The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ნიკო ვახტანგის ძე ჯაყელი

ნიკო ვახტანგის ძე ჯაყელი
ოფიციალური სახელი:თეოფანე ვახტანგის ძე ჯაყელი
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 1929  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

    ნიკო ჯაყელი დაიბადა 1862 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ საყვავისტყეში.

    ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის დასრულების შემდეგ იგი თბილისის ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტში შევიდა, რომლის კურსიც 1884 წელს წარმატებით დაამთავრა და ქალაქ შუშაში იქნა მასწავლებლად გამწესებული, მაგრამ მას გული სამშობლოსკენ მოუწევდა და მალევე ბათუმში გადადის. ბათუმში ნიკო ჯაყელი იყო მასწავლებელი, საზოგადო მოღვაწე, ყოველგვარი კულტურული საქმიანობის წამოწყების ენთუზიასტი, მოქმედი და მონაწილე ყველა საქველმოქმედო წრისა თუ საზოგადოებისა. ამ პერიოდში ბათუმში მოღვაწეობდნენ ისეთი ადამიანები როგორებიც იყვნენ: დავით კლდიაშვილი, გრიგოლ ვოლსკი, ლუკა ასათიანი, ივანე მესხი და სხვები. სხვადასხვა დროს ნიკო ჯაყელი მოღვაწეობდა ქუთაისში, კულაშში და ქობულეთში.

    80–იანი წლების ბათუმში არავითარი გასართობი და კულტურული დაწესებულება არ არსებობდა, გარდა ერთი სამოქალაქო სასწავლებლისა და "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სკოლისა, რომლისთვისაც შესაფერი შენობა ნიკო ცხვედაძის ხელმძღვანელობით იქნა აგებული და მისი ერთ–ერთი განმახორციელებელი იყო ნიკო ჯაყელი. მოგვიანებით, 90–იან წლებში ბათუმის მოსახლეობა გიმნაზიის გახსნას ითხოვდა, მაგრამ ხელისუფლება წინააღმდეგი იყო. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა გიმნაზია გაიხსნა და ამ დიდ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი ნიკო ჯაყელს ეკუთვნოდა, რომელიც შემდეგ ამავე სასწავლებლის ინსპექტორი და მუდმივი მოამაგე იყო. შეიძლება ითქვას, რომ სახალხო განათლების აჭარის მოღვაწეთა შორის ნიკო ჯაყელი იყო პირველი ინტელიგენტი თურქთა მონობიდან ახლად გამოხსნილ ამ კუთხეში განათლებისა და წერა–კითხვის გამავრცელებელი, რომელიც "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ დასახული გეზით მოქმედებდა.

    საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნიკო ჯაყელი ლენინის სახელობის ბათუმის საშუალო სკოლის გამგედ დაინიშნა.

    მხცოვანი საზოგადო მოღვაწე, დამსახურებული პედაგოგი და ახალი თაობის აღმზრდელი ნიკო ჯაყელი 1929 წლის 5 მაისს უეცრად გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრი (1913-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1913-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: