მიაჩნდა.

   იმდროინდელი ქართული კრიტიკა ჯორჯიკიას შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა. 1914 წელს გამოვიდა მწერლის თხზულებათა პირველი კრებული, ხოლო 1925 წელს მეორე - "ფერადი მოთხრობები". იგი ასევე  ავტორია ფრანგული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა.

   კონსტანტინე ჯორჯიკიას შემოქმედება მრავალმხრივ არის საინტერესო. ვისაც, ერთხელ მაინც წაუკითხავს მისი მინიატურები, არასდროს არ დაავიწყდება მწერლის სტილი და ლაკონურობა.

   1911 წლიდან კონსტანტინე ჯორჯიკია იყო საქართველოს „საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების გამგეობის დამფუძნებელი წევრი, ხოლო 1913 წლიდან „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1921-1931 წლებში ჯორჯიკია დაინიშნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად, ხოლო 1931 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, უმთავრესად, პედაგოგიურ სარბიელზე. მასწავლებლობდა საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში და ყოფილ 23-ე საშუალო სკოლაში.

   1940-იან წლებში კონსტანტინე ჯორჯიკია თბილისის I ვაჟთა გიმნაზიის სკოლის დირექტორად დაინიშნა და ამ თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა. მან დიდი წვლილი შეიტანა სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაუმჯობესების საქმეში. ფართო ასპარეზი დაუთმო მოსწავლეთა საგნობრივ, ლიტერატურულ, თეატრალურ და სხვა შემოქმედებას. საქმეში, ფართო ასპარეზი დაუთმო მოსწავლეთა საგნობრივ, ლიტერატურულ, თეატრალურ და სხვა შემოქმედებას. ამასთან მოსწავლეებს უნერგავდა დიდსულოვნებასა და პატრიოტიზმს.

   1946 წლის 24 თებერვალს დაჯილდოებული იქნა „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

    კონსტანტინე ჯორჯიკია გარდაიცვალა 1953 წლის 8 ოქტომბერს თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • საქართველოს „საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“, ქუთაისის განყოფილების გამგეობის დამფუძნებელი წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)

Awards and Honors

  • 1946 - "საპატიო ნიშნის" ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი

Share: