The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სერგი დავითის ძე ჯაფარიძე

სერგი დავითის ძე ჯაფარიძე
Legal name:სერგო დავითის ძე ჯაფარიძე
Other name:ს. ჯ-ძე  (Pseudonym)
Date of birth:5 January, 1871
Date of death:10 October, 1937  (at 66 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Lawyer, Founding member, Lawyer, Politician, Repressed

Biography

    სერგი ჯაფარიძე დაიბადა 1871 წლის 5 იანვარს (ძვ. სტ.) რაჭის მაზრის სოფელ ღარში, თავადის ოჯახში.  დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ხოლო უმაღლესი განათლება  ნოვოროსიიის უნივერსიტეტის (ქალაქი ოდესა) იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო.

    სერგი ჯაფარიძე  ქუთაისის საოლქო სასამართლოში ნაფიც ვექილად მუშაობდა და იყო ქალაქის თვითმმართველობის წევრი. 1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, ხოლო 1905 წლიდან მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1905 წლისათვის იყო რსდმპ ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში, რის გამოც დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს.

    1906 წელს ჯაფარიძე რუსეთის იმპერიის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს ქუთაისის გუბერნიიდან და იყო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. სათათბიროს დაშლის შემდეგ ხელი მოაწერა „ვიბორგის მოწოდებას“, რის გამოც დააპატიმრეს,და ხელმომწერ ყოფილ დეპუტატებთან ერთად სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ცხოვრობდა ქუთაისში და აგრძელებდა საადვოკატო და პარტიულ საქმიანობას.

    1911 წლიდან სერგი ჯაფარიძე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი“ გახლდათ და ჩართული იყო საზოგადოების საქმიანობაში.

    917 წლის თებერვალში კავკასიის ვექილთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ამავე წლის ნოემბერში იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი გახდა.

    1918 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო და პარალელურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმეთა მმართველის მოვალეობას ასრულებდა. 1919 წელს ქალაქ თბილისის ხმოსნად აირჩიეს.

    1919 წლის 12 მარტს სერგი ჯაფარიძე საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა იურიდიულ კომისიაში. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ ჯაფარიძე საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში იყო ჩაბმული.

    1922 წელს სერგი ჯაფარიძე საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკამ) კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააკავა და პატიმრობა მიუსაჯა. გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში.

    1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა ძალისმიერი მეთოდებით ზეწოლით მოახერხა მიეღო აღიარებითი ჩვენებები საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის და სხვა მოწინააღმდეგე პარტიების ყოფილი ლიდერებისაგან, მათ შორის დამფუძნებელი კრების დეპუტატებისაგან, რომელთა თანახმადაც საქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური პარტიული „ცენტრები“ (მენშევიკების, ესერების, ფედერალისტების...), რომლებიც კვლავ გაერთიანდნენ „პარიტეტულ კომიტეტში“ და მიზნად დაისახეს საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა შეიარაღებული გადატრიალებისა და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციის გზით. სერგი ჯაფარიძე ამ სიაში მოხვდა და „მენშევიკური კონტრრევოლუციური ცენტრის“ წევრობის ბრალდებით 1937 წელს თბილისში დააპატიმრეს.

   საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის 9 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯა და სასჯელი 10 ოქტომბრის ღამეს სისრულეში იქნა მოყვანილი.

Member of Organizations

  • თბილისის ქალაქის საბჭო, ხმოსანი (1919-)
  • კავკასიის ვექილთა საბჭო, თავმჯდომარე (1917-)
  • რუსეთის იმპერიის პირველი სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან (1906-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1904-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, "მენშევიკების" ფრაქციის წევრი (1905-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე (1905-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-1918)

Share: